დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ძაღლის ტანსაცმლისა და აქსესუარების ქართული ბრენდი „ფოფსი“ ექსპორტისთვის ემზადება

ძაღლის ტანსაცმლისა და აქსესუარების ქართული ბრენდი „ფოფსი“ ექსპორტისთვის ემზადება

2023-03-28 10:30:36

ძაღლის ტანსაცმლისა და აქსესუარების მწარმოებელმა ქართულმა ბრენდმა ,,ფოფსიმ“ ასორტიმენტს ძაღლის საწოლები დაამატა.

როგორც კომპანიის დამფუძნებელი გვანცა წერეთელი Business Insider Georia-თან ამბობს, ქართულ ბაზარზე დიდი მოთხოვნის გამო წარმოებაში ახალი ხაზი ჩაუშვეს - საწოლები, რომელიც ევროპულ სტანდარტს მაქსიმალურად აკმაყოფილებს.

კომპანიის გეგმაშია ექსპორტზე გასვლა, სავარაუდოდ, ევროპის ქვეყნებში, რაზეც მუშაობა დაწყებულია.

„ვცდილობთ, რომ პროდუქცია ყველა ჯიშის ძაღლისთვის ხელმისაწვდომი იყოს. სხვადასხვა ტიპის სამოსსა და აქსესუარებს ვამზადებთ. ტანსაცმლის გარდა, უკვე საწოლებსაც ვაწარმოებთ, რომლებზეც მოთხოვნა მთელი წლის განმავლობაშია.

იმპორტი ძვირია, ამიტომ ადგილობრივი წარმოების საწოლებზე ბაზარზე დიდი მოთხოვნაა. გარდა იმისა, რომ ხარისხიან პროდუქციას ვქმნით, ჩვენი დამზადებული საწოლების შიგთავსი ირეცხება. ეს განსაკუთრებით საყურადღებო დეტალია, ვინაიდან ბაზარზე არსებული საწოლების 95% არ ირეცხება", - ამბობს გვანცა წერეთელი და დასძენს, რომ მუდმივად მატულობს ოჯახების რაოდენობა, რომლებსაც ძაღლები ჰყავთ.

შესაბამისად, ბაზარზე როგორც სამოსზე, ისე საწოლებზე მოთხოვნა მზარდია.

„2020 წლის შემოდგომაზე დავიწყეთ საქმიანობა. 2022 წელს, წინა 2021 წელთან შედარებით, გაყიდვები თითქმის გასამმაგდა. იზრდება  იმ ოჯახების რაოდენობა, რომელთაც შინაური ცხოველები ჰყავთ. ტანსაცმელი უფრო სეზონური პროდუქტია, ძირითადად გაყიდვები მაღალია ცივ ამინდებში - სექტემბრიდან იწყება და პიკს წინა საახალწლო პერიოდში აღწევს, ხოლო საწოლები ყველა სეზონზე მოთხოვნადია.

საზღვარგარეთ პროდუქციას ძირითადად ემიგრანტები გვიკვეთავენ. ვგეგმავთ, ამას აქტიური სახე მივცეთ და ექსპორტზე გავიტანოთ ტანსაცმელი და საწოლები. პრიორიტეტული ევროპული ქვეყნებია. სტაბილური ბაზარია და ფასიც შესაბამისია", - ამბობს გვანცა წერეთელი.

რაც შეეხება ფასებს, „ფოფსის" ძაღლის საწოლების ღირებულება 69 ლარიდან იწყება 175 ლარამდეა. ტანსაცმლის შემთხვევაში, ეს მაჩვენებელი 35 ლარიდან 70 ლარის შუალედში მერყეობს.

„ფოფსის" პროდუქცია იქმნება როგორც პატარა, მომცრო ტანის, ასევე დიდი ჯიშის ძაღლებისთვის, რაც ადგილობრივ ბაზარზე აქამდე დეფიციტური იყო.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები