ბრატისლავას მიმართულების დამატება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ავიამიმართულებების დივერსიფიკაციის კუთხით - ლევან მოსეშვილი
2026 წლის 12 იანვრიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ახალი ევროპული მიმართულება - ბრატისლავა ემატება. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, სლოვაკეთის დედაქალაქის მიმართულების დამატება შესაძლებელი გახდა საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა და Wizz Air-ს შორის ინტენსიური და წარმატებული მოლაპარაკებების შედეგად.
,,ბრატისლავას მიმართულების დამატება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ავიამიმართულებების დივერსიფიკაციის კუთხით. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორ Wizz Air-თან თანამშრომლობა წლიდან წლამდე ძლიერდება, რაც საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი შესაძლებლობების შექმნას უწყობს ხელს. ბრატისლავა თავისი სტრატეგიული მდებარეობით , ევროპის შუაგულში, ბუნებრივად იქცევა რეგიონული მიმოსვლის მნიშვნელოვან ჰაბად. ქალაქი დაახლოებით 1 საათის სავალზეა ვენასთან და გამორჩეულად მარტივ კავშირს ქმნის ცენტრალური ევროპის სხვა უმნიშვნელოვანეს ქალაქებთანაც.
სწორედ ეს გეოგრაფიული უპირატესობა აძლიერებს ბრატისლავას მნიშვნელობას როგორც მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებას, ისე თანამედროვე ავიაკავშირის სტრატეგიულ ცენტრს,-‘’განაცხადა ლევან მოსეშვილმა.
ევროპის ეკოლოგიურად ყველაზე მდგრადი ავიაკომპანია Wizz Air ბრატისლავა–ქუთაისი–ბრატისლავას მიმართულებაზე ოპერირებას კვირაში ოთხჯერ: ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევსა და კვირას განახორციელებს. ფრენები თანამედროვე Airbus A321neo ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება. ავიაბილეთების შეძენა ავიაკომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე შესაძლებელია.
სხვა სიახლეები
საქართველოს ტურისტული პოტენციალს პოპულარულ ჩინურ პლატფორმაზე Bilibili გაეცნობიან
16.06.2026.12:54
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ჩინეთის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ვიდეო პლატფორმის, Bilibili-ს წარმომადგენლებს უმასპინძლა.
ვიზიტის მიზანი საქართველოს ტურისტული მიმართულების პოპულარიზაცია და ქვეყნის მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების ჩინური აუდიტორიისთვის გაცნობაა.
გაცნობითი ტურის ფარგლებში, Bilibili-ს წარმომადგენლებმა მოინახულეს: თბილისი, მცხეთა, კახეთი, იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი, სვანეთი, სამეგრელო, გურია და აჭარა.
სტუმრები გაეცნენ საქართველოს კულტურულ მემკვიდრეობას, ტურისტულად საინტერესო ადგილებს, გასტრონომიულ ტრადიციებსა და ქართული ღვინის კულტურას.
საქართველოში მიღებული შთაბეჭდილებები მათ საშუალებას მისცემს, ჩინელ მომხმარებლებს გააცნონ საქართველო, როგორც მიმზიდველი ტურისტული მიმართულება.
Bilibili-ს პლატფორმა ჩინეთში განსაკუთრებით პოპულარულია და მას ყოველთვიურად 340 მილიონზე მეტი აქტიური მომხმარებელი ჰყავს.