ვეტერინარული კლინიკები ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამაში ჩაერთვებიან
სურსათის ეროვნული სააგენტო ძაღლების ჰიპერპოპულაციის ჰუმანური მეთოდებით მართვის რეფორმის ფარგლებში შემუშავებულ სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ ყველა მხარესთან რეგულარულ შეხვედრებს მართავს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა გიორგი იაკობაშვილმა და სააგენტოს ვეტერინარებმა, ვეტერინარული კლინიკის ხელმძღვანელებს რეფორმის ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებები დეტალურად გააცნეს.
ყურადღება გამახვილდა ყველა რგოლის, მათ შორის ვეტერინარული კლინიკების ჩართულობის მნიშვნელობაზე. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში მიმდინარეობდა. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ პასუხები მიეღოთ დასმულ ყველა კითხვაზე. ვეტერინარული კლინიკების წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს, აქტიურად ჩაერთონ პროგრამით გათვალისწინებული ვეტერინარული მანიპულაციების, კერძოდ პატრონიანი ძუ ძაღლების სტერილიზაციის მანიპულაციის განხორციელების პროცესში.
„სექტორს ახალ ნორმატიულ აქტებთან დაკავშირებით მივაწოდეთ ინფორმაცია და განვუმარტეთ მათი ვალდებულებები და პასუხისმგებლობები. ვეტერინარული კლინიკების მხრიდან დასმულ ყველა შეკითხვას გაეცა კვალიფიციური პასუხი", - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა.
შეხვედრას ქვეყნის მასშტაბით არსებული ვეტერინარული კლინიკების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მონაწილეებმა სამუშაო ფორმატში ასევე განიხილეს ვეტერინართა სავალდებულო სერტიფიცირების მიმდინარეობა და სახელმწიფო კონტროლის ის ღონისძიებები, რომლებსაც სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.
ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის 2026 წლის პროგრამის მიზანია ცხოველთა მიკვლევადობის უზრუნველყოფა და ცოფის პრევენცია, რაც მნიშვნელოვანია როგორც შინაური ცხოველების, ასევე ადამიანის ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დასაცავად.
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია, საქართველოს მასშტაბით (გარდა თვითმმართველი ქალაქებისა), პატრონიანი ძაღლების ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ჩიპირება, ერთიან ბაზაში რეგისტრაცია და ძუ ძაღლების სტერილიზაცია;
უპატრონო/მიკედლებული ძაღლების (თბილისისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარდა), ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, იდენტიფიკაცია/რეგისტრაცია და კასტრაცია/სტერილიზაცია.
სინქრონი:
ლაშა ავალიანი- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე
მარიამ ჩხიკვიშვილი- ვეტერინარი-ექიმი, საქართველოს წვრილ ცხოველთა ვეტერინარიის ასოციაციის პრეზიდენტი
დათო ნანობაშვილი- ვეტერინარული კლინიკის „ბუნება" მთავარი ვეტერინარი
სხვა სიახლეები
დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას უმნიშვნელოვანესი ახალი ინსტრუმენტი დაემატება - მიხეილ სარჯველაძე
12.10.2026.15:26
„დევნილთა მიმართულებით უმნიშვნელოვანესი ახალი ინსტრუმენტი დაემატება ჩვენს შესაძლებლობებს და ვფიქრობ, რომ ეს ერთმნიშვნელოვნად ძალიან სწრაფ ტემპს შესძენს დევნილთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამას, რომელსაც ახორციელებს სააგენტო“ – აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მინისტრმა მთავრობის ინიციატივაზე ისაუბრა, რომელიც დევნილ ოჯახებს ფულადი კომპენსაციის მიღების საშუალებას სთავაზობს.
სიახლე განკუთვნილია იმ დევნილი ოჯახებისთვის, რომელთაც წარსულში არ მიუღიათ საცხოვრისი ან შესაბამისი კომპენსაცია. მათ ექნებათ შესაძლებლობა, სურვილის შემთხვევაში, სახელმწიფოსგან ოჯახის ერთ წევრზე 10 000 ლარის ოდენობის კომპენსაცია მიიღონ.
„დაწყებულია მუშაობა და უახლოეს დღეებში რეალურად გვექნება შესაძლებლობა, რომ დავიწყოთ განაცხადების მიღებაც და შესაბამისად, რეაგირებაც, რაც შეიძლება სწრაფი ტემპით. ამ დროში, ამ წლის დარჩენილ პერიოდშია გათვალისწინებული 58 მილიონი და ეს მართლაც ძალიან სწრაფი ტემპით უამრავი ოჯახის არსებული პრობლემის გადაჭრის რეალური და ქმედითი მექანიზმი გახლავთ“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
აღსანიშნავია, რომ ფულადი კომპენსაციების გაცემის პარალელურად გაგრძელდება საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა და „სოფლად სახლის“ პროგრამა იმ დევნილი ოჯახებისთვის, რომლებიც ფულადი კომპენსაციის მიღებაზე არ შეიტანენ განაცხადს.