საქართველოს ეროვნული ნაკრები თურქეთში ჩავიდა
საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები უკვე თურქეთშია. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩში გუნდი თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ფეხბურთელები დღეს ქოჯაელის სტადიონზე მატჩისწინა ვარჯიშს ჩაატარებენ. ტრადიციულად, საწვრთნელი პროცესის დაწყებამდე გაიმართება საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის პრესკონფერენციაც.
შეხვედრა ხვალ, 14 ოქტომბერს ქალაქ იზმითში, საქართველოს დროით 22:45 სთ-ზე დაიწყება. ცნობილი ხდება, რომ მატჩს რუმინელი რადუ პეტრესკუ იმსაჯებს. მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მესამე შეხვედრა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთის წინააღმდეგ შაბათს გამართა. ელჩეში ჩატარებული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით, 2:0 დასრულდა.
სხვა სიახლეები
გურამ კაშია საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ბოლო მატჩს დღეს ჩაატარებს
02.06.2026.11:18
საქართველოს ეროვნული ნაკრები დღეს რუმინეთთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მატჩამდე ერთი დღით ადრე გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში შეხვედრის მასპინძელ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართა.
დღევანდელი მატჩი ეროვნული ნაკრების კაპიტნის, გურამ კაშიას ბოლო, 129-ე იქნება გუნდის შემადგენლობაში.
„შეგუებული ვარ, რომ ხვალინდელი მატჩი ჩემთვის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ბოლო იქნება. გული არაფერზე მწყდება. ძალიან იღბლიანი კარიერა მქონდა, ბევრ რამეს მივაღწიე და მინდა, ეს ყველაფერი გულშემატკივრებთან ერთად აღვნიშნო. იმ პერიოდიდან, როდესაც ნაკრებში მოვედი, დღემდე საოცარი პროგრესი განვიცადეთ. ფეხბურთის ფედერაცია მუდმივად ცდილობს, რომ განვითარებაში ყველამ თავისი წვლილი შეიტანოს და სწორედ ამ ერთობლივი მუშაობის შედეგად მივაღწიეთ უდიდეს წარმატებას.
ბოლო ერთი წელი ისეთი არ იყო, როგორც დაგეგმილი გვქონდა, თუმცა დიდი წარმატებების შემდეგ გარკვეული წარუმატებლობა სრულიად ბუნებრივი პროცესია. მოვიდა თაობა, რომელსაც ძალიან ბევრი შეუძლია, თუმცა ამისთვის მეტი გამოცდილება სჭირდება. გუნდი სწორედ ამ გამოცდილების დაგროვების პროცესშია და ვფიქრობ, სექტემბრის შემდეგ სრულიად სხვა სახეს მიიღებს.
ნაკრები ახალ ეტაპს დაიწყებს და დარწმუნებული ვარ, იმ წარმატების გამეორება, რომელსაც ევროპის ჩემპიონატზე მივაღწიეთ, სრულიად რეალურია“, - განაცხადა კაშიამ პრესკონფერენციაზე.
საქართველოსა და რუმინეთის ეროვნული ნაკრებების ამხანაგური მატჩი 2 ივნისს, 21:00 საათზე, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.