დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ადგილობრივ საწარმოებში უცხოელთა დასაქმების წილი 78%-ით გაიზარდა - კვლევა

ადგილობრივ საწარმოებში უცხოელთა დასაქმების წილი 78%-ით გაიზარდა - კვლევა

2023-05-18 13:30:46

მიუხედავად ყველაზე დაბალი მაჩვენებლისა, საქართველოში უმუშევრობის დონე კვლავ მაღალია – 2022 წელს უმუშევრობის დონემ 17.3% შეადგინა, - ამის შესახებ PMCG-ის კვლევაშია ნათქვამი.

PMCG-ის კვლევის თანახმად, შრომის ბაზარზე შემდეგი გამოწვევები გამოიკვეთა: 

1. შრომის ბაზრის ეფექტიანობა შემცირდა – ბევერიჯის მრუდის მიხედვით, შრომის ბაზრის ეფექტიანობა შემცირდა პოსტპანდემიურ პერიოდში, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით. მიუხედავად მაღალი უმუშევრობის დონისა, სპეციალისტების და სამუშაო ძალის ნაკლებობა ბიზნესსაქმიანობისთვის ძირითადი ხელის შემშლელი ფაქტორებია – BAG ინდექსის მიხედვით, 2023 წლის I კვარტალში, სპეციალისტების ნაკლებობა ბიზნესსაქმიანობისთვის ხელის შემშლელ ფაქტორად გამოკითხულ კომპანიათა 48%-მა დაასახელა, ხოლო სამუშაო ძალის ნაკლებობა - 47%-მა.

2. სამუშაო ძალის მიგრაცია გრძელდება - საქართველოში 15+ მოსახლეობის საერთო რაოდენობა მცირდება, ხოლო 2022 წელს საქართველოდან ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა აპლიკანტების რაოდენობა რეკორდულად მაღალი იყო.

3. საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა უნარებსა და ბიზნეს სექტორის საჭიროებებს შორის შეუსაბამობაა – BAG ინდექსის მიხედვით, 2022 წლის Iv კვარტალში, გამოკითხულ კომპანიათა თითქმის ნახევარს ჰქონდა კადრების მოძიებასთან დაკავშირებული სირთულეები აპლიკანტების არასაკმარისი ცოდნის დონისა და უნარების გამო.

4. გაიზარდა სამუშაოს მაძიებელთა სარეზერვო ხელფასი - ხელფასის ის მინიმალური ოდენობა, რაზეც სამუშაოს მაძიებელი თანახმა იქნება სამსახურის დაწყებაზე, გაზრდილია პოსტ-პანდემიურ პერიოდში, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით,4 რაც ზრდის ხელფასები-ფასების სპირალის წარმოქმნის რისკს.

2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, სამუშაო ძალა გაიზარდა 17,960 ადამიანით, ხოლო უმუშევრობის დონე 2022 წელს რეკორდულად დაბალ - 17.3%-მდე შემცირდა.

2022 წელს საქართველოში 15+ მოსახლეობის საერთო რაოდენობის საშუალო წლიური მაჩვენებელი პირველად ჩამოცდა 3 მილიონს და 2,989 ათასამდე შემცირდა.

2022 წლის მეოთხე კვარტალში, BAG ინდექსის მიხედვით, სპეციალისტების ნაკლებობა ბიზნესსაქმიანობისთვის ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ფაქტორია.

ასევე, გამოკითხული კომპანიების 24.5%-მა აღნიშნა, რომ თავიანთ კომპანიაში დაასაქმა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ საქართველოში დროებით მცხოვრები უცხოელები.

პრე-პანდემიურ პერიოდში (I კვ. 2018 - IV კვ. 2019), ბევერიჯის მრუდის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა იმყოფებოდა ექსპანსიის ფაზაში. ამ პერიოდში უმუშევრობის დონე მცირდებოდა და ვაკანსიების გამოცხადების დონე იზრდებოდა.

შრომის ბაზრის სიმჭიდროვის დონე

შესაბამისად, შრომის ბაზრის სიმჭიდროვის დონე გაიზარდა. პანდემიურ პერიოდში, (I კვ. 2020 - IV კვ. 2020), ბევერიჯის მრუდის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკა გადავიდა რეცესიის ფაზაში.

ამ პერიოდში უმუშევრობის დონე გაიზარდა, ხოლო ვაკანსიების გამოცხადების დონე შემცირდა. I კვ. 2021-ში, COVID-19-ის შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნის პარალელურად, ბევერიჯის მრუდი გადაადგილდა მარჯვნივ, კოორდინატთა სათავიდან გარეთ.

