25 ადგილზე 500 აპლიკაცია - რამ განაპირობა Lineate Dev School-ის კურსზე მზარდი მოთხვნა
Lineate Dev School-ის სტუდენტების პირველმა ნაკადმა სწავლა უკვე დაასრულა და სკოლა შემოდგომიდან ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება. Lineate Dev School-ი ეს არის Lineate Georgia-ს მიერ დაარსებული სასწავლო კურსი, რითაც კომპანია დამწყები დეველოპერების გადამზადებაზე და მათ დასაქმებაზე ზრუნავს. Lineate Dev School-ში სწავლა უფასოა, ხოლო სწავლის ხანგრძლივობა 3 თვეა.
რას სთავაზობს Lineate Dev School-ი სტუდენტებს და რატომ უნდა იყოს დამწყები დეველოპერი Lineate Dev School-ში სწავლით დაინტერესებული, Business Insider Georgia-ს Lineate Georgia-ს ბიზნეს-განვითარების მენეჯერი თორნიკე სულაბერიძე ესაუბრა.
Lineate Dev School-ი კომპანიის შიდა გადამზადების პროგრამაა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს როგორც შიდა კადრებმა, ასევე უნივერსიტეტის სტუდენტებმა. აქვე უნდა გამოვყო, რომ ამ ნაკადში გვყავდა სკოლის მოსწავლეებიც, გამომდინარე იქიდან, რომ მათ ტესტირებებში და გასაუბრებებში საკმაოდ მაღალი ქულები მიიღეს. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ასაკობრივი ზღვარი არ გვქონოდა. პირველმა ნაკადმა სწავლა მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო.
ჩვენ საკმაოდ აქტიურად ვთანამშრომლობთ საქართველოს წამყვან უნივერსიტეტებთან და როდესაც Lineate Dev School-ის კურსი შევქმენით, ერთ-ერთი ნაწილი იყო ამ უნივერსიტეტებში შეხვედრების გამართვა. სასწავლო კურსის ნაკადში ჩვენი თანამშრომლების ჩათვლით, ჯგუფში 25 ადგილი გვქონდა გამოყოფილი. შერჩევის პროცესში შემოვიდა 500-მდე აპლიკაცია. შემდეგი ეტაპები იყო აპლიკაციის გადარჩევა, ტესტირება.
ჩვენ გავუგზავნეთ აპლიკანტებს ტესტები, რაც გადარჩევის ერთგვარი ფილტრი იყო. შემდეგ გაიარეს გასაუბრება და 500 მსურველიდან 25 შეირჩა. საკმაოდ დიდი ინტერესი იყო. Lineate Dev School-ი არის უფასო და ეს არ არის მხოლოდ განათლების კომპონენტი, ასევე არის სტაჟირება.
სტუდენტებს, რომლებიც წარმატებით დაასრულებენ კურსს, კომპანიაში ანაზღაურებად სტაჟირებას ვთავაზობთ და შემდგომ უკვე დამწყებ დეველოპერად დასაქმებას.
Lineate Dev School-ის კურსდამთავრებულებს ვაძლევთ 2 სახის სერტიფიკატს, ჩვენი პროგრამა 2 ეტაპისგან შედგება. შუალედში სტუდენტები წერენ ტესტირებას და შემდგომ გადადიან მენტორშიპის ეტაპზე. იმ სტუდენტებს, რომლებმაც პირველი ეტაპი დაასრულეს წარმატებით, გადაეცემათ დასწრების სერტიფიკატი, ხოლო მათ ვინც მთლიან კურსს გაივლის, კურსის წარმატებით დასრულების სერტიფიკატი გადაეცემათ. როგორც მოგეხსენებათ ჩვენ ვართ ამერიკული კომპანია და გამომდინარე აქედან ჩვენს მიერ გაცემული სერტიფიკატი საერთაშორისოა, რადგანაც ის ამერიკული კომპანიის სახელითაა გაცემული.
ეს ჰიბრიდული მოდელია, რაც გულისხმობს იმას, რომ კვირაში ერთხელ დაახლოებით 4 საათი სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ადგილზე, ჩვენს ოფისში, ხოლო შემდგომ უკვე ონლაინ სწავლება. სპეციალური გაკვეთილები ჩაწერილია ჩვენი ლექტორების მიერ, რომელსაც სტუდენტები სახლში გადიან.
სტუდენტებისთვის კვირაში ერთხელ არის ე.წ სამუშაო საათები, სადაც ადგილზე და ონლაინ მასალებს ლექტორებთან ერთად გადიან. რაც შეეხება პირველ ნაკადს, ჩვენი პროგრამა იყო java პროგრამულ უზრუნველყოფაზე. ჩვენ ვგეგმავთ სამომავლოდ, რომ გავაკეთოთ სხვადასხვა მიმართულებით ტრენინგები. შემდეგი კურსი დაგეგმილი გაქვს ე.წ. Front end, რომელსაც ვარაუდობთ, რომ შემოდგომაზე გავუშვებთ.
სავარაუდოდ ისევ 25 სტუდენტისგან შემდგარი ჯგუფი გვექნება, რადგანაც 25 მეტი სტუდენტის აყვანის შემთქვევაში სასურველ შედეგს ვერ მივიღებთ. აქედან გამომდინარე კვლავ 25 სტუდენტს მივიღებთ. რადგან Lineate არის ე.წ. Full Stack კომპანია.
ვაპირებთ, რომ პროგრამები ყველა მიმართულებით ჩავუშვათ - იქნება ეს frontend, back-end, QA, თუ IT მენეჯმენტის მიმართულება.
რადგან შერჩევის კრიტერიუმები საკმაოდ მაღალი იყო, ოცდახუთივე სტუდნტი შუალედურამდე წარმატებულად გამოგვყვა. შემდეგ იყო გაცხრილვის ეტაპი, რომელიც ყველამ ბოლომდე გაიარა. საკმაოდ მოტივირებული ადამიანები გადავიდნენ შემდეგ ეტაპზე.
რამდენი კურსდამთავრებულის აყვანას გეგმავს სტაჟირებაზე Lineate Georgia?
ჩვენ რაოდენობაში შეზღუდულები არ ვართ. ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წარადგენენ პროექტებს. თუ ყველა იქნება საუკეთესო, ცხადია, ყველას ავიყვანთ. გეტყვით, რომ სტაჟირებისას ისინი იმუშავებენ რეალურ პროექტებზე და ჩვენს ამერიკელ მომხმარებლებთან. უკვე გაქვს თანხმობა, რომ მათ პროექტზე მივამაგროთ სტაჟიორი და ისინი პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით რეალური პროგრამის განხორციელებას დაიწყებენ. სტაჟირება 3-თვიანია. თუ დავალებებს კარგად გაართმევენ თავს, კომპანია მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ 1 თვის შემდეგ მათ ხელშეკრულება გაუფორმოს და Lineate Georgia-ს სრულფასოვანი თანამშრომლები გახდნენ.
გადამზადების პროგრამა არ არის ჩვენი ძირითადი ბიზნესი, თუმცა გამომდინარე იქიდან რომ ბაზარზე კვალიფიციური კადრების დეფიციტია ვახორციალებთ Lineate Dev School-ს არიან ბაზარზე ტრენინგ პროვაიდერები, უნივერსიტეტები და ასე შემდეგ. ხაზი მინდა გავუსვა იმას, რომ ეს არ არის უნივერსიტეტის ალტერნატივა.
ჩვენ არ ვასწავლით ნულიდან, ჩვენი პროგრამა არის გათვლილი იმაზე, რომ ზემოდან ის პრაქტიკული ცოდნა დავამატოთ და შევავსოთ ის თეორიული ცოდნა, რომელსაც სტუდენტები იღებენ უნივერსიტეტებში. არ შევდივართ კონკურენციაში არც ტრენინგ-პროვაიდერებთან და არც უნივერსიტეტებთან. ჩვენი პროგრამა უფასოა, თუ დავინახავთ რომ ბაზარზე მიწოდების კუთხით კვალიფიციური კადრები, ჩვენი ტრენინგის გარეშეც არსებობენ, რა თქმა უნდა კურსს აღარ განვაგრძობთ. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ ბაზარზე ამის საჭიროება არსებობს და Lineate Dev School-ის შექმნის გადაწყვეტილება მივიღეთ. მივცეთ შესაძლებლობა იმ სტუდენტებს, რომლებიც ამთავრებენ უნივერსიტეტებს, რომ შრომით ბაზარზე უკვე მაღალი კვალიფიკაციით შევიდნენ.
ყოველთვის მომყავს მაგალითი, თუ რატომ გვყავს ამდენი იურისტი, ფინანსისტი და ეკონომისტი. 2000-იან წლებში მაღალი შემოსავალის მიღების მიზნით იურიდიული ან ეკონომიკური განათლება უნდა მიგეღოთ. დღეს Lineate-ს მსგავსად ბევრი საერთაშორისო კომპანიაა საქართველოში, რომელსაც პროექტები აქვთ მთელს მსოფლიოში და ჩვენს სექტორში ანაზღაურება 3 ჯერ მეტია ვიდრე საშუალო ხელფასი საქართველოში. აქედან გამომდინარე იმედი მაქვს, რომ ბევრად უფრო მეტი სტუდენტი გადაწყვეტს ამ მიმართულებით სწავლის გაგრძელებას.
