დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ემილ ავდალიანი | ალბათობა, რომ საქართველომ დაკარგოს სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია, დაბალია

ემილ ავდალიანი | ალბათობა, რომ საქართველომ დაკარგოს სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია, დაბალია

2022-12-18 07:28:32

ყარაბაღის ომის შედეგებზე აზერბაიჯანისა და სომხეთისათვის, ასევე იმაზე, თუ რა გავლენას იქონიებს ომის შედეგები სამხრეთ კავკასიაზე, რუსეთისა და თურქეთის როლზე რეგიონში, ასევე იმაზე, რამდენად შეიცვალა სამხრეთ კავკასია ყარაბაღში განვითარებული პროცესების ფონზე და რამდენად შეიტანა მან საქართველოს დღის წესრიგში კორექტივები, “ინტერპრესნიუსი“ ჯეოქეისის არა-რეზიდენტ მკვლევარს, აღმოსავლეთმცოდნე, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორს, ემილ ავდალიანს ესაუბრა.

 

- ბატონო ემილ, ყარაბაღის ომის შედეგებზე ბევრი რამ დაიწერა და ითქვა, მაგრამ არის თემები, რომლებზეც ნაკლებად მახვილდება ყურადღება, არადა სწორედ ეს დეტალებია მნიშვნელოვანი, რომლის გარეშე მთელი სურათის დანახვა ჭირს.
 

თქვენ როგორ შეაფასებდით ამჯერად აზერბაიჯანის სასარგებლოდ დასრულებული ყარაბაღის ომის შედეგების იმ დეტალებს, რომლებმაც დააკანონეს ომის ის შედეგები, რომლის გამო ბაქოში ზეიმობენ, ერევანში პრემიერის გადაგომას მოითხოვენ, ხოლო მოსკოვი ცდილობს ახლა ორივე მხარე დააშოშმინოს და რასაც დასავლეთი და აშშ თვალს მხოლოდ შორიდან ადევნებს?
 

- წმინდა სამხედრო კუთხით აზერბიაჯანმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ბაქომ დიდი ტერიტორიები დაიბრუნა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საკუთრივ მთიანი ყარაბაღის ნაწილსაც დაეუფლა. ამაზე ბევრი რამ ითქვა და ამიტომაც დეტალებში აქ არ შევალ.
 

მხოლოდ ერთს დავამატებ - ქალაქი შუშა, რომელსაც ახლა უკვე აზერბაიჯანელები აკონტროლებენ, მომავალში ბაქოს შესაძლებლობას მისცემს სტეფანაკერტზე, აზერბაიჯანულად ხანქენდიზე, მოახდინოს გავლენა.
 

რა თქმა უნდა, მანდ რუსები დგანან, მაგრამ სტეფანაკერტში მცხოვრები სომხები მუდამ სამხედრო საფრთხის ქვეშ იქნებიან, რადგან შუშამდე სულ რამდენიმე კილომეტრია.
 

ომის შედეგები იმდენად მოულოდნელი და მძიმე აღმოჩნდა სომხეთისთვის, რომ შესაძლებელია რევანშის გრძნობამ დაისადგუროს მომდევნო, როგორც სომხურ პოლიტიკურ ელიტაში, ასევე ზოგადად მოსახლეობაში. ეს და სხვა პრობლემები ზღუდავს ყარაბაღის კონფლიქტის გრძლევადიანი მოგვარების პერსპექტივას.
 

- დამკვირვებელთა უმრავლესობის მტკიცებით, ყარაბაღში რუსი სამშვიდობოების ჩაყენებით კრემლმა სამხრეთ კავკასიაში პოზიციები გაიმყარა. მეორენი ამტკიცებენ, რომ სამხრეთ კავკასიაში პოზიციები ასევე გაიმყარა თურქეთმა, რომლის ჯარისკაცები მონიტორინგს გაუწევენ ყარაბაღში დისლოცირებულ რუს სამშვიდობოებს.
 

დამკვირვებელთა ნაწილი იმაზეც საუბრობს, რომ ყარაბაღის ომის შედეგებით შესუსტდა დასავლეთისა და აშშ-ს როლი სამხრეთ კავკასიაში. რადგან ამ თემაზე ამგვარი აზრთა მრავალფეროვნებაა, კითხვას ასე დავსვამდი - თუ ყარაბაღის ომის შედეგებით აზერბაიჯანის გარდა, რუსეთიც და თურქეთიც მოგებულია, ხოლო რეგიონში დასავლეთის პოზიციები შესუსტებულია, სავარაუდოდ რა ნაბიჯებია მოსალოდნელი ამავე რეგიონში ერთი მხრივ რუსეთის, ხოლო მეორე მხრივ თურქეთის მხრიდან?
 

- სამხედრო უპირატესობის მიუხედავად, მოსკოვი ყარაბაღში რამდენიმე სერიოზულ პრობლემას ეჯახება. პირველ რიგში, ეს ეხება იძულებით გადაადგილებული აზერბაიჯანელების გათავისუფლებულ ტერიტორიებზე დაბრუნებას და ამ პროცესთან დაკავშირებული სირთულეებს.
 

ასევე რთული იქნება მშვიდობის შენარჩუნება სომხურ და აზერბაიჯანულ მხარეებს შორის გამყოფი ხაზის გასწვრივ. ორი მოწინააღმდეგე მხარის ასეთი სიახლოვე უამრავ შესაძლებლობას შექმნის სამხედრო პროვოკაციებისთვის.
 

ამის გარდა, მოსკოვის შეშფოთებას იწვევს ის, რომ ნატოს წევრი თურქეთი ახლა სამხრეთ კავკასიაში მნიშვნელოვანი სამხედრო მოთამაშე გახდა. თურქეთი სერიოზულად განიხილავს აზერბაიჯანში ჯარის გაგზავნის საკითხს და სავარაუდოთ ეს მოხდება კიდევაც.
 

მაგალითისთვის, ომამდე ეს წარმოუდგენელი იქნებოდა - აზერბაიჯანის ხელისუფლება არ მოისურვებდა, რომ თურქეთის ჯარის გამოჩენით ბაქოს მოსკოვთან აწყობილი კონსტრუქციული ურთიერთობა დაზარებულიყო. მაგრამ, ყარაბაღის ომის შედეგად აზერბაიჯანში რუსული ჯარის დაყენებით, აზერბაიჯანი უფრო თავისუფლად განიხილავს თურქეთის ჯარების თავის მიწაზე განლაგების საკითხს. დღეს, ბაქოში ამ საკითხს, ერთგვარად, რუსეთის გაზრდილი სამხედრო გავლენის საპირწონედ განიხილავენ.
 

რაც მთავარია, რუსეთს ახლა ნაკლებად აქვს შესაძლებლობა ხელი შეუშალოს თურქების ჯარის განლაგებას აზერბაიჯანში და ეს არის ის ერთ-ერთი მთავარი მიღწევა, რაც ანკარას ხვდა წილად. თავის მხრივ, ეს მეტყველებს რეგიონში რუსეთის საგარეო პოლიტიკური ბერკეტების ერთგვარ შეზღუდულობაზეც.
 

რუსეთი, როგორც რეგიონში დომინანტი ძალა, წესით უფრო ორი მოწინააღმდეგე მხარეების დაახლოებაზე უნდა ემუშავა, თავისი ავტორიტეტით აეძულებინა ერევანი და ბაქო საბრძოლო მოქმედებებში არ მიეღოთ მონაწილეობა. ასე მოხდა 2016 წელს, როდესაც ოთხდღიანი კონფლიქტის შემდეგ მოსკოვი ჩაერია და შეაჩერა ომი. 2020 წლისთვის რუსეთის ეს შესაძლებლობები შემცირდა.
 

უკვე წლებია სამხედრო ძალთა ბალანსი სომხეთსა და აზერბაიჯანს იმდენად გადაიხარა ამ უკანასკნელის მხარეს, რომ მოსკოვი ვეღარ ახერხებდა არსებული სტატუს-ქვოს შენარჩუნებას. ამაში დიდი როლი აზერბაიჯანისთვის თურქეთის მიერ გაწეულმა მხარდაჭერამაც ითამაშა.
 

თურქეთმა სხვა მხრივათაც ისარგებლა. შეთანხმებული დერეფანი, რომელიც ნახიჩევანს სომხეთის გავლით დანარჩენ აზერბაიჯანთან აკავშირებს, ანკარას, თეორიულად, კასპიის ზღვაზე გასასვლელის კიდევ ერთ მარშრუტს აძლევს. ეს იყო თურქული საგარეო პოლიტიკის დიდი ხნის ამბიცია, მოყოლებული ჯერ კიდევ ათათურქის დროიდან.
 

მაგალითად, ყარსის ხელშეკრულებამ (1921 წ.) თურქეთს მიანიჭა პირდაპირი სახმელეთო დერეფანი ნახიჩევანისკენ. შემდეგ, 1930-იან წლებში ირანთან მიწის გაცვლის შედეგად თეირანმა უარი თქვა ამ ტერიტორიებზე თავის პრეტენზიებზე.
 

თუ რამდენად სერიოზულად აღიქვამენ თურქები ამ დერეფანს, ნათლად ჩანს იმაში, რომ ანკარაში 2020 წელს გამოაცხადეს რეგიონისადმი რკინიგზის გაყვანის გადაწყვეტილება. ამას ემატება რამდენიმე თვის წინანდელი განცხადება გაზსადენის გაყვანის თაობაზე.
 

დერეფნის შექმნის გადაწყვეტილებით ნათლად ჩანს, რომ რუსეთის ინტერესები რეგიონში ნაწილობრივ ზარალდება. თურქეთის შეღწევადობა აზერბაიჯანში და კასპიის რეგიონში იზრდება.
 

მართალია, შეიძლება სომხეთმაც ისარგებლოს დერეფნით წმინდა ფინანსური კუთხით, მაგრამ ამ მომენტისთვის ბევრი გადაუწყვეტელი საკითხი არსებობს, რაც ეჭვის ქვეშ აყენებს ნახიჩევანის დერეფნის ფუნქციონირებას.
 

- მოსკოვის პოლიტიკურ წრეებში არ მალავენ, რომ აზერბაიჯანში რუსი სამშვიდობოების გამოჩენით კრემლს სამხრეთ კავკასიაში უფრო მეტად აქტიურობის საშუალება მიეცემა.
 

კრემლთან დაახლოებული „მოლაპარაკე თავები“ ცდილობენ „გააგონონ“ ქართულ საზოგადოებას, რომ აზერბაიჯანის წარმატება ყარაბაღში დაკავშირებული იყო პრეზიდენტ პუტინთან აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევის შეთანხმებულ მოქმედებასთან და მოკავშირეობასთან.
 

იმის ფონზე, რომ მოსკოვი ცხინვალის რეგიონში და განსაკუთრებით აფხაზეთში აგრძელებს ამ რეგიონების პრაქტიკულად ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯების გადადგმას, მეტად ცხადი ხდება, რომ საქართველოს მიმართ მოსკოვის უახლოესი მიზნები სულაც არ ეხება მის მიერ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს, არამედ მისი მთავარი სამიზნე ოფიციალური თბილისის მკვეთრად გამოხატული პროდასავლური საგარეო პოლიტიკაა.
 

ამ თვალსაზრისით საქართველოსთან მიმართებაში რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას ოფიციალურმა მოსკოვმა საქართველოში დასავლეთისა და აშშ-ს გავლენების შესამცირებლად?
 

- თავიდანვე უნდა ითქვას, რომ რუსეთის შესვლა ყარაბაღში არსებითად განსხვავდება იმ პროცესებისგან, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ვითარდება.
 

ოფიციალური მოსკოვი, რა თქმა უნდა, შეეცდება თავისი ნაბიჯები ყარაბაღში მხოლოდ პოზიტიური მხრიდან დაანახოს - თუ როგორი გეოპოლიტიკური გამარჯვება მოიპოვა მან, მაგრამ, როგორც უკვე ვთქვი - რუსეთის წარმატება არაერთგვაროვანია. საკმაოდ ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება სამომავლოდ, მათ შორის არის ყარაბაღის გადაუწყვეტელი სტატუსი.
 

საქართველში რუსების ყარაბაღში გამოჩენით უფრო მძაფრად შეიგრძნეს იმის საჭიროება, რომ ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანების გარეშე უსაფრთხოების მოპოვება შეუძლებელია.
 

რაღაც მხრივ, ყარაბაღის ამბებმა შეიძლება დასავლეთს დაანახოს ის სურათიც, რომ დღესდღეობით საქართველო რეგიონში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც მკაფიოდ პრო-დასავლურია და რომ საჭიროა მეტი მხარდაჭერის გამოხატვა პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმით. ამერიკის ახალი ადმინისტრაციის პირობებში ეს შეიძლება განხორციელდეს კიდევაც.
 

