დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
„ამბასადორი თბილისში“ ხანძრის შემდეგ ზარალის შეფასება მიმდინარეობს

„ამბასადორი თბილისში“ ხანძრის შემდეგ ზარალის შეფასება მიმდინარეობს

2023-04-02 12:17:53

„გაცნობებთ, რომ გუშინ „ამბასადორი თბილისში“ გაჩენილი ხანძრის მიუხედავად, სასტუმროს მეორე ფლიგელი მუშაობს ჩვეულ რეჟიმში და სრული დატვირთვით.

ვაგრძელებთ სტუმრების მიღებას და მასპინძლობას უსაფრთხოების ყველა წესისა და სტანდარტის გათვალისწინებით“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სასტუმრო Facebook-ზე ავრცელებს. 

„აქვე, ვაზუსტებთ, რომ მუშაობას აგრძელებს ჩვენს შენობაში არსებული რესტორანი A.T • Kitchen და მისი კაფე-ტერასა, აუზი და სპა, მაღაზიები „არომატეკა“ და „სტეფანო რიჩი“. დროებით დაკეტილია რესტორანი Qartuli • ქართული და სილამაზის სალონი Ambassadori Beauty.

რაც შეეხება ლაუნჯ-ტერასა Mozaiko / მოზაიკოს, სამწუხაროდ ის ხანძრის შედეგად სრულად დაიწვა.

დიდ მადლობას გიხდით თანადგომისთვის“,- ნათქვამია განცხადებაში. 

„ამბასადორი ჯგუფის“ ინფორმაციით, ხანძარი სასტუმროს მესამე სართულზე ერთ-ერთ ოთახში გაჩნდა, შედეგად დაიწვა ეს კონკრეტული, ასევე მის გვერდით არსებული ოთახები და დერეფანი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული სრულად დაიწვა მეოთხე სართული, სადაც ლაუნჯ-ტერასა „მოზაიკო“ იყო განთავსებული.

„ამ დროისთვის ზარალის შეფასება მიმდინარეობს და ჯერჯერობით არაფრის თქმა არ შეგვიძლია“, - აღნიშნავენ „ამბასადორი ჯგუფში“.

მანამდე, ცნობილი გახდა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ სასტუმრო „ამბასადორში“ ცეცხლის გაჩენის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული ა.ლ. ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ, თბილისში მდებარე სასტუმრო „ამბასადორის“ ერთ-ერთ ნომერში მყოფმა სტუმარმა გააჩინა ხანძარი, რომელიც გავრცელდა სასტუმროს მესამე და მეოთხე სართულზე.

შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გამოცხადდნენ სამართალდამცველები და მეხანძრე-მაშველები, რომლებმაც დაიწყეს ხანძრის ქრობის სამუშაოები.

სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები