გიგაური მსოფლიო ჩემპიონია | ახალგაზრდა ჯუდოკას შესანიშნავი ასპარეზობა - საქართველოს ბანკი ეროვნული ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია
საქართველოს 20-წლამდე ჯუდოკათა ნაკრების წევრი, თორნიკე გიგაური (66 კგ.), ახალგაზრდებში მსოფლიო ჩემპიონი გახდა. პერუს დედაქალაქ ლიმაში გამართულ ტურნირზე, სადაც ახალგაზრდა ჯუდოკები იღებენ მონაწილეობას, ქართველმა მებრძოლმა შესანიშნავი პერფორმანსი შემოგვთავაზა და ოქროს მედალს დაეუფლა.
ფინალურ შეხვედრაში, გიგაური ნეიტრალური დროშით მოასპარეზე აბხულახ პარშიევს დაუპირისპირდა და იპონით დაამარცხა. ბრძოლის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე, პარშიევი ვაზარით იგებდა, თუმცა გიგაურის შესანიშნავ გდებას ვერაფერი დაუპირისპირა.
ჯუდოს საერთაშორისო ფედერაციას (IJF) ქართველი ტალანტის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაუშურებია: “ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ორი “ანდერდოგი” დაუპირისპირდა. მათ დაამტკიცეს, რომ მსოფლიო დონეზე ყველაფერი შესაძლებელია.გიგაურმა ქართული ჯუდოკასთვის დამახასიათებელი სიმტკიცე და ფეთქებადობა შემოგვთავაზა”.
გიგაურის გამძლეობა და უტეხობა უთუოდ აღსანიშნავი დეტალია - გიგაურმა მედლის მოპოვებამდე, დიდი გზა გაიარა: დაამარცხა ყაზახი, ლიეტუველი და უზბეკი მეტოქეები, შემდეგ კი ორ ურთულეს ბრძოლაში გაიმარჯვა. ახლა უკვე მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მფლობელი ჯუდოკა, როგორც ფინალურ, ასევე ნახევარფინალურ შეხვედრაში მარცხდებოდა, თუმცა ორივე შემთხვევაში, ტატამიდან გამარჯვებული გამოვიდა.
ნახევარფინალში, გიგაური აზერბაიჯანელ ნიზამი იმრანოვს დაუპირისპირდა და მაშინ, როდესაც ვაზარითა და 2 იუკოთი აგებდა, მეტოქეს იპონი გაუკეთა. თითქმის ანალოგიური რამ მოხდა ფინალშიც, სადაც პარშიევს ანგარიშზე ვაზარი და იუკო ჰქონდა, თუმცა გიგაურმა ისიც ბეჭებზე გააკრა და ლიმაში საქართველოს ჰიმნი გააჟღერა.
ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ სპორტსმენებს. საქართველოს ბანკი ეროვნული ოლიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორია.
სხვა სიახლეები
რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო განახლებული სარაგბო ინფრასტრუქტურით შეხვდება
15.06.2026.16:03
„საქართველოში ივნის-ივლისში მსოფლიოს ჩემპიონატი მცირე ასაკის მორაგბეებს შორის ტარდება, რაც ქვეყნისთვის, თავისთავად, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, რაგბის ფედერაციასთან ერთად, უმოკლეს ვადაში ხუთი სტადიონის რეაბილიტაცია განახორციელა. იმედი მაქვს, ღონისძიება საქართველოში ღირსეულად ჩაივლის და წარმატებას ვუსურვებ ქართველ მორაგბეებს ამ ჩემპიონატზე,“ - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ავჭალის სარაგბო ბაზაზე ჩატარებული სამუშაოების დათვალიერების შემდეგ.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი 2026 წლის ივნის-ივლისში დაგეგმილი რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს ასრულებს. მიმდინარე სამუშაოები ადგილზე ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა დავით კაჭარავამ და რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ვასილ აბაშიძემ დაათვალიერეს.
მსოფლიო ჩემპიონატისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტრო რაგბის სამი სპორტული კომპლექსის რეაბილიტაციას ახორციელებს, რაც ჯამში ხუთ სათამაშო მოედანს მოიცავს. სამუშაოები მიმდინარეობს თბილისში, ავჭალისა და „შევარდენის“ სარაგბო კომპლექსებში, ასევე ქუთაისში, „აიას“ კომპლექსში შემავალ სამ სტადიონზე. ხუთივე სტადიონზე უკვე დასრულებულია უმაღლესი ხარისხის ჰიბრიდული საფარის მოწყობა და მიმდინარეობს მისი მოვლა-პატრონობის სამუშაოები. ჰიბრიდული საფარი საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და ინტენსიური დატვირთვის პირობებშიც უზრუნველყოფს მოედნების გამძლეობასა და მაღალი ხარისხის სათამაშო გარემოს.
გარდა საფარისა, პროექტები ითვალისწინებს ადმინისტრაციული შენობების, ტრიბუნების, გასახდელების, სველი წერტილების, ფასადებისა და განათების სისტემების განახლებას, ასევე გარე და დამხმარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას.
ავჭალის სარაგბო კომპლექსში ტრიბუნებზე სკამების მონტაჟი პრაქტიკულად დასრულებულია, დასრულებულია სველი წერტილების მოწყობის სამუშაოებიც და მიმდინარეობს გარე ფასადის მოწყობა.
მინისტრმა ასევე ისაუბრა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე და აღნიშნა, რომ ფონდს, ჯამში, 22 რაგბის ტექნიკური ცენტრის პროექტირება და მშენებლობა აქვს დაგეგმილი, საიდანაც 12 ლოკაციაზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
„ჩვენ, ზოგადად, სპორტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ და სულ რამდენიმე წელიწადში საქართველოს შესაძლოა უკვე გაცილებით უფრო მასშტაბური, მსოფლიო დონის სპორტული ღონისძიებების მასპინძლობის შესაძლებლობა ჰქონდეს. ეს მნიშვნელოვანია როგორც სპორტის პოპულარიზაციისა და ტურიზმის განვითარებისთვის, ისე, პირველ რიგში, თავად სპორტის შემდგომი განვითარებისთვის,“ - განაცხადა რევაზ სოხაძემ.