აგვისტო უკვე 60%-ით არის დაჯავშნილი - რა სერვისებს სთავაზობს Wine Space დამსვენებლებს
აგვისტოს თვე უკვე 60%-ით არის დაჯავშნილი წინასწარ, - ამის შესახებ Business Insider Georgia-სთან რაჭაში მდებარე გლემფინგ კოტეჯების Wine Space-ს დამფუძნებელმა მარიამ მარგიანმა განაცხადა.
Wine Space ბაზარზე ბაზარზე უკვე 7 წელზე მეტია ოპერირებს და სტუმრებს შორის როგორც უცხოელი, ისე ქართველი დამსვენებლების მნიშვნელოვანი წილი ფიქსირდება.
„ჩვენ აქტიურად 2019 წლიდან ვფუნქციონირებთ, თუმცა ტურისტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო. სეგმენტს რაც შეეხება გვყავს, როგორც ქართველი სტუმრები, ასევე სტუმრები ევროპიდან.
2024 წელს ადგილობრივი და უცხოელი სტუმრების რაოდენობა 40/60-ზე იყო. საკმაოდ ბევრ სტუმარს ვიღებთ ისრაელიდან. ასევე, 2024 წელს ბევრი სტუმარი მივიღეთ გერმანიიდან.
რაც შეეხება მიმდინარე ტურისტულ სეზონს – აგვისტოს თვეზე წინასწარი ჯავშნების მიხედვით უკვე გაყიდულია 60%-ზე მეტი.
ველოდებით, რომ დატვირთულობა კიდევ გაიზრდება. რაჭის მიმართულებით წელსაც აქტიურია ისრაელის ბაზარი, თუმცა განსხვავებით წინა წლებისგან, გერმანიიდან სტუმრების ნაკადი შედარებით შემცირებულია. ამ ეტაპზე ჯავშნები საკმაოდ შერეულია და ძნელია კონკრეტული ქვეყნების გამოყოფა – ინტერესს იჩენენ სხვადასხვა რეგიონიდან. რაჭა ბევრისთვის სპეციფიკური, ნაკლებად ცნობილი მიმართულებაა და შესაბამისად, არ აქვს ისეთი მასშტაბური პრომოუშენი, როგორიც თბილისს, ბათუმს ან სხვა პოპულარულ ტურისტულ ლოკაციებს.
რაც შეეხება გლემფინგ სივრცეებს – ისინი მაღალი კატეგორიის სასტუმროს ყველა სერვისს სთავაზობენ სტუმარს, ტყის გარემოში სრულად ბუნებრივ გამოცდილებასთან ერთად. გლემფინგებიდან ერთ-ერთი დამატებით აღჭურვილია პირადი გარე ჯაკუზით, რაც განსაკუთრებით პოპულარულია სტუმრებს შორის,“ – აღნიშნავს Wine Space-ის დამფუძნებელი.
გარდა განთავსებისა Wine Space საკუთარ სტუმრებს სხვადასხვა სერვისებსაც სთავაზობს.
„ადგილზე ვთანამშრომლობთ სხვადასხვა მეწარმეებთან და ჩვენს სტუმრებს ერთობლივად ვთავაზობთ სხვადასხვა საცხენოსნო ტურებს, კატერით გასეირნებას შაორის ტბაზე. ასევე, ჩვენ თვითონვე ვაწარმოებთ მაღალი ხარისხის ღვინოს, რომელსაც ჩვენს დამსვენებლებს ვთავაზობთ“, - აცხადებს მარიამ მარგიანი.
Wine Space-ს ინფრასტრუქტურა მოიცავს ტყის შუაგულში 3 სხვადასხვა კატეგორიის გლემფინგს და 100-წლიან ხის ვილას.
„ადგილზე ამ დროისათვის გვაქვს 3 გლემფინგი და 100 წლის აღდგენილი ვილა. სულ დაახლოებით 23 ადამიანის მიღების საშუალება გვაქვს ამ ეტაპზე“, - აცხადებს Wine Space-ს დამფუძნებელი.
Wine Space სამომავლოდ გაფართოებას განიხილავს, თუმცა მაინც ყველაფერი გეოპოლიტიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული და ტურიზმის განვითარება არსებული ტემპით გაგრძელდება თუ არა.
„გაფართოება დამოკიდებულია მიმდინარე ვითარებაზე, თუ როგორ განვითარდება გლობალურად მოვლენები. თუმცა გეგმები გვაქვს და უფრო გლემფინგის მიმართულების განვითარებას განვიხილავთ. ჩვენ ინფრასტრუქტურას ყოველწლიურად ვავითარებთ და მომხმარებელს ყოველწლიურად სიახლეებს ვთავაზობთ“, - განმარტავს მარიამ მარგიანი.
Wine Space-ის მაგალითზე საშუალო ღამისთევების რაოდენობა 2 ღამეს შეადგენს და როგორც ტურისტულ ობიექტში განმარტავენ, აქ სხვაობა უცხოელ და ქართველ სტუმარს შორის არ არის.
„ზოგადად რაჭაზე დიდხნიანი ჯავშნები ნაკლებადაა, საშუალო კი 2-3 დღეა“, - აცხადებს მარიამ მარგიანი.
Wine Space ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სოფელ სადმელში მდებარეობს - უფრო კონკრეტულად კი ამბროლაურის ცენტრიდან და აეროპორტიდან ავტომობილით 8 წუთის სავალ გზაზე.
სხვა სიახლეები
ჩვენი შეფასებით, 2026 წლის ივლისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 7.1%-ით გაიზარდა 590 მლნ აშშ დოლარამდე - Galt & Taggart
10.08.2026.15:55
Galt & Taggart-ი ყოველკვირეული ბაზრების მიმოხილვას აქვეყნებს.
საკრედიტო რეიტინგი: 2026 წლის 7 აგვისტოს S&P-მ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე დაადასტურა, ხოლო პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა. S&P-ის შეფასებით, პოზიტიური პერსპექტივა ასახავს ქვეყნის მაღალ ეკონომიკურ ზრდას, გონივრულ ფისკალურ პოლიტიკას და რეკორდულად მაღალ საერთაშორისო რეზერვებს, რაც ამცირებს საქართველოს მოწყვლადობას გარე შოკების მიმართ. S&P რეიტინგის ამაღლებას განიხილავს, თუ საგარეო ბუფერები კიდევ უფრო გაძლიერდება ან ფისკალური მაჩვენებლები მოლოდინებს გადააჭარბებს.
საერთაშორისო რეზერვები: საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, 2026 წლის ივლისში ოფიციალური საერთაშორისო რეზერვები წლიურად 49.9%-ით გაიზარდა და ახალი რეკორდული დონე 7.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ამასთან, წინა თვესთან შედარებით ივნისში რეზერვები 5.7%-ით გაიზარდა (+404.6 მლნ აშშ დოლარი). რეზერვების ცვლილება უკავშირდება მთავრობის და/ან საბანკო სექტორის სავალუტო ოპერაციებს და ასევე, სებ-ის მიერ უცხოური ვალუტის შესყიდვას BMatch-ის პლატფორმის გამოყენებით (ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება 25 აგვისტოს). აღსანიშნავია, რომ 2026 წლის ივლისის მდგომარეობით, მონეტარული ოქრო მთლიანი საერთაშორისო რეზერვების 13.5%-ს შეადგენს.
ინფლაცია: 2026 წლის ივლისში სამომხმარებლო ფასები 0.4%-ით შემცირდა წინა თვესთან შედარებით, რის შედეგადაც წლიური ინფლაცია 5.5%-მდე შემცირდა ივნისის 5.8%-დან. მთლიანი ინფლაციის შენელება ძირითადად განპირობებული იყო იმპორტირებული ინფლაციის (5.3%-მდე ივნისის 6.1%-დან) და შერეული საქონლის ინფლაციის (4.4%-მდე 6.2%-დან) შენელებით. ამავდროულად, ადგილობრივი ინფლაცია ივლისში 6.4%-მდე დაჩქარდა წინა თვის 5.7%-დან. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, რომელიც კალათიდან გამორიცხავს სურსათის, ენერგომატარებლების და თამბაქოს ფასებს, 3.5%-მდე გაიზარდა 2026 წლის ივლისში, წინა თვის 3.2%-ის შემდეგ.
სასაქონლო ჯგუფების მიხედვით, 2026 წლის ივლისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებში: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (+4.9% წ/წ, +1.74პპ), ტრანსპორტი (+14.2% წ/წ, +1.66პპ), კომუნალურები (+8.3% წ/წ, +0.80პპ), ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო (+5.6% წ/წ, +0.36პპ), ჯანდაცვა (+4.7% წ/წ, +0.40პ), სასტუმროები და რესტორნები (+7.9% წ/წ, +0.27პპ), ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა (-2.4% წ/წ, -0.13პპ) და კავშირგაბმულობა (-6.3% წ/წ, -0.20პპ).
ივლისში ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვამ ნავთობის მსოფლიო ფასების მნიშვნელოვანი ზრდა გამოიწვია, რაც, სავარაუდოდ, საქართველოში ენერგომატარებლების ფასების მოსალოდნელი შენელების ტემპზე იქონიებს გავლენას. აქედან გამომდინარე, 2026 წლის საშუალო წლიური ინფლაციის პროგნოზი 4.8%-დან 5.1%-მდე გავზარდეთ.
ტურიზმის შემოსავლები: ჩვენი შეფასებით, 2026 წლის ივლისში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 7.1%-ით გაიზარდა 590 მლნ აშშ დოლარამდე. ჯამურად, 2026 წლის იანვარ-ივლისში ტურიზმის შემოსავლები 2.5 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა (უცვლელი წ/წ).
ჩვენი პროგნოზით, ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები 4.9 მლრდ აშშ დოლარს მიაღწევს 2026 წელს, ხოლო 5.3 მლრდ აშშ დოლარს 2027 წელს.