ტურიზმის სექტორი ვითარდება სწრაფი ტემპით, 2024 წელს რეკორდულად მაღალი - 4.4 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო ტურიზმიდან ჩვენმა ქვეყანამ, ვუმასპინძლეთ 7.4 მლნ საერთაშორისო მოგზაურს - ირაკლი კობახიძე
მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმის სექტორი ვითარდება სწრაფი ტემპით, 2024 წელს დაფიქსირდა რეკორდული მაჩვენებელი შემოსავლების თვალსაზრისით - 4.4 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო ტურიზმიდან ჩვენმა ქვეყანამ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანამ საანგარიშო პერიოდში უმასპინძლა 7.4 მლნ საერთაშორისო მოგზაურს, გაიხსნა 70 სასტუმრო 3 300-ზე მეტი ნომრით და, დაახლოებით, 6 700 ადგილით.
„შარშან, ჩვენ ვუმასპინძლეთ 7.4 მლნ საერთაშორისო მოგზაურს, 2024-25 წლებში გაიხსნა 70 სასტუმრო 3 300-ზე მეტი ნომრით და, დაახლოებით, 6 700 ადგილით. 2025-28 წლებში, 300-ზე მეტი სასტუმრო დაგვემატება არსებული გეგმისა და პროექტების შესაბამისად 38 000-ზე მეტი ადგილით. მოსალოდნელი ჯამური ინვესტიცია 2 მლრდ ლარია.
აეროპორტების ნაწილშიც გვქონდა რეკორდული მაჩვენებელი - 7,425,000 მგზავრს მოემსახურა ჩვენი სამი აეროპორტი გასულ წელს, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ და დამოუკიდებლობის აღდგენამდეც არ გვქონია ჩვენ არასდროს ასეთი მაჩვენებელი,"- განაცხადა პრემიერმა.
სხვა სიახლეები
მალტაში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) ევროპის რეგიონული კომისიის 72-ე სხდომა გაიმართა
14.05.2026.19:42
მალტაში გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის (UN Tourism) ევროპის რეგიონული კომისიის 72-ე სხდომა გაიმართა, რომელსაც დაესწრო 33 წევრი ქვეყნის დელეგატი, საერთაშორისო ორგანიზაციების და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ თამარ ყორიაულმა სხდომაზე გამოსვლისას ისაუბრა საქართველოს ტურიზმის სექტორში მიმდინარე რეფორმებზე, მდგრადი ტურიზმის მიმართულებით განხორციელებულ პროექტებსა და რეგიონული თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.
სხდომაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2027 წელს გამოცხადებულ მდგრადი და მედეგი ტურიზმის საერთაშორისო წელს (International Year of Sustainable and Resilient Tourism – 2027) და მის სამოქმედო გეგმას. ინიციატივის მთავარი მიზანია ტურიზმის სექტორის, როგორც მდგრადი ეკონომიკური განვითარების, სოციალური ჩართულობისა და რეგიონული გამძლეობის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალის პოზიციონირება.
გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის განცხადებით, აღნიშნული ინიციატივა ხელს შეუწყობს დარგის უფრო აქტიურ ინტეგრაციას გლობალურ დღის წესრიგში, ასევე ტურიზმის, როგორც ტრანსფორმაციული ძალის როლის გაძლიერებას მდგრადი განვითარების მიზნების მიღწევის პროცესში.
სესიაზე ასევე განიხილეს 2026-2027 წლების დაგეგმილი და განხორციელებული აქტივობები, რომლებიც მოიცავს ტურიზმის ორგანიზაციის წევრ ქვეყნებში კოორდინაციის გაძლიერებას, ცოდნის გაზიარებასა და ტურიზმის სექტორში პრაქტიკული შედეგების მიღწევას.