Galt & Taggart-ის განახლებული პროგნოზით, 2026 წელს საქართველო ტურიზმიდან $5 მილიარდის შემოსავალს მიიღებს
Galt & Taggart-მა თვის ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც 3 ძირითადი საკითხი იკვეთება რეზერვებთან, ეკონომიკურ ზრდასთან და ლარის კურსთან მიმართებით.
საქართველოს ყოველთვიური ეკონომიკური მიმოხილვის ტოპ 3 მნიშვნელოვანი მაჩვენებელი
რეკორდული რეზერვები | საერთაშორისო სავალუტო რეზერვები 2025 წელს წლიურად 38.4%-ით გაიზარდა და რეკორდულ 6.2 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია.
რეალური მშპ-ის ზრდა 2025 წელს 7.5% | რეალური მშპ 2025 წლის დეკემბერში წლიურად 7.2%-ით გაიზარდა, რის შედეგადაც 2025 წლის ზრდამ 7.5% შეადგინა, რაც Galt & Taggart-ის პროგნოზს შეესაბამება. 2026 წელს კი 6.0%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებს Galt & Taggart-ი.
ლარის შემდგომი გამყარება | ლარი 2026 წლის იანვარში თვიურად 0.3%-ით გამყარდა და Galt & Taggart-ი ელის რომ 2026 წლის განმავლობაში სტაბილურობას შეინარჩუნებს.
ამასთან, განახლებული პუბლიკაციის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა ტურიზმიდან შემოსავლების კომპონენტს. აღნიშნულთან მიმართებით, Galt & Taggart-მა განახლებული პროგნოზი წარმოადგინა, რომლის თანახმადაც 2026 წელს საქართველო ტურიზმიდან $5 მილიარდის შემოსავალს მიიღებს. ცნობისთვის, წინა პროგნოზი $4.9 მილიარდით იყო განსაზღვრული.
სხვა სიახლეები
ჩვენი შეფასებით, 2026 წლის ივლისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 7.1%-ით გაიზარდა 590 მლნ აშშ დოლარამდე - Galt & Taggart
10.08.2026.15:55
Galt & Taggart-ი ყოველკვირეული ბაზრების მიმოხილვას აქვეყნებს.
საკრედიტო რეიტინგი: 2026 წლის 7 აგვისტოს S&P-მ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე დაადასტურა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა. S&P-ის შეფასებით, პოზიტიური პერსპექტივა ასახავს ქვეყნის მაღალ ეკონომიკურ ზრდას, გონივრულ ფისკალურ პოლიტიკას და რეკორდულად მაღალ საერთაშორისო რეზერვებს, რაც ამცირებს საქართველოს მოწყვლადობას გარე შოკების მიმართ. S&P რეიტინგის ამაღლებას განიხილავს, თუ საგარეო ბუფერები კიდევ უფრო გაძლიერდება ან ფისკალური მაჩვენებლები მოლოდინებს გადააჭარბებს.
საერთაშორისო რეზერვები: საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2026 წლის ივლისში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 49.9%-ით გაიზარდა და ახალი რეკორდული დონე 7.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვესთან შედარებით ივნისში რეზერვები 5.7%-ით გაიზარდა (+404.6 მლნ აშშ დოლარი). რეზერვების ცვლილება უკავშირდება მთავრობის და/ან საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს და ასევე, სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვას BMatch-ის პლატფორმის გამოყენებით (ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 25 აგვისტოს). აღსანიშნავია, რომ 2026 წლის ივლისის მდგომარეობით, მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 13.5%-ს შეადგენს.
ინფლაცია: 2026 წლის ივლისში სამომხმარებლო ფასები 0.4%-ით შემცირდა წინა თვესთან შედარებით, რის შედეგადაც წლიური ინფლაცია 5.5%-მდე შემცირდა ივნისის 5.8%-დან. მთლიანი ინფლაციის შენელება ძირითადად განპირობებული იყო იმპორტირებული ინფლაციის (5.3%-მდე ივნისის 6.1%-დან) და შერეული საქონლის ინფლაციის (4.4%-მდე 6.2%-დან) შენელებით. ამავდროულად, ადგილობრივი ინფლაცია ივლისში 6.4%-მდე დაჩქარდა წინა თვის 5.7%-დან. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, 3.5%-მდე გაიზარდა 2026 წლის ივლისში, წინა თვის 3.2%-ის შემდეგ.
სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, 2026 წლის ივლისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (+4.9% წ/წ, +1.74პპ), ტრანსპორტი (+14.2% წ/წ, +1.66პპ), კომუნალურები (+8.3% წ/წ, +0.80პპ), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (+5.6% წ/წ, +0.36პპ), ჯანდაცვა (+4.7% წ/წ, +0.40პ), სასტუმროები და რესტორნები (+7.9% წ/წ, +0.27პპ), ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (-2.4% წ/წ, -0.13პპ) და კავშირგაბმულობა (-6.3% წ/წ, -0.20პპ).
ივლისში ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ ნავთობის მსოფლიო ფასების მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია, რაც, სავარაუდოდ, საქართველოში ენერგომატარებლების ფასების მოსალოდნელი შენელების ტემპზე იქონიებს გავლენას. აქედან გამომდინარე, 2026 წლის საშუალო წლიური ინფლაციის პროგნოზი 4.8%-დან 5.1%-მდე გავზარდეთ.
ტურიზმის შემოსავლები: ჩვენი შეფასებით, 2026 წლის ივლისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 7.1%-ით გაიზარდა 590 მლნ აშშ დოლარამდე. ჯამურად, 2026 წლის იანვარ-ივლისში ტურიზმის შემოსავლები 2.5 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა (უცვლელი წ/წ).
ჩვენი პროგნოზით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს 2026 წელს, ხოლო 5.3 მლრდ აშშ დოლარს 2027 წელს.