დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბიზნესის პორტფელში რეინვესტირებისა და  სააქციო კაპიტალის წილი გაზრდილია - სოსო არჩვაძე

ბიზნესის პორტფელში რეინვესტირებისა და სააქციო კაპიტალის წილი გაზრდილია - სოსო არჩვაძე

2023-03-10 16:29:00

ინვესტიციებისთვის გეოგრაფიული არეალი ფართოვდება. საქართველო განვითარებული ქვეყნების ინვესტორებისთვის თანდათან უფრო მიმზიდველი ხდება.

ქვეყნების სათავეში  გაერთიანებული სამეფოა, რომლის წილიც ინვესტიციებში 21,4%, თუმცა ამავე დროს მაღალია აშშ-სა და ევროპის ქვეყნების წილი და ჯამურად მთელი ინვესტიციების ¾-ს შეადგენს. როგორც სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე  Business Insider Georgia - თან განმარტავს, მაღალგანვითარებული ქვეყნების დაინტერესებას საქართველოს ბიზნესგარემოთი ძირითადად განაპირობებს სანდოობისა და საკუთრების დაცულობის მხრივ ქვეყანაში არსებული მდგომარეობა.

,,საქართველოსთვის დიდი შედეგია, რომ ინვესტიციების მთავარი, 3/4  მოდის ევროპულ და ამერიკულ ინვესტიციებზე. ეს ნიშნავს, რომ ეს ქვეყნები, სადაც განსაკუთრებით დიდი როლი აქვს უსაფრთხოებას, სამართლიანობას, ინვესტიციების დაცულობას და კანონის უზენაესობას, საკმაოდ ობიექტურად აფასებენ საქართველოში არსებულ მდგომარეობას და ამიტომ უფრო თამამად მოდიან ინვესტიციების განხორციელების მხრივ საქართველოში. აშკარაა, რომ სანდოობის და საკუთრების დაცულობის თვალსაზრისით  ქვეყანაში კარგი მდგომარეობაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ამ მასშტაბის ინვესტირება ვერ მოხდებოდა და უცხოური კაპიტალი ასეთი დიდი რაოდენობით ვერ შემოვიდოდა. ინვესტიციების მხრივ საქართველო რეგიონში ლიდერია და ეს ჩვენი ბონუსია, რაც ხაზს უსვამს საქართველოს საინვესტიციო გარემოს მიმზიდველობას უცხოურის სექტორისთვის“, - ამბობს სტატისტიკოსი.

რაც შეეხება არაბულ ინვესტიციებს, არჩვაძის შეფასებით, არაბი ინვესტორებისთვის განსაკუთრებით მიმზიდველია კაპიტალდაბანდება ისეთ სფეროებში, როგორიცაა  საფინანსო სფერო და უძრავი ქონება.

გარდა ამისა, რაზეც არჩვაძე ყურადღებას ამახვილებს რეინვესტირების მაღალი მაჩვენებელია, რითაც საქართველომ ბოლო წლების განმავლობაში სოლიდურ შედეგს მიაღწია.

„ინვესტიციების კუთხით  ბევრად წინ წაიწია ქვეყანამ. დარგობრივზე მეტად საინტერესოა მისი შინაარსობრივი სტრუქტურა, კერძოდ, ვალდებულებები უცხოეთთან, ქართული და უცხოური კაპიტალის თანამონაწილეობის  შედეგად ადგილობრივი ბიზნესი უფრო მყარად  დადგა მიწაზე, გაიზარდა რეინვესტირებისა და  სააქციო კაპიტალის სიდიდე.

კერძოდ, ვინც უცხოური კაპიტალის  შემომტანი იყო საქართველოში, ინვესტირებას აგრძელებს, ხოლო ადგილობრივ კაპიტალში გაიზარდა აქციონერების წილი და ცდილობს მიაღწიოს უფრო სოლიდურ შედეგს. როდესაც საერთაშორისო პროექტები დაიწყება  - ანაკლიის პორტი, შავ ზღვაზე გამავალი მაღალი ძაბვის წყალქვეშა კაბელის მშენებლობა და სხვა, ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობას უფრო მეტად გაზრდის და  საქართველო გახდება  ძალიან საინტერესო და  საიმედო პოლიგონი ინვესტიციებისთვის“, - ამბობს სოსო არჩვაძე  Business Insider Georgia - თან.

შეგახსენებთ, რომ  საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წელს 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის დაზუსტებულ მონაცემებს 61.1 პროცენტით აღემატება. საქსტატის ცნობით, სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით) 2022 წელს 56.5 პროცენტი შეადგინა.პირველ ადგილზე გაერთიანებული სამეფო იმყოფება 21.4 პროცენტით, მეორეზე - ესპანეთი 18.3 პროცენტით, ხოლო მესამეზე - აშშ 8.2 პროცენტით.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

5 საათის წინ

5 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები