დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ეროვნულმა ბანკმა კონტრციკლური ბუფერი 1%-მდე გაზარდა

ეროვნულმა ბანკმა კონტრციკლური ბუფერი 1%-მდე გაზარდა

2023-03-15 12:19:20

საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) ფინანსური სტაბილურობის კომიტეტმა კონტრციკლური ბუფერის ნეიტრალური (საბაზისო) განაკვეთის 1%-ზე დაწესების გადაწყვეტილება მიიღო. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავცელებს. 

„წინა შეხვედრაზე კომიტეტმა, ბაზელის კომიტეტის რეკომენდაციის გათვალისწინებით, პოზიტიური ნეიტრალური კონტრციკლური ბუფერის შემოღების შესახებ განაცხადა. თუკი ნორმალურ დროს კონტრციკლური ბუფერი ნულის ტოლი იყო და ჭარბი დაკრედიტების შემთხვევაში იზრდებოდა, ამიერიდან ბუფერის განაკვეთი ნორმალურ პირობებში 1 პროცენტი იქნება.

კონტრციკლური ბუფერი ჭარბი დაკრედიტების პერიოდში გაიზრდება, ხოლო სტრესულ პერიოდში შემცირდება. ქვეყნების ნაწილმა საბაზისო განაკვეთად პოზიტიური ბუფერი უკვე დააწესა, რომელიც  1%-სა და 2%-ს შორის მერყეობს. საერთაშორისო გამოცდილებისა და საქართველოს ფინანსური სექტორის მახასიათებლების გათვალისწინებით, კომიტეტმა ნეიტრალური კონტრციკლური ბუფერის 1%-ზე დაწესება გადაწყვიტა.

აღნიშნული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ბანკებს 12 თვიანი ვადა განესაზღვრათ. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გატარებული ფინანსური სტაბილურობის პოლიტიკის შედეგად, ფინანსური სექტორი მდგრადობას ინარჩუნებს და ეკონომიკის დაკრედიტებას შეუფერხებლად განაგრძობს.

2023 წლის იანვრის მონაცემებით, ბანკებს კაპიტალის და ლიკვიდობის ჯანსაღი მაჩვენებლები აქვთ, ხოლო აქტივების ხარისხი, წინა წელთან შედარებით, გაუმჯობესდა. წინა წლის მსგავსად, ბანკებმა 2023 წელი მნიშვნელოვანი მოგებით დაიწყეს, რასაც საკრედიტო აქტივობამ და მცირე საკრედიტო დანაკარგებმა შეუწყო ხელი. გაუმჯობესებული ფინანსური მაჩვენებლების მეშვეობით, ბანკების უმეტესობამ  კაპიტალის გამოთავისუფლებული ბუფერები უკვე აღიდგინა. შესაბამისად, ბანკების მნიშვნელოვანი ნაწილი კონტრციკლური კაპიტალის მოთხოვნის დაკმაყოფილებას შიდა წყაროებით, არსებული მომგებიანობისა და კაპიტალის ადეკვატურობის ბუფერებით შეძლებს. რეგიონში არსებული ვითარებიდან მომდინარე რისკების გათვალისწინებით, კაპიტალის ბუფერების დაგროვება ბანკებს რისკების მიტიგაციაში დაეხმარება და სტრესის პერიოდში ეკონომიკის დაფინანსების გაგრძელებას და სწრაფ აღდგენას შეუწყობენ ხელს.

საკრედიტო აქტივობა მიმდინარე წლის განმავლობაში ნომინალური ეკონომიკური ზრდის თანაზომიერი იქნება. 2023 წლის იანვარში სესხების წლიურმა ზრდამ, გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 13.3% შეადგინა, რაც, მნიშვნელოვანწილად, ბიზნეს სესხების ზრდით არის განპირობებული. გასული ორი წლის განმავლობაში, სესხების მშპ-თან ფარდობა მცირდება, რაც მაღალი ეკონომიკური ზრდისა და გაცვლითი კურსის გამყარების ეფექტს ასახავს.

შედეგად, 2022 წლის მეოთხე კვარტალში სესხების მთლიან შიდა პროდუქტთან ფარდობა მის გრძელვადიან ტრენდს ჩამორჩება, თუმცა, აღსანიშნავია, რომ საქართველოში სესხების მშპ-თან ფარდობის არსებული დონე, მსგავსი ქვეყნების მაჩვენებლებთან შედარებით, საკმაოდ მაღალია. კომიტეტის შეფასებით, საკრედიტო აქტივობის არსებული ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ წელს პორტფელის ზრდა ნომინალური ეკონომიკური ზრდის თანაზომიერი იქნება“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის მორიგი სხდომა 2023 წლის 31 მაისს გაიმართება.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

3 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები