ეთერ ლიპარტელიანი | ადამიანი, რომელიც არასოდეს ჩერდება - საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია
უნგრეთში გამართული მსოფლიო ჩემპიონატი ძიუდოში საქართველოსთვის ისტორიული გამოდგა: შერეულ გუნდურ პირველობაზე ჩვენი ნაკრები პირველად გახდა ოქროს მედლის მფლობელი დაიაპონიის ჰეგემონია დაასრულა, რომელიც პირველობას ზედიზედ შვიდი ტურნირის განმავლობაში არ თმობდა.
უდავო ფაქტია, რომ ქართველ ძიუდოისტებს შორის მთავარი სათქმელი ეთერ ლიპარტელიანმა თქვა. ლაშა გუჯეჯიანისა და გიორგი თენაძის მიერ შერჩეულ შემადგენლობაში ის იყო ერთადერთი, რომელმაც როგორც ინდივიდუალურ, ასევე შერეულ პირველობაზე, ყველა ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა. შედეგად, გახდა პირველი ქართველი ქალი, რომელმაც ძიუდოში, მსოფლიო ჩემპიონატში ოქროს მედლი მოიპოვა. ეს ეთერ ლიპარტელიანის ტურნირი იყო: მან გამართა 9 ბრძოლა, აქედან 8 შემთხვევაში კი იპონით გაიმარჯვა.
“მინდოდა, ბუდაპეშტში საქართველოს ჰიმნი ამეჟღერებინა”. ლიპარტელიანმა გამარჯვება სამშობლოს მიუძღვნა, მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ ეს მისი პირადი გამარჯვება იყო. ყოველთვის სჯეროდა, რომ მეტი შეეძლო, რომ ჯერ კიდევ არ ჰქონდა მიზნისთვის მიღწეული. შრომობდა თავდაუზოგავად, არ ჩერდებოდა და სწამდა, რომ მთავარი გამარჯვების წინ ელოდებოდა.
რა ქმნის წარმატებას? ვკითხოთ ადამიანებს, გნებავთ - ხელოვნურ ინტელექტს. პასუხად, მოვისმენთ უამრავ ალტერნატივას, თუმცა ყველაზე მეტი ხომ მათ ეთქმით, ვინც საკუთარ თავს სძლია და წარუმატებლობას საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვის შეტანის საშუალება არ მისცა. როგორც ლეგენდარული მაიკლ ჯორდანი ამბობს, მისგან ნატყორცნი 9000-ზე მეტი სროლა ფარში არ ჩავარდა, დამარცხდა 300-ზე მეტ შეხვედრაში და სწორედ ამ გზით მიაღწია წარმატებას.
ეთერ ლიპარტელიანის გზაც ასეთია. არის ახალგაზრდებს შორის მსოფლიო (2-გზის) და ევროპის ჩემპიონი, ახალგაზრდებს შორის ევროპის თასის მფლობელი, მაგრამ ახალგაზრდული ტურნირები, ასევე ტოკიოსა და პარიზის ოლიმპიადებზე მე-5 ადგილი მისთვის ვერასოდეს იქნებოდა საკმარისი: ის უმაღლეს კვარცხლბეკზე ოცნებობდა.
ჩვენ, გულშემატკივრები, ტელეეკრანებიდან ვხედავთ გამარჯვებას, რომლის მიღმაც უამრავი ქარტეხილით სავსე გზა იმალება. უშრეტი ძალა, ყოველი დღის ვარჯიშისთვის მიძღვნის ენთუზიაზმი, ამტანობა, გაუტეხლობა… საიდან მოდის ეს ყველაფერი? ლიპარტელიანის პასუხია: "ესაა ალბათ ცხოვრების არსი - ყოველთვის გქონდეს მიზანი და მიისწაფვოდე მისკენ”.
ეთერ, იგივე ეთო ლიპარტელიანი. ეთო, კვარა, მამარდა და სხვები… სპორტის ძალა ასეთია: უცნობი ადამიანები ჩვენთვის ახლობლები ხდებიან. თავს ვაძლევთ უფლებას, ისე ვუწოდოთ, როგორც საკუთარ მეგობრებსა თუ ახლობლებს, ისე ვუქომაგოთ და ვინერვიულოთ მათზე, როგორც ოჯახის წევრებზე და მათი გამარჯვება გავიზიაროთ. და ასეცაა, ეს ქვეყნის გამარჯვებაა, რადგან ისტორიის ასეთი ფურცლები ყველასთვის მარტივად გასაგებ მაგალითს გვაძლევს: ეთერ ლიპარტელიანი პირველი ქართველი მსოფლიო ჩემპიონია და დღეს, ძიუდოთი თუ სხვა ნებისმიერი საქმიანობით დაკავებულმა ქალმა თუ გოგონამ, კაცმა თუ ვაჟმა, ყველამ იცის: თუკი არ გაჩერდები, დიდი წარმატება ყველასთვის შესაძლებელია.
საქართველოს ბანკი ყოველთვის და ყველგან მხარს უჭერს ადამიანებს, რომლებიც არ ჩერდებიან. სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი საქართველოს ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია.
სხვა სიახლეები
საბრძოლო სპორტის მსოფლიო ვარსკვლავები უკვე საქართველოში არიან - თბილისი RAF Georgia-ს მასპინძლობისთვის ემზადება
07.07.2026.17:41
მსოფლიოს ყველაზე ცნობილი მოჭიდავეები და საბრძოლო სპორტის ვარსკვლავები უკვე საქართველოში იმყოფებიან და 11 ივლისს დაგეგმილი საერთაშორისო ტურნირისთვის - RAF Georgia-სთვის ემზადებიან.
თბილისი თავისუფალი სტილით ჭიდაობის საერთაშორისო ტურნირს - RAF Georgia-ს უმასპინძლებს, რომელიც სპორტულ სამყაროში ერთ-ერთ გამორჩეულ მოვლენად მიიჩნევა.
Real American Freestyle - RAF-ის ტურნირი ამერიკის შეერთებული შტატების ფარგლებს გარეთ პირველად იმართება, რაც ღონისძიებას განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს. ტურნირში მონაწილეობს მსოფლიო დონის 24 სპორტსმენი, მათ შორის ოლიმპიური და მსოფლიო ჩემპიონები, საერთაშორისო ვარსკვლავები და საბრძოლო სპორტის ყველაზე ცნობილი წარმომადგენლები. მონაწილეთა შორის არიან: მერაბ დვალიშვილი, ჰენრი სეხუდო, კაილ სნაიდერი, კაილ დეიკი, აბდულრაშიდ სადულაევი, გენო პეტრიაშვილი, გივი მაჭარაშვილი, არმან ცარუკიანი და სხვა გამორჩეული მოჭიდავეები.
ღონისძიების მიმართ განსაკუთრებულად მაღალი ინტერესია, როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისო სპორტულ საზოგადოებასა და მედიაში. ღონისძიება პირდაპირ ეთერში გადაიცემა ტელეკომპანია „იმედის“ მეშვეობით, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში მაყურებელი მის ხილვას შეძლებს Fox Nation-ის პლატფორმაზე. ამასთანავე, უზრუნველყოფილი იქნება პირდაპირი ინტერნეტტრანსლაცია სხვადასხვა ციფრული არხის საშუალებით, რაც მსოფლიოს მასშტაბით ასეულობით ათას გულშემატკივარს მისცემს შესაძლებლობას, თვალი ადევნოს ტურნირს.
წონითი კატეგორიები: უმსუბუქესი წონა (Bantamweight - ქალები) - 53-57 კგ-მდე, ქვემსუბუქი წონა (Featherweight) - 65 კგ-მდე, მჩატე წონა (Lightweight) - 70-74 კგ-მდე, საშუალო წონა (Middleweight) - 86 კგ-მდე, ნახევრად მძიმე წონა (Light Heavyweight) - 97 კგ-მდე, პირველი მძიმე წონა (Cruiserweight) - 9-100 კგ და მძიმე წონა (Heavyweight) - 125 კგ-მდე.
ტურნირში მონაწილე ყველა სპორტსმენი მიიღებს ფულად ჯილდოს, როგორც გამარჯვებული, ისე დამარცხებული. გარდა ამისა, გაიმართება სამი საჩემპიონო ბრძოლა, სადაც მონაწილეები ჩემპიონის ქამრის მოსაპოვებლად იასპარეზებენ: 1. სნაიდერი vs. სადულაევი, 2. დეიკი vs გამყრელიძე, 3. მაროულისი vs. ლისაკი.
RAF Georgia მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება ჭიდაობის, როგორც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ტრადიციული სპორტის სახეობის, საერთაშორისო პოპულარიზაციის მიმართულებით. ღონისძიება მსოფლიო დონის სპორტსმენების მონაწილეობით ხელს შეუწყობს ქართველი მოჭიდავეების მიღწევების წარმოჩენას, მათი წარმატებების საერთაშორისო აუდიტორიამდე მიტანასა და ქართული ჭიდაობის ავტორიტეტის კიდევ უფრო განმტკიცებას.
ამასთანავე, ღონისძიება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს საქართველოს, როგორც მაღალი დონის საერთაშორისო სპორტული ღონისძიებების მასპინძელი ქვეყნის, პოზიციონირებას. პროექტი დადებით გავლენას მოახდენს სპორტული ტურიზმის განვითარებაზე, საერთაშორისო ვიზიტორებისა და მედიის წარმომადგენლების მოზიდვაზე, რაც, თავის მხრივ, გააძლიერებს ქვეყნის სპორტულ, კულტურულ და ტურისტულ იმიჯს საერთაშორისო ასპარეზზე.
RAF Georgia-ს სპონსორები არიან: გენერალური სპონსორი - Leader-bet, ასევე: biletebi.ge. ALMA, Bene, ტელეკომპანია იმედი.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან: სპორტის სამინისტრო, თბილისის მერია და ტურიზმის ადმინისტრაცია.