ჰელსინკში, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიების ფარგლებში, ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და ფინეთის სამეფოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ჰელსინკის ისტორიულ სასახლეში „The Finnish House of Nobility”, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიების ფარგლებში, ქართული ღვინის პროფესიული წარდგენა გაიმართა.
ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციას, რომელსაც ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ირაკლი ჩოლობარგია უძღვებოდა, დარგის ექსპერტები, ჰორეკა სექტორის წარმომადგენლები და იმპორტიორები დაესწრნენ. ირაკლი ჩოლობარგიამ მონაწილეებს ქართული ღვინის წარმოების ისტორია, ჯიშური მრავალფეროვნება, ქვევრის და ქვევრის ღვინის დაყენების ტექნოლოგია გააცნო.
ღონისძიების მეორე ნაწილი მოიცავდა საზეიმო მიღებას ფინეთის მთავრობის, დიპლომატიური კორპუსის და მედიის წარმომადგენლების, ასევე, ღვინის პროფესიონალებისა და ინფლუენსერებისთვის. საზეიმო მიღების დროს, ქართული ღვინის დეგუსტაცია ქართული ფოლკლორისა და პოლიფონიის თანხლებით ჩატარადა.
ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ბაზრების დივერსიფიკაციის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სკანდინავიისა და ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში, ბოლო წლებში, მრავალი მნიშვნელოვანი მარკეტინგული აქტივობა განხორციელდა. კერძოდ, ღვინის ეროვნულმა სააგენტომ შვედეთის სამეფოში, დანიის სამეფოსა და ისლანდიაში რამდენიმე მასშტაბური ღონისძიება გამართა. შედეგად, აღნიშნულ ქვეყნებში გამოიკვეთა ქართული ღვინით მზარდი დაინტერესება.
სხვა სიახლეები
ნავთობის ფასი ბოლო თვის მაქსიმუმამდე გაიზარდა
14.07.2026.14:28
ნავთობის ფასი თითქმის 3%-ით გაიზარდა და ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში უმაღლეს ნიშნულს მიაღწია მას შემდეგ, რაც აშშ-მა ირანის საზღვაო ბლოკადა განაახლა, ხოლო ორმა ქვეყანამ ჰორმუზის სრუტეში თავდასხმები გააძლიერა, რამაც ენერგონაკადების გარშემო გაურკვევლობა გაზარდა.
Reuters-ის ცნობით, Brent-ის მარკის ნავთობის ფიუჩერსები 1,50 დოლარით, ანუ 1,8%-ით გაიზარდა და ბარელზე 84,80 დოლარი შეადგინა, ხოლო ამერიკული West Texas Intermediate (WTI) 1,70 დოლარით, ანუ 2,2%-ით გაძვირდა და ბარელზე 79,84 დოლარი გახდა.
მანამდე ორივე კონტრაქტის ფასი ბარელზე 2 დოლარზე მეტით იზრდებოდა, თუმცა მოგვიანებით მათ პოზიციები ნაწილობრივ დათმეს. წინა დღეს Brent-ის ფასი 9,6%-ით გაიზარდა, რაც 2020 წლის მაისის შემდეგ ყველაზე დიდი ერთდღიანი ზრდა იყო.
ამჟამად ნავთობის ფასები ყველაზე მაღალ ნიშნულზეა მას შემდეგ, რაც ორმა ქვეყანამ 17 ივნისს ომის დასრულების შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი.