„ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონია დღეს გაიმართება - ნომინანტებს შორის გიორგი მამარდაშვილია
2023/2024 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელების დაჯილდოების ცერემონია დღეს გაიმართება.
წელს პირველად ჟურნალი France Football-ი ჯილდოებს FIFA-ს ნაცვლად UEFA-სთან ერთად გადამცემს. ასევე, 2003 წელიდან პირველად ნომინანტებს შორის არ არიან არც პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ, არც არგენტინელი ლიონელ მესი.
გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციაში გამოვლინდება. საუკეთესო მეკარე ლევ იაშინის ჯილდოს მიიღებს. ნომინანტებს შორის არის საქართველოს ეროვნული ნაკრების გოლკიპერი გიორგი მამარდაშვილი. მისი კონკურენტები არიან: ემილიანო მარტინესი, პორტუგალიელი დიოგუ კოშტა, იტალიელი ჯანლუიჯი დონარუმა, შვეიცარიელები გრეგო კობელი და იან ზომერი, უკრაინელი ანდრეი ლუნინი, ფრანგი მაიკ მენიანი, ესპანელი უნაი სიმონი და სამხრეთაფრიკელი რონვენ უილიამსი.
ცერემონია პარიზში, თბილისის დროით 23:15 საათზე დაიწყება.
სხვა სიახლეები
საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ ბაზის რეაბილიტაციისათვის პროექტირება იწყება
13.07.2026.17:48
ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შესაბამისი ხელშეკრულება გააფორმა კონკურსში გამარჯვებულ კომპანიასთან. მომსახურების ვადად 6 თვე განისაზღვრა.
პროექტის მიხედვით, საჩხერის საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ არსებული სამწვრთნელო ბაზა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, სრულფასოვნად განახლდება.
რეაბილიტაციის პროექტი მოიცავს საფეხბურთო მოედნის, შენობებისა და ტრიბუნების რეკონსტრუქციას, ხელოვნური საფარის შეცვლას, მოედნებს შორის გამყოფი ღობის მოწყობას, ავარიული შენობის დემონტაჟს, ახალი ნაგებობის აშენებას და არსებული შენობის სრულ განახლებას.
პროექტის მიხედვით დაიგეგმება ტერიტორიაზე საინჟინრო, ტექნოლოგიური და განათების თანამედროვე სისტემების მოწყობა.
საფეხბურთო კლუბ „ჩიხურას“ ბაზის რეაბილიტაციის შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება კლუბის ინფრასტრუქტურა, რაც ხელს შეუწყობს საჩხერის მუნიციპალიტეტში ფეხბურთის განვითარებას.