ლევან კობიაშვილი ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, ფიფას ტექნიკური განვითარების კომიტეტს უხელმძღვანელებს. კომიტეტის მიზანია ფიფას წევრი ქვეყნების ასოციაციების მხარდაჭერა და ფეხბურთის განვითარება ყველა დონეზე. კომიტეტი ფიფას წევრი ქვეყნების 24 წარმომადგენელს აერთიანებს, სადაც ძირითადად სხვადასხვა ქვეყნის ფედერაციის პრეზიდენტები არიან მიწვეული. აღნიშნულ პოზიციას საქართველოს წარმომადგენელი პირველად დაიკავებს.
სფფ-ის გენერალური მდივანი, დავით მუჯირი, მამაკაცთა ეროვნული ნაკრებების საშეჯიბრო კომიტეტის წევრი იქნება. კომიტეტი პასუხისმგებელია მაღალი რანგის ტურნირების გამართვაზე, აგრეთვე ფორმატისა და სხვა საორგანიზაციო საკითხების ორგანიზებაზე. აღნიშნულ კომიტეტებში საქმიანობა ოთხი წლის ვადით, 2025-2029 წლით განისაზღვრა. კომიტეტი ამ ეტაპზე ფიფას წევრი ქვეყნების 19 წარმომადგენელს აერთიანებს.
ფიფას პარალელურად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და გენერალური მდივანი საქმიანობას აგრძელებენ ევროპული ფეხბურთის მმართველ ორგანოში. 2023 წლიდან ლევან კობიაშვილი უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრია. სფფ-ის პრეზიდენტი ასევე ხელმძღვანელობს უეფას ფეხბურთის კომიტეტს, რომლის წევრები ასევე არიან ვეტერანი ფეხბურთელები. მათ შორის, ლუიშ ფიგუ, დემეტრიო ალბერტინი, დეიან სავიჩევიჩი, ვლადიმირ შმიცერი და თეოდოროს ზაგორაკისი.
დავით მუჯირი კი, ფეხბურთის განვითარების და ტექნიკური მხარდაჭერის კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარეა. ლევან კობიაშვილთან და დავით მუჯირთან ერთად, უეფას კომიტეტებში სფფ-ის კიდევ ოთხი წარმომადგენელია. სფფ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კახა ჭუმბურიძე ეროვნული ასოციაციების კომიტეტის წევრია, ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი ახალგაზრდული და სამოყვარულო ფეხბურთის, ვიცე-პრეზიდენტი აკაკი ალადაშვილი იურიდიული კომიტეტის, ხოლო ოთარ გიორგაძე - მედიის კომიტეტის წევრია.
სხვა სიახლეები
საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ ბაზის რეაბილიტაციისათვის პროექტირება იწყება
13.07.2026.17:48
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმა კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან. მომსახურების ვადად 6 თვე განისაზღვრა.
პროექტის მიხედვით, საჩხერის საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ არსებული სამწვრთნელო ბაზა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, სრულფასოვნად განახლდება.
რეაბილიტაციის პროექტი მოიცავს საფეხბურთო მოედნის, შენობებისა და ტრიბუნების რეკონსტრუქციას, ხელოვნური საფარის შეცვლას, მოედნებს შორის გამყოფი ღობის მოწყობას, ავარიული შენობის დემონტაჟს, ახალი ნაგებობის აშენებას და არსებული შენობის სრულ განახლებას.
პროექტის მიხედვით დაიგეგმება ტერიტორიაზე საინჟინრო, ტექნოლოგიური და განათების თანამედროვე სისტემების მოწყობა.
საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ ბაზის რეაბილიტაციის შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება კლუბის ინფრასტრუქტურა, რაც ხელს შეუწყობს საჩხერის მუნიციპალიტეტში ფეხბურთის განვითარებას.