რაც შეეხება რუსეთის შესაძლო ქმედებებს საქართველოსთან მიმართებაში, ვფიქრობ, ურთიერთობები იმდენად ჩიხში არის შესული, რომ ერთი ან მეორე მხარის მიერ სერიოზული დათმობების გარეშე რამის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია. ეს ის გარემოებაა, რომელიც ზღუდავს რუსეთს საქართველოსთან მიმართებაში.
 

იმისთვის რომ თბილისმა უარი თქვას თავის პრო-დასავლურ ამბიციებზე, საჭიროა რამის დათმობა. თბილისისთვის ეს ტერიტორიების დაბრუნებაა. ამის გაკეთება რუსეთს არ სურს და აღებული პასუხისმგებლობების ფონზე არც შეუძლია. შესაბამისად, საქართველოსთვის დასავლური ვექტორი ერთადერთ გამოსავალს წარმოადგენს.
 

- ვხედავთ, რომ ყარაბაღის ომის შემდეგ ბრიუსელში, ვაშინგტონსა და ევროპის სხვა დედაქალაქებში არა მარტო ყურადღებით აკვირდებიან სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებს, რომელთა უკან პუტინი და ერდოღანი დგანან.
 

მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ნატოს წვრი ქვეყანაა, საგულისხმოა ისიც, რომ ხშირ შემთხვევებში დასავლეთისა და ვაშინგტონისთვის პუტინიცა და ერდოღანიც ერთნაირად მიუღებელი პოლიტიკური ფიგურები არიან.
 

ვხედავთ იმასაც, რომ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში არა მარტო სულ უფრო მეტად მოუხშირეს ნატო-საქართველოს ურთიერთობების გაღმავებაზე საუბარს, არამედ, ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯებია გადადგმული. ვგულისხმობ ნატო საქართევლოს ურთიერთობების გაღრმავების პაკეტს.
 

თუ რუსეთმა საქართველოს წინააღმდეგ გააგრძელა აგრესიული პოლიტიკა, თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ რა ნაბიჯების გადადგმას არ მოერიდება დასავლეთი და აშშ საქართველოში რუსეთის შესაჩერებლად?
 

- ევროპაში სულ უფრო მეტად ალაპარაკდნენ ტრანს-ატლანტიკური ერთობის აღორძინებაზე, რაც, სამწუხაროდ, დიდი წნეხის ქვეშ იყო დონალდ ტრამპის პრეზიდენტობოს დროს.
 

ჯო ბაიდენის ხელისუფლებაში მოსვლა პოზიტიური ნაბიჯია და, ვფიქრობ, მისი პოლიტიკა მეტად ხისტი იქნება რუსეთის მიმართ. ეს შეიძლება გამოიხატოს უკრაინისთვის და სხვა მეზობელი ქვეყნებისთვის მეტი სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერის გამოხატვით. საქართველოც ამ ქვეყნების რიგებში შეიძლება მოიაზრებოდეს, რადგან ამერიკას საქართველოს გარეშე ეკეტება წვდომა კასპიის ზღვისპირეთისკენ და უფრო შორს ცენტრალური აზიისკენაც.
 

სავსებით შესაძლებელია ისიც, რომ აშშ-თურქეთის ურთიერთობებიც ნაწილობრივ დალაგდეს. იმის ფონზე, რომ დასავლეთმა, ფაქტობრივად, არანაირი როლი არ შეასრულა ყარაბაღის კონფლიქტში, თურქეთი დასავლეთთან ასოცირებული, ნატო-ში წევრობის ხარჯზე, ერთადერთი ძალაა, რომელსაც შეიძლება კავკასიაში დაეყრდნოს.
 

სხვა სიტყვებით, დასავლეთისთვის თურქეთი საჭიროა და ამ უკანასკნელის რუსეთთან ხშირად გამძაფრებული ურთიერთობები იძლევა იმის საშუალებას, რომ ანკარასა და დასავლეთს შორის გარკვეული დაახლოება მოხდეს.
 

ამასთან ერთად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კავკასია არის ის ერთადერთი რეგიონი, სადაც დასავლეთის და თურქეთის ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა - რკინიგზა, ნავთობსადენები, გზები და სხვა ინფრასტრუქტურა, რომელიც ჰორიზონტალურად აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით მიემართება, აწყობს ორივე ძალას.
 

თურქეთისთვის ეს წვდომაა აზერბაიჯანული გაზისთვის. იგივეა დასავლეთისთვის.
 

- საქართველოში დასავლეთისა და ვაშინგტონის გააქტიურებაზე რა რეაქცია ექნებათ ანკარასა და მოსკოვს?
 

