დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
დიზაინზე დაკვეთების 100%-ი ახალი ბინებისა და სახლების მფლობელებზე მოდის - „აპარტ შოურუმი“

დიზაინზე დაკვეთების 100%-ი ახალი ბინებისა და სახლების მფლობელებზე მოდის - „აპარტ შოურუმი“

2023-05-03 09:30:43

კომპანია „აპარტ შოურუმი", რომელიც მშენებლობასა და რემონტთან დაკავშირებული სრული მომსახურების გაწევაზეა ორიენტირებული შეკვეთების ზრდის შესახებ აცხადებს.

როგორც კომპანიის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ნინო კიკაბიძემ Business Insider Georgia- თან განაცხადა, „აპარტ შოურუმის“ სერვისებზე მოთხოვნა სულ არის.

„კომპანია 2016 წელს დარეგისტრირდა, როგორც დიზაინერ-იმპორტიორი კომპანია და სარემონტო მომსახურებით ოპერირება უკვე 2018 წლიდან დავიწყეთ.

კომპანია „აპარტ შოურუმი“ ცალკე, როგორც სარემონტო მომსახურების სერვისის მიმწოდებელი ოფიციალურად 2020 წელს გაიხსნა.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის სარემონტო მომსახურების სახით ბაზარზე შემოსვლას პანდემია დაემთხვა, მინდა გითხრათ, რომ ჩვენს სერვისებზე მოთხოვნა სულ იყო. საგანგებო მდგომარეობის დროს, როდესაც ოფისი დაკეტილი იყო პროექტებზე მუშაობა უწყვეტად მიმდინარეობდა“, - განმარტავს "აპარტ შოურუმის“ერთ-ერთი დამფუძნებელი.

ნინო კიკაბიძის თქმით, კომპანიის მიზანია, რომ დამკვეთს მაქსიმალური კომფორტი მიანიჭოს.

„ეს ნიშნავს იმას, რომ "აპარტ შოურუმი“ ერთ წერტილში, ერთ სივრცეში კომპლექსურად მოემსახუროს ობიექტს, იმიტომ, რომ დამკვეთს არ მოუწიოს ცალკე რაღაცის საძებნელად სირბილი, ან რაღაც დეტალზე სხვა კომპანიისთვის მიმართვა.

დაწყებული ნულიდან დიზაინის მომსახურებით, მისივე ხარჯთაღრიცხვით და რეალური ვიზუალიზაციით ჩვენი კომპანია აკეთებს ყველაფერს. შემდეგ უკვე სარემონტო პროცესის გარკვეულ ეტაპზე ხდება თადარიგის დაჭერა ავეჯით კეთილმოწყობაზე, თუ დამკვეთის მოთხოვნაა, კონკრეტულად რომელიმე ევროპული ავეჯის ბრენდები, მაშინ ამასაც ჩვენი კომპანია ასრულებს.

ავეჯის იმპორტს 2016 წლიდან ვახორციელებთ. კომპანიას 300-ზე მეტი პარტნიორი ქარხანა ჰყავს და შეგვიძლია, რომ ნებისმიერი პროდუქცია ავეჯი თუ მოსაპირკეთებელი მასალები თავად შემოვიტანოთ“, - აცხადებს ნინო კიკაბიძე.

„აპარტ შოურუმის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის თქმითვე, კომპანიის დამკვეთების 90% კერძო პირები არიან. კერძო დაკვეთების თითქმის 100% კი ახალაშენებულ ბინებისა და სახლებზე მოდის.

რაც შეეხება თუ რა სტილს ირჩევენ "აპარტ შოურუმის“ დამკვეთები, ნინო კიკაბიძე ამბობს, რომ უპირატესობა ახალ კლასიკას და მინიმალისტურ სტილს ენიჭება.

„შესაძლოა, ერთგვარი დამთხვევაც ვუწოდოთ, ვინაიდან უმეტესწილად უცხოელი დამკვეთები გვყავს და ალბათ მათი შეხედულებაც და გემოვნებაც ერთ სივრცეში ტრიალებს - ეს არის ახალი კლასიკა ან მინიმალისტური. ნაკლებად ეტანებიან ლოფტის და მსუბუქ თანამედროვე სტილს.

ხაზგასმით ითხოვენ ახალ კლასიკას, პროვანსს და მინიმალისტურ სტილს. ჩვენი უცხოელი დამკვეთების 40%-ი ევროკავშირის მოქალაქეები არიან, დანარჩენი კი სხვა ქვეყნების“, - ამბობს ნინო კიკაბიძე.

მისივე განმარტებით, დღეისათვის "აპარტ შოურუმს“ ფილიალი აქვს ბათუმში, ხოლო გუდაურში მდებარე ობიექტებს თბილისიდან კურირებს.

რაც შეეხება დიზაინის ფასებს, ის ბევრ ნიუანსზეა დამოკიდებული თუმცა საშუალო ფასი 1 მ/კვ-ზე 15-30 დოლარია.

„ჩვენ დიზაინს რეალური მასალებისგან ვაკეთებთ ანუ რისი შოვნაც ადგილობრივ ბაზარზე შეიძლება ან თავად შეგვიძლია რომ უზრუნველვყოთ მისი ჩამოტანა“, - აცხადებს ნინო კიკაბიძე. "აპარტ შოურუმის“ დამფუძნებელი დარგში არსებულ კადრების დეფიციტზეც ამახვილებს ყურადღებას და განმარტავს, რომ „კადრების დეფიციტი არის. დიდი ხანია გარკვეულ პოზიციაზე მაქვს ვაკანსია გამოცხადებული და კონტინგენტი არ ჩანს“.

„აპარტ შოურუმი“ წარმოადგენს დიზაინერულ-არქიტექტურულ კომპანიას, რომელიც დაარსდა 2016 წელს და ბიზნეს-საქმიანობა დაიწყო იმპორტით. მალევე კომპანიის საქმიანობა სარემონტო სამუშაოების სერვისით გაფართოვდა.

დღეისათვის აპარტ შოურუმი თავის მომხმარებლებს უკვე სთავაზობს მომსახურებას თბილისსა და ბათუმში შემდეგი მიმართულებებითაც: არქიტექტურული პროექტირება, ლანდშაფტის დიზაინი, მშენებლობა, ინტერიერის დიზაინი, ექსტერიერის დიზაინი და კეთილმოწყობა.

„აპარტ შოურუმი“ მუდმივად ორიენტირებულია მომხმარებელზე და მორგებულია მათ სურვილებს, სწორედ ამის დამსახურებაა რომ ჩვენ პირველმა შევქმენით პრემიუმ კლასის მომსახურება, სადაც ჩვენს მომხმარებლებს ერთ სივრცეში შეუძლიათ ყველა იმ სერვისის მიღება, რომლებიც საჭიროა ნებისმიერი სივრცის სრულყოფილი კეთილმოწყობისთვის“, -აცხადებენ კომპანიაში.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

1 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები