ვრჩებით გუნდად, რომელსაც სურს განვითარდეს და გახდეს უკეთესი - ვილი სანიოლი
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ერთა ლიგის მესამე ტურის მატჩი უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ გამართა. პოზნანში ჩატარებული შეხვედრა მეტოქის გამარჯვებით დასრულდა.
მატჩის ერთადერთი გოლი უკრაინელებმა 35-ე წუთზე, მუდრიკის შორეული დარტყმით გაიტანეს. მიუხედავად ჩვენი გუნდის რამდენიმე მცდელობისა, პირველ ტაიმში დაფიქსირებული ანგარიში აღარ შეცვლილა.
ეროვნული გუნდი თბილისში 12 ოქტომბერს დაბრუნდება. ერთა ლიგის მომდევნო მატჩს ჩვენი გუნდი 14 ოქტომბერს, თბილისში, ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ჩვენი ჯგუფის მეორე შეხვედრაში ჩეხეთის ნაკრებმა ალბანეთს 2:0 სძლია. ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის B1 ჯგუფს 6 ქულით ლიდერობს.
ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი):„საწყისი ნახევარი საათი ძალიან ცუდად ჩავატარეთ. აგრესიულობის და ინტენსივობის გარეშე ვითამაშეთ. უკრაინა უფრო აგრესიული იყო და დამსახურებულად დაწინაურდა. თუმცა, საერთო ჯამში გოლის გატანის მეტი შესაძლებლობა გვქონდა და სწორედ ამიტომაა ეს მარცხი უფრო მეტად გულდასაწყვეტი. თუმცა, როდესაც თამაშს იწყებ ისე, როგორც ეს ჩვენ გავაკეთეთ, მარცხი გასაკვირი არ არის. წარმატებული პერიოდის შემდეგ, ეს წაგება გამოსაფხიზლებლად უნდა გამოვიყენოთ. ფეხბურთში იოლი მატჩები არ არსებობს და თუ მაღალ დონეზე გსურს გააგრძელო თამაში, თითოეულ მატჩს, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრას უნდა შეხვდე.
ვრჩებით გუნდად, რომელსაც სურს განვითარდეს და გახდეს უკეთესი. ზოგჯერ, ამისთვის სირთულეების გადალახვაა საჭირო და დღევანდელი შეხვედრა სწორედ ასეთი იყო. თამაშის ორი მესამედი ბურთს ვფლობდით, უკეთესი გუნდი ვიყავით და ცუდი სტარტის შემდეგ პოზიტიური რეაქცია გამოვავლინეთ. თუმცა, ჩეხეთთან შეხვედრაშიც საწყისი 15 წუთი იყო ცუდი და ამის მიზეზი უნდა დავადგინოთ. დღევანდელ შეხვედრაში ფეხბურთელები გაშვებული გოლის შემდეგ გამოფხიზლდნენ. ამ მატჩმა გვაჩვენა, რომ ჯერ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო. გვსურს, რომ კიდევ უფრო უკეთესი გუნდი გავხდეთ და გავუმჯობესდეთ. საქართველოს ნაკრების ბოლო პერიოდის წარმატება საოცარმა გუნდურმა სულისკვეთებამ მოიტანა, რაც დღევანდელი მატჩის პირველ ნახევარში დაგვაკლდა".
გურამ კაშია (ეროვნული ნაკრების წევრი): "თამაშის ბედი ერთმა ეპიზოდმა გადაწყვიტა. ბევრად უკეთესი შესაძლებლობები გვქონდა, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. სამწუხაროდ, არ გამოგვივიდა, მაგრამ გავდივართ გზას, რომლის შემადგენელი ნაწილი მარცხიც არის. ორივე გუნდს მძიმე პირობებში მოგვიწია თამაში, რაც ხარისხზე აისახა. ამ პირობებში, ვერ ვითამაშეთ იმ დონეზე, რა დონეზეც წინა თამაშები ჩავატარეთ, თუმცა თავს არ ვიმართლებთ. რაც შეიძლება მალე უნდა აღვიდგინოთ ძალები და მომდევნო მატჩში მოსაგებად უნდა ვითამაშოთ. დარწმუნებული ვარ, გავაანალიზებთ დღევანდელ შეხვედრას და შემდეგ თამაშს, საკუთარ მოედანზე, უკეთ ჩავატარებთ. განვიცდით დღევანდელ მარცხს, მაგრამ ამით არაფერი დასრულებულა. ეს ჩვენი გზის ნაწილია".
ოთარ კიტეიშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): "მძიმე მატჩი გამოდგა. პირველი 20-25 წუთი ჩვენი თამაში ვერ ვაჩვენეთ და ამის გამო დავისაჯეთ. გოლის შემდეგ გამოვასწორეთ თამაში, იყო მომენტები როდესაც ვდომინირებდით. ბოლომდე დავიხარჯეთ, მაგრამ ის თამაში და შედეგი ვერ ვაჩვენეთ, რაც გვსურდა. აუცილებლად გავაანალიზებთ ამ შეცდომებს. იმედი მაქვს, მაქსიმალურად კარგად მოვემზადებით შემდეგი თამაშისთვის და ვაჩვენებთ, რომ ბევრად უკეთ შეგვიძლია ფეხბურთის თამაში. მადლობა ქართველ გულშემატკივარს, რომელიც მთელი თამაში ჩვენთან ერთად იყო. სამწუხაროა, რომ სასურველ შედეგს ვერ მივაღწიეთ და იმედი მაქვს, რომ ამას შემდეგ თამაშში, თბილისში გამოვასწორებთ".
სხვა სიახლეები
ბიზნესის გაფართოება სესხით – როდის არის ეს სწორი არჩევანი?
31.08.2025.14:00
ბიზნესის გაფართოება ხშირად იმ მომენტიდან იწყება, როცა არსებული რესურსები კომპანიის ზრდის პოტენციალს ვეღარ უმკლავდება. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ბიზნესი წარმატებით ვითარდება, მომხმარებლების რაოდენობა მატულობს, მოთხოვნა იზრდება, მაგრამ არსებული ინფრასტრუქტურა, აქტივები და კაპიტალი ვეღარ პასუხობს ახალ გამოწვევებს და შესაძლებლობებს. სწორედ ასეთ დროს ჩნდება ლოგიკური შეკითხვა: ღირს თუ არა სესხის აღება და თუ – კი, მაშინ როგორ უნდა მივუდგეთ ამ საკითხს ისე, რომ სესხი განვითარების მასტიმულირებელი ფაქტორი გახდეს და არც დამატებითი ტვირთი.
ასეთ დროს, პირველი ნაბიჯი ყოველთვის საჭიროების შეფასებაა. ზუსტად უნდა იცოდეთ, კონკრეტულად რისთვის გჭირდებათ გაფართოება. იქნება ეს ახალი ფილიალის გახსნა, წარმოების მოცულობის გაზრდა, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, ახალი სერვისების დამატება, საერთაშორისო ბაზარზე გასვლა თუ სხვა. მოგეხსენებათ, ბიზნესში წარმატების წინაპირობა მკაფიო და რეალისტური სტრატეგიის ქონაა. თუ ამ ფუნდამენტურ შეკითხვაზე პასუხი მკაფიო და რაციონალურია, მაშინ სესხის აღება სწორ გადაწყვეტილებად შეიძლება ჩაითვალოს.
განვითარების სტრატეგიის დასახვის შემდეგ, აუცილებელია ზუსტად განსაზღვროთ, რა ოდენობის თანხა გჭირდებათ მიზნის მისაღწევად და როგორ გამოიყენებთ მას. ზედმეტი თანხის აღება ისეთივე არასწორია, როგორც ნაკლების, რადგან ორივე შემთხვევაში წარუმატებლობის რისკები იზრდება. ამიტომაც უნდა გააკეთოთ დეტალური ბიუჯეტი, სადაც გაწერილი იქნება თითოეული ხარჯი: შესყიდვებიდან დაწყებული, მარკეტინგული აქტივობებით, საოპერაციო ხარჯებით და პერსონალის მომსახურებით დამთავრებული.
ამ ეტაპზე კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბანკისთვის სწორად მომზადებული ბიზნესგეგმის წარდგენა. როგორც წესი, ბიზნესგეგმა კომპანიის საქმიანობის აღწერას, პროდუქტებისა და სერვისების ჩამონათვალს, ბაზრის ანალიზს, კონკურენტულ უპირატესობებს, გაყიდვების პროგნოზებს, ხარჯების სტრუქტურას და სესხის გამოყენების სქემას მოიცავს. ბიზნესგეგმის მიზანია არა მხოლოდ ბანკის დარწმუნება, არამედ თქვენი საკუთარი ხედვის განმტკიცება, რათა ზუსტად იცოდეთ, რა ნაბიჯებს გადადგამთ მიღებული დაფინანსებით. თუკი ბიზნესგეგმა არ გაქვთ, მის მომზადებაში საქართველოს ბანკი დაგეხმარებათ, რომლის გუნდი ნებისმიერ დროს მზად არის, გაგიწიოთ რეკომენდაციები, მოგცეთ საჭირო რჩევები და წარმატებით მიგიყვანოთ დასახულ მიზნამდე.
გასათვალისწინებელია, რომ სესხის მოთხოვნამდე სასურველია ფინანსური ისტორიის შემოწმება და მისი ოპტიმიზაცია. მაგალითად, საქართველოს ბანკი ყურადღებას აქცევს კომპანიისა და მეწარმის საკრედიტო პროფილს, წარსულ ვალდებულებებსა და მათი მომსახურების ხარისხს. თუ წარსულში დაფიქსირდა გადახდის დაგვიანება ან სხვა ფინანსური დარღვევა, სასურველია, რომ ეს საკითხები წინასწარ მოგვარდეს. როგორც წესი, დავალიანებების დაფარვა, მიმდინარე ვალდებულებების შემცირება და საბანკო ანგარიშების გამჭვირვალობა მნიშვნელოვნად ზრდის ახალი სესხის დამტკიცების შანსს.
უშუალოდ სესხის მიღების პროცესი საქართველოს ბანკში მაქსიმალურად მოქნილი და სწრაფია. ბანკი არამხოლოდ აფინანსებს ბიზნესს, არამედ გეხმარებათ დოკუმენტაციის მოწესრიგებაში, გიწევთ კონსულტაციას და გიზიარებთ რეკომენდაციებს, რათა თქვენი განაცხადი მაქსიმალურად მყარი იყოს და მიღებული დაფინანსება სწორად გამოიყენოთ.
თანაც, საქართველოს ბანკი ბიზნესის საჭიროებებსა და შემოსავლის სტრუქტურას ზუსტად ერგება. ის გთავაზობთ მოქნილ გადახდის გრაფიკს, რომელშიც ყოველთვიური გადახდები მორგებულია ბიზნესის შემოსავლებსა და სეზონურობაზე. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ საშეღავათო პერიოდით სესხის ძირზე, რაც დამატებით მოქნილობას იძლევა. გარდა ამისა, საქართველოს ბანკი წვდომას გაძლევთ საკრედიტო ხაზზე, რომელიც განკუთვნილია საბრუნავი კაპიტალისა და ყოველდღიური საოპერაციო ხარჯების დასაფინანსებლად. ეს მექანიზმი განსაკუთრებით გამოსადეგია იმ დროს, როცა საჭიროა სწრაფი წვდომა კაპიტალზე, რათა ბიზნესმა შეუფერხებლად იმუშაოს და განვითარება არ შეწყვიტოს.
საერთო ჯამში, ბიზნესის გაფართოებისთვის სესხის აღება სწორი არჩევანია მაშინ, როცა ყოველი დახარჯული ლარი სამომავლო პერსპექტივაში განხორციელებულ ინვესტიციას წარმოადგენს. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სესხი მხოლოდ ფინანსური ვალდებულება კი არა, განვითარების სტრატეგიული ინსტრუმენტია. თუ მას სწორად გამოვიყენებთ, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ის შეიძლება თქვენი კომპანიის ტრანსფორმაციის ფუნდამენტად იქცეს.