- მოსკოვს სამხრეთ კავკასიაში დასავლეთის გააქტიურებაზე ცალსახად უარყოფითი რეაქცია ექნება, ხოლო რაც შეეხება ანკარას, ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორი იქნება რეგიონში ძალთა ბალანსი.
 

თურქეთი საქართველოსა და დასავლეთის დაახლოების მოწინააღმდეგე არ იქნება, სანამ ეს ხელს არ შეუშლის მის გავლენას შავ ზღვასა და სამხრეთ კავკასიაში. თუმცა მაინც საკმაოდ დადებითად ვუყურებ თურქეთის პოზიციას, რადგან ანკარაში შეწუხებულები არიან შავ ზღვაში რუსეთის სამხედრო გავლენის მომატებით.
 

ახლა უკვე რუსების გამოჩენა აზერბაიჯანშიც პრობლემაა თურქეთისთვის, მიუხედავად თავისი წარმატებებისა.
 

ამიტომაც, ამ მომენტისთვის მეტი ნატო და ზოგადად დასავლეთი რეგიონში უფრო მომგებიანი იქნება ანკარისთვის, რადგან ეს დაეხმარება თურქეთს გარკვეული ძალთა ბალანსი შეინარჩუნოს, რაც დაირღვა რუსეთის მიერ 2008 და შემდეგ უფრო მკაფიოდ 2014 წლიდან მოყოლებული.
 

- ახლა მოსკოვი ცდილობს სომხეთში ვითარების დაბალანსებას. რჩება შთაბეჭდილება, რომ კრემლში სულაც არ აწყობთ პრემიერ ფაშინიანის პოლიტიკური სცენიდან წასვლა, რადგან თუ სომხეთის მმართველობაში ისეც „ყარაბაღელი ქორები“ კოჩარიანი და სარგსიანი მოვიდნენ, რომლებიც პუტინის მეგობრებად ითვლებიან, ისინი შეეცდებიან ყარაბღის ომის შემდეგ არსებული სტატუს-კვოს დარღვევას.
 

ამაზე კი პუტინს გაუჭირდება წასვლა, რადგან იგი მის მიმართ აზერბაიჯანლების კეთიგანწყობას დაკარგავს. ვხედავთ იმასაც, რომ ერევანში დაწყებულია აქციები ფაშიანიანის გადადგომის მოთხოვნით.

 

თქვენი დაკვირვებით მოქმედების რა სცენარს აირჩევს კრემლი სომხეთის დასაშოშმინებლად - შეელევა მოსკოვის წინაშე უკვე მუხლმოხრილ ფაშინიანს, თუ ხელს შეუწყობს ყარაბაღში კიდევ ერთი ომის გაჩაღებას?
 

- კითხვაში სწორად აღნიშნეთ ის ფაქტი, რომ პუტინს არ აწყობს ერევანში არსებული სტატუს-ქვოს შეცვლის სურვილის მქონე პოლიტიკოსების მოსვლა ხელისუფლებაში. პუტინი უკვე პირდაპირ უჭერს მხარს ფაშინიანს.
 

ეს უკანასნელი რთულ ვითარებაშია და ამის ვითარების გამოყენება მოსკოვს გაუმარტივდება. მაგალითად, შესაძლებელი იქნება სომხეთისგან მეტი დათმობის მიღება, იქნება ეს ევრაზიულ კავშირში მეტი ინტეგრირება თუ სამხედრო და ზოგადად გეოპოლიტიკურ საკითხებში მოსკოვთან მეტი კოორდინირება.
 

ფაშინიანის წასვლის შემდეგ ამის გაკეთება რუსეთს გაუჭირდება, რადგან ახალი ხელისუფლება მთელ ყურადღებას ისევ ყარაბაღზე გადაიტანს, ნოემბრის ხელშეკრულების პუნქტების შეცვლაზე, ქვეყნის ხელახალ შეიარაღებაზე და ა. შ.
 

- საინტერესოა ისიც, რომ სამხრთ კავკასიაში მიმდინარე პროცესების მიმართ თავისი ინტერსი აქვს ირანსა და ჩინეთს.
 

თქვენი დაკვირვებით რა შედეგით დასრულდა ყარაბაღის ომი თეირანისა და პეკინისათვის?
 

- თეირანი ცალსახად წაგებული ძალაა, რადგან ომის მიმდინარეობისას მას არ მიეცა საშუალება, მიუხედავად ბევრი მცდელობისა, აქტიური მონაწილეობა მიეღო კონფლიქტის მოგვარებაში.
 

