საქართველოს ტურისტული პოტენციალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია როუდშოუების მოწყობა სპარსეთის ყურის ქვეყნებში - ანა გვაზავა
სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან საქართველოში მაღალმხარჯველი ტურისტული ნაკადების გაზრდისა და საქართველოს ცნობადობის ამაღლების მიზნით, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთსა და ქუვეითში „როუშოუები“ გამართა. B2B ფორმატის ფარგლებში ქართული კომპანიების წარმომადგენლები ადგილობრივ კოლეგებს შეხვდნენ, სადაც თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრების მნიშვნელობაზე საუბრობს კომპანია „ვოიაჟერის“ წარმომადგენელი ანა გვაზავა.
„საქართველოს ტურისტული პოტენციალისთვის ძალიან მნიშვნელოვანია როუდშოუების მოწყობა სპარსეთის ყურის ქვეყნებში. ვეცნობით ახალ პარტნიორებს და გვაქვს ახალი კონტაქტები, მეტი შანსი აქვს ნებისმიერ კომპანიას მეტად წარმატებულად იმუშაოს საქართველოს ბაზარზე. საამიროებიდან კვირაში 21 ავიარეისი სრულდება, ფრენის ხანგრძლივობა სულ რაღაც 3 საათია, რაც ძალიან მოსახერხებელია. წინა წელთან შედარებით აღინიშნება ტურისტული ნაკადის ზრდა. რაც ძალიან კარგად აისახა ტურიზმის მიმართულებაზე. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ვიღებთ მსგავს ღონისძიებაში მონაწილეობას“.
ღონისძიებებში 20-მდე ქართული და 50-მდე ადგილობივი კომპანია იყო წარდგენილი. უცხოური კომპანიების წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ საქართველოს ტურისტულ ინფრასტრუქტურას, შეთავაზებებსა და პროდუქტებს.
სხვა სიახლეები
მალტაში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) ევროპის რეგიონული კომისიის 72-ე სხდომა გაიმართა
14.05.2026.19:42
მალტაში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) ევროპის რეგიონული კომისიის 72-ე სხდომა გაიმართა, რომელსაც დაესწრო 33 წევრი ქვეყნის დელეგატი, საერთაშორისო ორგანიზაციების და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ თამარ ყორიაულმა სხდომაზე გამოსვლისას ისაუბრა საქართველოს ტურიზმის სექტორში მიმდინარე რეფორმებზე, მდგრადი ტურიზმის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2027 წელს გამოცხადებულ მდგრადი და მედეგი ტურიზმის საერთაშორისო წელს (International Year of Sustainable and Resilient Tourism – 2027) და მის სამოქმედო გეგმას. ინიციატივის მთავარი მიზანია ტურიზმის სექტორის, როგორც მდგრადი ეკონომიკური განვითარების, სოციალური ჩართულობისა და რეგიონული გამძლეობის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალის პოზიციონირება.
გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს დარგის უფრო აქტიურ ინტეგრაციას გლობალურ დღის წესრიგში, ასევე ტურიზმის, როგორც ტრანსფორმაციული ძალის როლის გაძლიერებას მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში.
სესიაზე ასევე განიხილეს 2026-2027 წლების დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობები, რომლებიც მოიცავს ტურიზმის ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში კოორდინაციის გაძლიერებას, ცოდნის გაზიარებასა და ტურიზმის სექტორში პრაქტიკული შედეგების მიღწევას.