კახეთში სასტუმრო „ბოდბე" გაიხსნა - ინვესტიცია 56 მლნ დოლარია
სასტუმრო „ბოდბე" მთლიანად ქართული ინვესტიციით ინვესტიციით აშენდა, რომლის მოცულობა 56 მლნ დოლარია და სასტუმროში დასაქმდება 200-მდე ადამიანი, რომელთა უმეტესობა ადგილობრივი მცხოვრებია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სიღნაღში, სასტუმრო „ბოდბეს" გახსნის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, მაღალი კლასის სასტუმროების გახსნა ძალიან მნიშვნელოვანია სიღნაღისთვის, კახეთისთვის და საერთაშორისო დონეზე ქვეყნის პოპულარიზაციისთვის.
„დასაქმების ხელშეწყობა არის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ასეთი პროექტები ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია. სასტუმროში არის 132 ნომერი, კვების ობიექტები, საკონფერენციო და დასასვენებელი სივრცეები. ყველაფერი არის უმაღლესი ხარისხის. უმაღლესი კლასის სასტუმრო შეემატა ჩვენს ქვეყანას და რეგიონს.
მინდა, მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს" და „სმარტ კაპიტალს" ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებისთვის. ეს არ არის მარტო ბიზნესპროექტი, ეს არის პროექტი, რომელიც ზოგადად ქვეყნის განვითარებაზეა ორიენტირებული. მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც იყო ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ბატონი ვანო ჩხარტიშვილი და მადლობა გადავუხადო მას და მის ოჯახს ამ არაჩვეულებრივი პროექტის განხორციელებისთვის", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
სხვა სიახლეები
დარწმუნებულები ვართ და მოლოდინი გვაქვს, რომ ტურიზმის სექტორში არსებული ტენდენციები შემოსავლებშიც აისახება და მთლიანობაში მესამე კვარტლის მონაცემები ძალიან პოზიტიურ დინამიკას აჩვენებს - მაია ომიაძე
05.10.2026.15:57
„ზაფხულის ტურისტული სეზონი საქართველოში ძალიან წარმატებული იყო. რა თქმა უნდა, გეოგრაფია გაშლილი იყო მთელ საქართველოზე და მესამე კვარტლის მონაცემები ძალიან პოზიტიური მოლოდინების შესაძლებლობას იძლევა“, - განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ.
ზაფხულის ტურისტული სეზონის შედეგების შეჯამებისას მაია ომიაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ წარმატებულ სეზონში მნიშვნელოვანი დადებითი წვლილი შეიტანა როგორც საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობამ, ასევე ფრენების ოდენობამ, რომელმაც საკმაოდ მაღალ ნიშნულს მიაღწია.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პროგნოზით, ტურიზმის სექტორში არსებული დადებითი ტენდენციები შესაბამისად, შემოსავლებში აისახება.
„დარწმუნებულები ვართ და მოლოდინი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი შემოსავლებშიც აისახება და მთლიანობაში მესამე კვარტლის მონაცემები ძალიან პოზიტიურ დინამიკას აჩვენებს“- აღნიშნა მაია ომიაძემ.
Galt & Taggart-ი თვის განახლებული ეკონომიკური მიმოხილვის თანახმად, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 2026 წლის აგვისტოში წლიურად 8.8%-ით გაიზარდა და 695 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.