მეტიც, ნოემბრის ხელშეკრულების მიხედვით შექმნილ ნახიჩევანის დერეფანს შუძლია შეამციროს ირანის გავლენა აზერბაიჯანზე. საქმე იმაშია, რომ აქამდე ბაქო ნახიჩევანთან დასაკავშირებლად იყენებდა ირანის ტერიტორიას. ამიერიდან ეს შეიძლება აღარ დასჭირდეს.
 

ამასთან ერთად, თეირანისთვის მეტად პრობლემურია თურქეთის როლის გაზრდა რეგიონში, პირდაპირ ქვეყნის ჩრდილოეთ საზღვრის გასწვრივ. ირანული მედია თურქეთის მოძლიერებას, როგორც პან-თურქიზმის საფრთხეს უყურებს, რომელიც მომავალში შეიძლება ირანში მცხოვრები აზერბაიჯანელების გააქტიურება გამოიწვიოს.
 

თეირანში კარგად ახსოვთ როგორი არაკომფორტული იყო 1990-იანი წლების დასაწყისში ბაქოს მცდელობები ირანის აზერბაიჯანელებში გაეღვივა საერთო ქვეყნის შექმნის სურვილი.

 

ჩინეთის როლი ყარაბაღის უკანასკნელ ომში მინიმალური იყო. ოფიციალური პეკინი მხოლოდ ზოგადი განცხადებებით შემოიფაგლებოდა, რაც არ არის გასაკვირი, რადგან ჩინეთი არასდროს იყო ამ კონფლიქტით დაინტერესებული. თუმცა ნახიჩევანის დერეფანმა შეიძლება პეკინში გარკვეული იტერესები გააღვივოს. მაგრამ ესეც ამ მომენტისთვის ძალზედ თეორიული ხასიათის მოსაზრებაა.
 

- დამკვირვებელთა საკმაოდ დიდი ნაწილი ვარაუდობს, რომ სამხრეთ კავკასიაში უკვე ჩამოყალიბებულ რეალობაში არაა გამორიცხული საქართველომ სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია დაკარგოს.
 

რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ სამხრეთ კავკასიაში ჩამოყალიბებული ახალი რეალობის ფონზე საქართველომ მართლაც დაკარგოს სატრანზიტო ქვეყნის ფუნქცია?
 

- საქართველომ რომ დაკარგოს სატრანზიტოქვეყნის ფუნქცია ამის ალბათობა დაბალია. ამ მომენტისთვის ბევრი რამ გაუგებარია. პირველ რიგში, გამოიყენებენ ახალ დერეფანს მხოლოდ თურქები და აზერბაიჯანელები? ანკარაში და ბაქოში მოსკოვსა და ერევნისადმი უნდობლობის დონის გათვალისწინებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ აზერბაიჯანი და თურქეთი დიდი ფინანსური რესურსების ჩადებას დააპირებენ სომხეთის მიწაზე გამავალ დერეფანში.
 

კიდევ ერთი პრობლემური კითხვაა, იქნება დერეფანი სომხეთის ტერიტორია, თუ იგი სამმხრივი ადმინისტრაციული რეჟიმის ქვეშ მოექცევა? ყველა შემთხვევაში, სომხეთი უკმაყოფილო დარჩება ახალი დერეფნით.
 

სატრანზიტო გადასახადებისგან მიღებულ შემოსავალს შეუძლია ერევნის პოზიციის შერბილება, მაგრამ აქ კიდევ ჩნდება ერთი კითხვა, რომელიც ჩვენ საუბარშიც დავსვი - რატომ უნდა იყოს რუსეთი დაინტერესებული დერეფნის ამუშავებით? თუ დერეფანი იფუნქციონირებს, ამ პრობლემური კითხვების მოგვარება იქნება პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვანი.
 

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველოზე გადის უკვე აწყობილი ინფრასტრუქტურა და ამიტომაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ აზერბაიჯანმა და თურქეთმა საქართველოს დერეფანი “გადაცვალონ” სხვა გზებზე.
 

მეტად სავარაუდოა ის, რომ ნახიჩევანის დერეფანი მინიმალური სატრანპოსრტო ტრანზიტის ასამუშავებლად იქნება განსაზღვრული და არა რეგიონული, სატრანზიტო ვაჭრობის გაზრდისთვის.
 

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები