ევრობასკეტი რიცხვებში: როგორია საქართველოს შედეგები?
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.
ცხელი ზაფხულის შემდეგ, სექტემბერიც მიიწურა და სპორტის სხვადასხვა სახეობებში მორიგი საინტერესო სეზონი დაიწყო. თითქოს ყველაფერი ნანახი გვაქვს, მაგრამ სპორტი ამოუწურავი სანახაობაა - მყარდება მიუწვდომელი რეკორდები, სცენას კი ახალი ვარსკვლავები იპყრობენ. ერთი სიტყვით, თანამედროვე, გადატვირთული კალენდრიდან გამომდინარე, სპორტის ქომაგებს მოსაწყენად საქმე არასოდეს აქვთ.
გასული თვის დასაწყისში, ევრობასკეტი 2025 უკვე ძალიან აქტიური იყო და ქართველი ქომაგის ყურადღება კვიპროსისკენ იყო მიპყრობილი. ზედიზედ მეოთხედ, ტურნირს 4 ქვეყანა მასპინძლობდა, C ჯგუფის მატჩები კი ლიმასოლში იმართებოდა. უკვე დამცხრალი ემოციებით, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევრობასკეტი 2025 ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და სენსაციებით სავსე ტურნირი გამოდგა, სადაც კი საქართველოს გუნდურ სპორტში უასპარეზია. ჩვენმა ნაკრებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და ისტორიული შედეგიც დააფიქსირა.
ტურნირის დაწყებამდე, გამარჯვების ჟინზე ვსაუბრობდით - ყველა წინაღობის დამძლევ ენერგიაზე, რომელიც დანებებას არ ცნობს. იყო სკეპტიკური მოლოდინებიც, მაგრამ საბოლოო ჯამში, ამ შემართებისა და ძალის გვჯეროდა. ამიტომაც შეუძლებელია, განსაკუთრებული აღნიშვნის გარეშე ვისაუბროთ ევროპის მოქმედი ჩემპიონის, ესპანეთის დამარცხების, ასევე, პლეი-ოფში, საფრანგეთის გამოთიშვის შესახებ - პატარა ქვეყანამ საკალათბურთო გრანდები გააწბილა და 2 დიდი სენსაციის ავტორი გახდა. ეს იყო დღეები, რომელსაც არასოდეს დავივიწყებთ - მომენტები, როდესაც იჯერებ, რომ შეუძლებელი მართლაც არაფერია.
ისევე როგორც ყველაფერი (მაგალითად, ხმა ან მუსიკა, რომელიც ახლა ჩაგესმით) - ჟინიც, თავდაჯერებაც, გამარჯვებაც ციფრებისა და რიცხვების ერთობლიობაა. მაგალითისთვის, გეტყვით, რომ საქართველოს ესპანეთი უკვე 2-ჯერ ჰყავს დამარცხებული - თანაც, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე. მესამე მცდელობიდან, საფრანგეთი პირველად დავამარცხეთ, თუმცა ოფიციალურ შეხვედრაში, ჩვენი გზები პირველად გადაიკვეთა.
სულ ცოტა დააკლდა თორნიკე შენგელიას, რომ ლეგენდარული ოთარ ქორქიას რეკორდი გადაეწერა და გამხდარიყო საუკეთესო ქართველი მექულე ევრობასკეტის ისტორიაში. ევრობასკეტის 3-გზის ჩემპიონ (1947, 1951, 1953) ქორქიას 32 მატჩში 357 ქულა აქვს მოპოვებული, შენგელიამ კი 347 ქულას 26 შეხვედრაში მოუყარა თავი. ცხადია, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, შენგელია ერთპიროვნული ლიდერია, მეორე პოზიციაზე კი გიორგი შერმადინი იმყოფება (36 მატჩი, 256 ქულა).
2025 წლის ევრობასკეტზე, ნაკრების საუკეთესო მექულეები გოგა ბითაძე (საშ. 15.8) და სანდრო მამუკელაშვილი (15.3) იყვნენ. საჯარიმოების ზუსტი ტყორცნის მაჩვენებელი ჩინებული ჰქონდა კამარ ბოლდუინს (90.9%), 2-ქულიანებში გოგა ბითაძე (70%), 3-ქულიანებში კი თორნიკე შენგელია (52.4%) გამოირჩნენ. ბოლდუინი ასრულებდა ყველაზე მეტ ასისტს (4), მოხსნებში ლიდერობდა მამუკელაშვილი (6.6), ბლოკში კი - ბითაძე (1.8).
საქართველოსთვის, ეს ზედიზედ მე-6 ევრობასკეტი იყო და მთელი ამ დროის განმავლობაში, გიორგი შერმადინი გუნდთან ერთად იმყოფებოდა - ის ერთადერთი ქართველია, რომელმაც ნაკრების მაისური ევროპის 6 საკალათბურთო ჩემპიონატზე მოირგო.
ამ დროის განმავლობაში, ერთგვარი ტენდენცია ჩამოყალიბდა: საქართველო ევრობასკეტის პირველ მატჩში იმარჯვებს (არც ევროპის მოქმედ ჩემპიონს, არც ვერცხლისმედალოსან ლიეტუვას ვუფრთხით). ეს ჰარმონია 2015-სა და 2022-ში დაირღვა, როდესაც ნიდერლანდებთან და ბელგიასთან დავმარცხდით.
საერთო ჯამში, ევრობასკეტზე საქართველოს 36 მატჩი აქვს გამართული, სადაც 11 გამარჯვება მოიპოვა. პლეი-ოფში 2-ჯერ ვითამაშეთ - 2015-ში ლიეტუვას ვეთამაშეთ და უზომოდ დაძაბულ მატჩში, ანგარიშით 85:81 დავმარცხდით, 1/4 ფინალში კი ერთადერთხელ, 2025-ში გავედით.
ჟინი არასდროს ჩერდება. წინ კიდევ ბევრი გამარჯვება გველოდება. თუმცა ამჯერად, ჩვენი რუბიკონი 1/2 ფინალი იქნება.
საქართველოს ბანკი საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია.
სხვა სიახლეები
„ბორჯღალოსნები“ ნოემბერში სამ საშინაო მატჩს გამართავენ
14.09.2026.08:20
„ბორჯღალოსნები“ ნოემბერში სამ საშინაო მატჩს გამართავენ.
მსოფლიო რაგბის ერთა თასი 2026-ის ფარგლებში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე, ქართველი გულშემატკივრის წინ ითამაშებს. ტურნირის მეორე, წლის დასკვნით ეტაპზე, ბორჯღალოსნები შეხვედრებს თბილისში, „ავჭალასა“ და „მიხეილ მესხზე“ გამართავენ.
საქართველომ ერთა თასის პირველი სამი შეხვედრა ზაფხულში, სამხრეთ ამერიკულ ტურნეზე გამართა, სამი გამარჯვება მოიპოვა და ევროპის, აზიისა და აფრიკის ჯგუფს 14 ქულით ლიდერობს. კიდევ ერთი დაუმარცხებელი გუნდი შეერთებული შტატებია, რომელმაც ასევე 14 ქულა მოაგროვა და ამერიკა - წყნარი ოკეანის ჯგუფში პირველ ადგილზეა. ნოემბრის მატჩების შემდეგ, ჯგუფებში პირველ ადგილზე გასული ნაკრებები ერთა თასის პირველ ჩემპიონებად გამოცხადდებიან.
ნოემბრის კამპანიას ბორჯღალოსნები 7 ნოემბერს გახსნიან და “ავჭალაზე” კანადას დაუხვდებიან; 14 ნოემბერს ასევე “ავჭალაზე” ტონგას შეერკინებიან; ხოლო 21 ნოემბერს აშშ-ს “მიხეილ მესხზე” სატიტულო მატჩში შეხვდებიან.
შეგახსენებთ, ერთა თასის 12 მონაწილე გუნდი, გეოგრაფიული პრინციპით ორ ჯგუფში არიან განაწილებული. ა ჯგუფი (ამერიკის და წყნარი ოკეანის) კანადას, ჩილეს, სამოას, ტონგას, ურუგვაის და აშშ-ს აერთიანებს; ბ ჯგუფში (ევროპა, აზია და აფრიკა) საქართველო, ჰონკონგი, ზიმბაბვე, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი მოხვდნენ.
თითოეული გუნდი ივლისისა და ნოემბრის ფანჯარაში წრიული ფორმატით, მეორე ჯგუფის ყველა გუნდს დაუპირისპირდება, რის შემდეგაც ორივე ჯგუფში პირველ ადგილზე გასული გუნდი ერთა თასის პირველ ჩემპიონად გამოცხადდება.