ამ პერიოდში გაუმჯობესდა დამსაქმებლების მოლოდინი, რაც აისახა ვაკანსიების გამოცხადების დონის ზრდაზე, თუმცა უმუშევრობის დონე თითქმის უცვლელი დარჩა. ეს გადაადგილება მიანიშნებს შრომის ბაზრის ეფექტიანობის შემცირებაზე.

აღსანიშნავია, II კვ. 2022-ში, ბევერუჯის მრუდი კიდევ ერთხელ გადაადგილდა კოორდინატთა სათავიდან ზემოთ, რაც მიანიშნებს შრომის ბაზრის ეფექტიანობის კიდევ უფრო შემცირებაზე.

ბევერიჯის მრუდის მიხედვით, III კვ. 2021 - II კვ. 2022 პერიოდში, ეკონომიკა კვლავ გადავიდა ექსპანსიის ფაზაში. ამ პერიოდში შრომის ბაზრის სიმჭიდროვის დონე გაიზარდა - ვაკანსიების გამოცხადების დონის ზრდასთან ერთად, შემცირდა უმუშევრობის დონე.

წინასწარი შეფასებით, III კვ. 2022-ში ბევერიჯის მრუდი შესაძლოა კიდევ ერთხელ გადაადგილდა - ამჯერად კოორდინატთა სათავისკენ, ვინაიდან უმუშევრობის დონე მკვეთრად შემცირდა, ხოლო ვაკანსიების გამოცხადების დონე მცირედით გაიზარდა, რაც შესაძლოა მიუთითებდეს, რომ შრომის ბაზრის ეფექტიანობის დონე ნელ-ნელა უბრუნდება პანდემიამდელ პერიოდს.

აღნიშნულზე საბოლოო დასკვნის საშუალებას მომავალი პერიოდების დაკვირვებები მოგვცემს. ბევერიჯის მრუდის მიხედვით, IV კვ. 2022-ში, III კვ. 2022-თან შედარებით, შრომის ბაზრის ეფექტიანობა გაიზარდა - შემცირდა უმუშევრობისა და ვაკანსიების გამოცხადების დონე, რაც მიანიშნებს პანდემიამდელი ეფექტიანობის დონისკენ მოძრაობაზე.

საბოლოო ჯამში, პოსტ-პანდემიურ პერიოდში შრომის ბაზრის ეფექტიანობა ჩამორჩება პანდემიამდელს, რაც შესაძლოა განპირობებული იყოს სხვადასხვა ფაქტორებით, როგორებიცაა: კადრების გადინება მომიჯნავე სექტორებში ქვეყნის ეკონომიკის სტრუქტურული ცვლილებების გამო, სამუშაო ძალის მიგრაცია, სამუშაოს მაძიებლების სარეზერვო ხელფასის ზრდა.

2022 წელს, 2021 წელთან შედარებით, დასაქმება მშენებლობის სექტორის გარდა ყველა სექტორში გაიზარდა.

ინფორმაციისა და კომუნიკაციების სექტორში დასაქმებულთა ასეთი ზრდა შესაძლოა, აიხსნას სექტორის ბუმით და უცხოელი მოქალაქეების გაზრდილი კონცენტრაციით. ასევე, დასაქმებულთა ზრდა განთავსებისა და საკვების მიწოდების სექტორში შეიძლება, აიხსნას საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობის ნაწილობრივი აღდგენითა და მიგრანტების შემოდინებით.

რა მოლოდინებია შრომის ბაზარზე

2023 წლის I კვარტალში გამოკითხულ კომპანიებს მომავალ სამ თვეში დასაქმების მიმართულებით უმეტესად დადებითი მოლოდინი აქვთ. 2023 წლის I კვარტალში, BAG დასაქმების ბარომეტრმა 34.0 ქულა შეადგინა, რაც 2022 წლის IV კვარტალთან შედარებით, 4.9 ქულით გაუმჯობესებული მაჩვენებელია.

2023 წლის I კვარტალში ბარომეტრის მაჩვენებელი დადებითია ყველა სექტორისთვის. 2023 წლის I კვარტალში დასაქმების ბარომეტრის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი მშენებლობის სექტორში ფიქსირდებოდა (69 ქულა), ყველაზე დაბალი კი მრეწველობის სექტორში - 25.

2023 წლის I კვარტალში, გამოკითხული კომპანიების 33%-მა გაზარდა დასაქმებულთა რაოდენობა, 7%-მა შეამცირა, ხოლო 60%-მა არ შეცვალა. გამოკითხული კომპანიების 45% გეგმავს გაზარდოს დასაქმებულთა რაოდენობა 2023 წლის II კვარტალში, 5% გეგმავს შემცირებას, ხოლო 50% არ აპირებს რაოდენობის ცვლილებას.

2023 წლის II კვარტალში დასაქმების მიმართულებით ყველაზე პოზიტიური მოლოდინი მშენებლობის სექტორში ფიქსირდება, სადაც 2023 წლის II კვარტალში, კომპანიათა 69% გეგმავს დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას.

ვის ითხოვს შრომის ბაზარი

2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის მარტის ჩათვლით, 38,836 ვაკანსია გამოქვეყნდა jobs.ge-ზე, რაც 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 20.0%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის მარტის ჩათვლით, jobs.ge-ზე გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა საშუალოდ თვიურად 0.5%-ით მცირდებოდა. 2023 წლის მარტში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობა 19.4%-ით მეტია 2023 წლის თებერვალში გამოქვეყნებული ვაკანსიების რაოდენობასთან შედარებით.

2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის მარტის ჩათვლით, 7,047 ვაკანსია გამოქვეყნდა ფინანსების, სტატისტიკის კატეგორიაში, რაც 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 42.5%-ით, ხოლო 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 179.9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის მარტის ჩათვლით, 10,658 ვაკანსია გამოქვეყნდა გაყიდვები/შესყიდვების კატეგორიაში, რაც 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 21.4%-ით, ხოლო 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 154.2%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

2022 წლის ოქტომბრიდან 2023 წლის მარტის ჩათვლით, 9,008 ვაკანსია გამოქვეყნდა ადმინისტრაცია/მენეჯმენტის კატეგორიაში, რაც 2021-2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 27.8%-ით, ხოლო 2020-2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 154.0%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.

საწარმოებში უცხოეთის მოქალაქეების დასაქმების წილი იზრდება

2022 წლის 1სექტემბრის მდგომარეობით, საწარმოთა 8%-ს (3,884) ჰყავს 17,851 უცხო ქვეყნის მოქალაქე დასაქმებული, რაც მთლიანი დასაქმების 2%-ია. აღსანიშნავია, რომ 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება 78%-ით გაიზარდა.

2022 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეთა 45% მსხვილი ზომის საწარმოებზე მოდის, 14% საშუალოზე, ხოლო 41% მცირე ზომის საწარმოებზე. 2022 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, დასაქმებულ უცხოელთა 74% თბილისშია თავმოყრილი, ხოლო 26% - დანარჩენ რეგიონებში. 

ხელფასის მიმღებთა საშუალო რაოდენობა

2023 წლის მარტში, ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ თვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3.9%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.3%-ით არის გაზრდილი. 2023 წლის მარტში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 0- დან 599 ლარამდე თვიურ ხელფასს, 18.8%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 5.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 9.2 პროცენტული პუნქტით შემცირებული მაჩვენებელია.

2023 წლის მარტში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 2,400 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 21.4%-ს შეადგენდა, რაც 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 8.1 პროცენტული პუნქტით გაზრდილი მაჩვენებელია.

2023 წლის მარტში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს, 2022 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 29.9%-ით, ხოლო 2021 წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 67.5%-ით არის გაზრდილი. 2023 წლის მარტში, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც იღებდნენ 9,600 ლარს ან მეტ ხელფასს, 3.1%-ს შეადგენდა.

დაქირავებით დასაქმებულთა ხელფასი

საქართველოში 2015 წლიდან 2022 წლამდე დაქირავებით დასაქმებულთა ნომინალური ხელფასი 76.8%-ით გაიზარდა. თუმცა ინფლაციის გათვალისწინებით, იმავე პერიოდში ხელფასების ზრდამ მხოლოდ 17.6% შეადგინა.

აღსანიშნავია, რომ მშპ-ს რეალური ზრდა 2015-იდან 2022 წლამდე შეადგენდა 34.7%-ს, რაც ორჯერ აღემატება ინფლაციაზე მორგებული ხელფასის ზრდას. ეს იმაზე მეტყველებს, რომ საქართველოში მშპ-ს რეალური ზრდა პროპორციულად არ აისახებოდა მუშახელის ხელფასებზე.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები