საქართველოს საავიაციო ბაზარს ავიაკომპანია EasyJet – ი შემოემატა, რაც ისტორიული მოვლენაა საქართველოს ავიაციისა და ტურიზმისთვის - მარიამ ქვრივიშვილი
ბრიტანულმა დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანიამ easyJet - ი, პირველად ისტორიაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ჟენევიდან პირდაპირი რეისი შეასრულა.
„პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში საქართველოს საავიაციო ბაზარს ავიაკომპანია EasyJet – ი შემოემატა, რაც ძალიან მნიშვნელოვანი სიახლეა ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის ისტორიული მოვლენა საქართველოს ავიაციისა და ტურიზმის ინდუსტრიისთვის. აღნიშნულს წინ უძღოდა საკმაოდ გრძელვადიანი და კომპლექსური მოლაპარაკებები და ძალიან სასიხარულოა, რომ მისი წარმატებით დასრულება შევძელით. შედეგად უკვე ვუმასპინძლეთ ავიაკომპანიის პირველ ფრენას ჟენევა - თბილისის მიმართულებით," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, განსაკუთრებით სასიხარულოა ის, რომ პირველი რეისი ფაქტობრივად 100 - პროცენტიანი დატვირთულობით შესრულდა, რაც ხაზს უსვამს იმას, რომ საქართველოსადმი მოთხოვნა უკვე არსებობს.
„ჩვენ გვაქვს დიდი მოლოდინი, რომ ავიაკომპანია easyJet - თან მჭიდრო თანამშრომლობით შევძლებთ და გავზრდით ჩვენი ქვეყნის ტურიზმის ინდუსტრიას, მოვიზიდავთ კიდევ უფრო მეტ ტურისტს ავიაკომპანიასთან ერთად," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet - ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რეგულარულ ფრენებს ჟენევიდან 31 მარტიდან, ლონდონიდან და მილანიდან კი 1 აპრილიდან კვირაში 2-2 სიხშირით შეასრულებს.
სხვა სიახლეები
Le Figaro: „საქართველო - ემოციების ისტორია“
08.06.2026.13:47
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ევროპის ბაზარზე მასშტაბურ მარკეტინგულ კამპანიას აქტიურად აგრძელებს. კამპანიის ფარგლებში, საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიები რეიტინგულ ფრანგულ მედიასაშუალებებში გამოქვეყნდა.
საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი გამოცემა Le Figaro სტატიაში, სათაურით „საქართველო - ემოციების ისტორია” (La Géorgie, une histoire d’emotions), ქვეყანას აღწერს, როგორც ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე მდებარე უნიკალური დანიშნულების ადგილს, რომელიც მოგზაურებს საოცარი ბუნებრივი მრავალფეროვნებით, კულტურული მემკვიდრეობითა და ღირსშესანიშნაობებით ხიბლავს.
სტატიაში განსაკუთრებული ყურადღება საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრეს და დაცულ ტერიტორიებს ეთმობა, აღნიშნულია ქვეყნის გამაჯანსაღებელი და ველნეს ტურიზმის პოტენციალი, მრავალრიცხოვანი მინერალური წყაროები და თერმული კურორტები.
Le Figaro-ს სტატია მკითხველს ვრცლად აცნობს საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას, უნიკალურ დამწერლობას, იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ქართულ ძეგლებს - მცხეთას, გელათის მონასტერს, სვანურ კოშკებს. სტატიაში ხაზგასმულია საქართველოში მეღვინეობის 8000-წლიანი ისტორია და ღვინის ქვევრში დაყენების ტრადიცია. ასევე ადგილი ეთმობა მდიდარ ქართულ კულინარიას, სტუმართმოყვარეობის სიმბოლოს - ტრადიციულ სუფრას და თამადის ინსტიტუტს.
ცივილიზაციის საწყისებთან საქართველოს მჭიდრო კავშირს გავლენიანი ფრანგული გამოცემა ასე აფასებს: „ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ პური და ღვინო, ადამიანის სოფლის მეურნეობის და, შესაბამისად, ჩვენი ცივილიზაციის საფუძველი ქართული წარმოშობისაა. კიდევ უფრო მეტი მიზეზია, პატივი მივაგოთ მათ, თუნდაც, სიმღერით, რატომაც არა? მომხიბვლელი პოლიფონიური ქართული სიმღერით ტკბობით, რომელიც ხშირად სუფრის დასასრულს ალამაზებს და სტუმრებს აღაფრთოვანებს. ყველა ეს ემოცია - საქართველოა...“
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასშტაბური მარკეტინგული კამპანიის ფარგლებში, Le Figaro-სა და სხვა მაღალრეიტინგულ ევროპულ მედიასაშუალებებში საქართველოს პოზიციონირება მნიშვნელოვნად ზრდის ქვეყნის ცნობადობას ევროკავშირის სტრატეგიულ ბაზრებზე და ხელს უწყობს მაღალმხარჯველობითი ტურისტული ნაკადების მოზიდვას.