სხვა სიახლეები
ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის რეიტინგებში ქართული ბიზნეს გარემო ერთ-ერთ პირველ ადგილზეა - GITA-ს თავმჯდომარე
11.06.2026.13:30
საქართველო ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან, დემოკრატიიდან, თავისუფლებებიდან გამომდინარე უცხოურ ტალანტებს იზიდავს, - ამის შესახებ შესახებ ტელეკომპანია „მაესტროს“ ეთერში გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას GITA - ს თავმჯდომარემ, ავთანდილ კასრაძემ სან-ფრანცისკოში, ინოვაციების ჰაბის BRID.GE ოფიციალურ გახსნაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის რეიტინგებში ქართული ბიზნეს გარემო ერთ-ერთ პირველ ადგილზეა.
„მოგეხსენებათ, რომ სან-ფრანცისკო და, ზოგადად, სილიკონის ველი ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების მთავარ ეპიცენტრს წარმოადგენს. ჩვენ უკვე რამდენიმე წელია, იქ გენერალური საკონსულოთი ვართ წარმოდგენილი და, ძალიან კარგია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომაც დაინახა ამ საკონსულოს იმგვარი ტრანსფორმაციის მნიშვნელობა, რომელიც ჩვენს ეკონომიკას სწორედ ინოვაციების ხაზით დაეხმარება. გამომდინარე იქიდან, რომ სან-ფრანცისკოში აბსოლუტურად ყველა ინოვაციებსა და ტექნოლოგიებზე საუბრობს და ინვესტიციებიც ამ მიმართულებით მიდის, ასეთ პროექტებს ბევრად მეტი ეფექტი შეიძლება ჰქონდეს ჩვენს ეკონომიკაზე.
მე მქონდა პირადი შესაძლებლობა, დამსწრე საზოგადოების წინაშე ქვეყნის ინოვაციების ეკოსისტემის პრეზენტაცია გამეკეთებინა, რამაც ძალიან დიდი ინტერესი გამოიწვია. ეს გამოწვეული იყო იმით, რომ ასეთმა პატარა ქვეყანამ ასეთ მოკლე დროში ასეთი მნიშვნელოვანი შედეგი უზრუნველყო. რა თქმა უნდა, ჩვენ მაქსიმალურად შევეცადეთ წარმოგვედგინა ის უპირატესობები, რომლებიც საქართველოს მსოფლიო ინოვაციურ ეკოსისტემაში აქვს. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ეს არის ქვეყნის საკანონმდებლო ჩარჩო და რეგულაციები. მოგეხსენებათ, რომ ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის რეიტინგებში ქართული ბიზნესგარემო ერთ-ერთ პირველ ადგილზეა და ეს მნიშვნელოვანია. მეორე ფაქტორია ტალანტი - საქართველოში ხელმისაწვდომი და, ასე ვთქვათ, ხარისხიანი კადრების არსებობა უმნიშვნელოვანესია. გარდა ამისა, ჩვენი ქვეყანა, გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან, დემოკრატიიდან და, ზოგადად, თავისუფლებებიდან გამომდინარე, უცხოურ ტალანტებსაც იზიდავს.
მოგეხსენებათ, 30 000-მდე უცხოელი IT სპეციალისტი ჩვენს ქვეყანაშია და ეს მნიშვნელოვანი სიგნალია საერთაშორისო ინვესტორებისთვის, რომ საქართველო ტექნოლოგიური მიმართულებით ნიჭიერ ადამიანებს იზიდავს და არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით ზრდის ახალ თაობასა და სტარტაპ ეკოსისტემას. ის შედეგები, რომლებიც სტარტაპ ეკოსისტემამ ბოლო რამდენიმე წელიწადში აჩვენა - როდესაც სახელმწიფოს მიერ ჩადებულ ყოველ ლარზე კერძო სექტორმა 17-ჯერ მეტი ინვესტიცია განახორციელა და მაღალტექნოლოგიურ ბიზნესში 4 000-ზე მეტი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილი შეიქმნა - კიდევ უფრო ნათლად აჩვენებს, რომ საქართველო სწორედ ის ადგილია, საითკენაც ინვესტორებმა უნდა იყურონ. ჩემს გამოსვლაში უცხოელ ინვესტორებს სწორედ ეს ვუთხარი: ახლა არის დრო, შეხედოთ საქართველოს, რადგან საუკეთესო სტარტაპები სწორედ ახლა იქმნება თბილისში. თუ ისინი დააგვიანებენ, დაკარგავენ შესაძლებლობას, ინვესტიცია განახორციელონ მომავლის ახალ, ინოვაციურ და ტექნოლოგიურ პროექტებში. ამ სფეროშიც დიდია კონკურენცია, თუმცა დარწმუნებული ვარ, ჩვენს ეკოსისტემას კიდევ უფრო მეტი შედეგი ექნება“, - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.