კმაყოფილი ვარ თამაშით, განსაკუთრებით პირველი ტაიმით - ვილი სანიოლი
კმაყოფილი ვარ თამაშით, განსაკუთრებით პირველი ტაიმით. მეორე ნახევარში ასეთი ინტენსივობის შენარჩუნება რთული იყო, მაგრამ საბოლოოდ, კმაყოფილი ვარ, - განაცხადა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სომხეთის ნაკრებთან მოგებული თამაშის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, ახლა მთავარია შემოდგომის თამაშებისთვის მოემზადონ.
„კმაყოფილი ვარ თამაშით, განსაკუთრებით პირველი ტაიმით. მეორე ნახევარში ასეთი ინტენსივობის შენარჩუნება რთული იყო, მაგრამ საბოლოოდ, კმაყოფილი ვარ, მათ შორის, შეცვლაზე შესული მოთამაშეებით.
არის თუ არა მიქაუტაძე საუკეთესო ფორმაში? დიახ, ასეა, მაგრამ ის ჯერ ახალგაზრდა მოთამაშეა და კიდევ უფრო უკეთესი იქნება თუ თავის კლუბში უფრო მეტს ითამაშებს. მისი მენტალიტეტიც ასეთია, გამარჯვებულია და მიღწეულით არასდროს კმაყოფილდება.
რაც შეეხება შეცვლილ ტაქტიკას და ოთხ მცველზე გადასვლას, როგორც გოგლიჩიძემ, ასევე ლოჩოშვილმა ერევანში ძალიან კარგად ითამაშეს. საბას სახით კი ძალიან პერსპექტიული მოთამაშე შეგვემატა. ახლა მთავარია შემოდგომის თამაშებისთვის მოვემზადოთ. მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, რომ ახლა ძნელია სკამზე დავსვათ. მესმის, რომ შესაძლოა ყველა თავდამსხმელს მეტი სათამაშო დრო უნდა, მაგრამ ვურჩევდი, მეტი იშრომონ და სათამაშო დროს აუცილებლად მიიღებენ“, - აღნიშნა ვილი სანიოლმა.
საქართველოს და სომხეთის ნაკრებების მატჩი საქართველოს სასარგებლოდ ანგარიშით 6:1 დასრულდა.
სხვა სიახლეები
რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო განახლებული სარაგბო ინფრასტრუქტურით შეხვდება
15.06.2026.16:03
„საქართველოში ივნის-ივლისში მსოფლიოს ჩემპიონატი მცირე ასაკის მორაგბეებს შორის ტარდება, რაც ქვეყნისთვის, თავისთავად, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, რაგბის ფედერაციასთან ერთად, უმოკლეს ვადაში ხუთი სტადიონის რეაბილიტაცია განახორციელა. იმედი მაქვს, ღონისძიება საქართველოში ღირსეულად ჩაივლის და წარმატებას ვუსურვებ ქართველ მორაგბეებს ამ ჩემპიონატზე,“ - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ ავჭალის სარაგბო ბაზაზე ჩატარებული სამუშაოების დათვალიერების შემდეგ.
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი 2026 წლის ივნის-ივლისში დაგეგმილი რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ სამუშაოებს ასრულებს. მიმდინარე სამუშაოები ადგილზე ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შონიამ, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა დავით კაჭარავამ და რაგბის კავშირის აღმასრულებელმა დირექტორმა ვასილ აბაშიძემ დაათვალიერეს.
მსოფლიო ჩემპიონატისთვის ინფრასტრუქტურის სამინისტრო რაგბის სამი სპორტული კომპლექსის რეაბილიტაციას ახორციელებს, რაც ჯამში ხუთ სათამაშო მოედანს მოიცავს. სამუშაოები მიმდინარეობს თბილისში, ავჭალისა და „შევარდენის“ სარაგბო კომპლექსებში, ასევე ქუთაისში, „აიას“ კომპლექსში შემავალ სამ სტადიონზე. ხუთივე სტადიონზე უკვე დასრულებულია უმაღლესი ხარისხის ჰიბრიდული საფარის მოწყობა და მიმდინარეობს მისი მოვლა-პატრონობის სამუშაოები. ჰიბრიდული საფარი საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება და ინტენსიური დატვირთვის პირობებშიც უზრუნველყოფს მოედნების გამძლეობასა და მაღალი ხარისხის სათამაშო გარემოს.
გარდა საფარისა, პროექტები ითვალისწინებს ადმინისტრაციული შენობების, ტრიბუნების, გასახდელების, სველი წერტილების, ფასადებისა და განათების სისტემების განახლებას, ასევე გარე და დამხმარე ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობას.
ავჭალის სარაგბო კომპლექსში ტრიბუნებზე სკამების მონტაჟი პრაქტიკულად დასრულებულია, დასრულებულია სველი წერტილების მოწყობის სამუშაოებიც და მიმდინარეობს გარე ფასადის მოწყობა.
მინისტრმა ასევე ისაუბრა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე და აღნიშნა, რომ ფონდს, ჯამში, 22 რაგბის ტექნიკური ცენტრის პროექტირება და მშენებლობა აქვს დაგეგმილი, საიდანაც 12 ლოკაციაზე სამუშაოები უკვე მიმდინარეობს.
„ჩვენ, ზოგადად, სპორტული ინფრასტრუქტურის მიმართულებით მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებთ და სულ რამდენიმე წელიწადში საქართველოს შესაძლოა უკვე გაცილებით უფრო მასშტაბური, მსოფლიო დონის სპორტული ღონისძიებების მასპინძლობის შესაძლებლობა ჰქონდეს. ეს მნიშვნელოვანია როგორც სპორტის პოპულარიზაციისა და ტურიზმის განვითარებისთვის, ისე, პირველ რიგში, თავად სპორტის შემდგომი განვითარებისთვის,“ - განაცხადა რევაზ სოხაძემ.