დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
აშშ-ს შემდეგ ,,სახე-დარის“ ვირის რძის პროდუქტები ჩინეთშიც გაიყიდება

აშშ-ს შემდეგ ,,სახე-დარის“ ვირის რძის პროდუქტები ჩინეთშიც გაიყიდება

2023-03-24 13:00:13

„სახე-დარი“ ექსპორტის გაფართოებას გეგმავს. საქართველოში წარმოებული ვირის რძის პროდუქტები ამ ეტაპზე აშშ-ში გადის. ექსპორტის ხაზს უახლოეს პერიოდში ჩინეთიც დაემატება, რაზეც მხარეებს შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს.

როგორც კომპანია ,,სახე-დარის“ დამფუძნებელი თემურ ლომიძე Business Insider Georgia- თან ამბობს, ჩინეთში მაქსიმალურად ცდილობენ წარმოების მაქსიმალურად ათვისებას და ყველა პროდუქტის დამზადებას, რაც შეიძლება ვირის რძისგან იწარმოებოდეს. დიდი მოთხოვნაა ასევე ცოცხალ პირუტყვზეც, მაგრამ მიწოდების უზრუნველყოფა რეალურად შეუძლებელია.

„მსოფლიოში სულ რამდენიმე ქვეყანაა, რომელიც ვირის რძითა და რძის პროდუქტებით არის დაინტერესებული. ჩვენ ამის კულტურა ვერ დავნერგეთ. საქართველოში უფრო მაინც ფარმაცევტული ხაზი ვითარდება, საკვებ მრეწველობაში ვირის რძე და ყველი იშვიათად გამოიყენება. თუმცა დიდ ინტერესს ავლენენ ფრანგები, იტალიელები, სერბები, ჩინელები და ამერიკელები. ჩინელები მაქსიმალურად ცდილობენ ვირის რძე და პროდუქტები აითვისონ, რის წარმოებაც შესაძლებელია. ჩინეთში რძესთან ერთად, ცოცხალი ვირის ექსპორტის განხორციელებას ვგეგმავთ. მოთხოვნაა 5 000 სულ სახედარზე, რაც ძალიან ბევრია. საკუთარი სახსრებით მიწოდებას ვერ უზრუნველვყოფთ. თუმცა ვცდილობთ დამატებით ინვესტიციების მოზიდვას“, - ამბობს თემურ ლომიძე.

რაც შეეხება აშშ-ს ბაზარს, ძირითადად რძის ფხვნილი და კოსმეტიკური ხაზი გადის - კრემები და საპნები.

საექსპორტო ბაზრის გაფართოების მიზნით ,,სახე-დარი“ 1000 სულიანი ინკუბატორის შექმნაზე მუშაობს. კომპანია ბიზნეს-პარტნიორს ეძებს. საინვესტიციო პროექტის ღირებულება 2,5 მილიონი ლარია.

კომპანიაში ამ ეტაპზე 4 ადამიანია დასაქმებული. წარმოების გაზრდის შემთხვევაში ,,სახე-დარი“ გაცილებით მეტი ადამიანის დასაქმებას შეძლებს.

ვირების ფერმა „სახე-დარი“ გარდაბნის რაიონის სოფელ სააკაძეში 20-30 ჰა ტერიტორიაზე 2016 წელს დაფუძნდა და წლიურად 700-800 ლიტრ ვირის რძეს აწარმოებს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები