დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ფეროშენადნობები რუსეთის ბაზარზე აღარ გადის - მიზეზები

ფეროშენადნობები რუსეთის ბაზარზე აღარ გადის - მიზეზები

2023-03-21 18:00:21

ფეროშენადნობების ქართული წარმოებასა და ექსპორტში მნიშვნელოვანი კლებაა. რუსეთის ბაზრის დაკარგვამ სექტორს სოლიდური ზიანი მიაყენა.

იმის გამო, რომ ევრაზიულმა კავშირმა საქართველოდან ექსპორტირებულ ფეროშენადნობებს საბაჟო გადასახადი გაუძვირა, საექსპორტო არეალს რუსეთი ავტომატურად ჩამოშორდა.

როგორც „ფეროშენადნობთა ასოციაციის" ხელმძღვანელი ნუგზარ კევლიშვილი Business Insider Georgia -თან ამბობს, რუსეთის ბაზარს მთლიან ექსპორტში 45% -მდე ეკავა და ამ წილის დაკარგვამ დარგში კრიზისული სიტუაცია შექმნა.

გარდა იმისა, რომ რუსეთის ბაზარი დახურულია, ევროპაში იკლო მოთხოვნამ ომის გამო და დიდი პროექტები თითქმის არ ხორციელდება.

„საექსპორტო პროდუქციის სამეულში მოწინავე პოზიცია გვეკავა. სამწუხაროდ, დიდ გასაჭირში აღმოვჩნდით. რუსეთის ბაზარი გამორიცხულია. ჩათვალეთ, რომ არ არსებობს, აბსოლუტურად კონკურენტუუნაროა. ამ მხრივ გადამწყვეტი აღმოჩნდა ევრაზიის კავშირის გადაწყვეტილება საბაჟო გადასახადის გაძვირებასთან დაკავშირებით. არ გვიკრძალავს ექსპორტს, მაგრამ მაღალ გადასახადს გვიწესებს, რაც რეალურად აკრძალვას უდრის.

ამიტომ ევრაზიის კავშირის კარები ქართული ფეროშენადნობისთვის პრაქტიკულად დახურულია. რუსეთის სახით სექტორმა 45%- მდე დაკარგა, რაც კატასტროფული მაჩვენებელია", - ამბობს ნუგზარ კევლიშვილი.

სექტორში 20 000 -მდე ადამიანია დასაქმებული. რაც შეეხება ევრაზიული კავშირის მიერ დაწესებულ საბაჟო გადასახადს, 21,5%-24,5%-ის ფარგლებშია.

გადაწყვეტილება 2022 წლის დეკემბერში მიიღეს, რამაც ქართული ფეროშენადნობების წარმოება ძალიან დააზარალა.

ცნობისთვის, 2023 წლის იანვარ-თებერვალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ფეროშენადნობების ექსპორტი 29%-ით შემცირდა.

იანვარ-თებერვალში 45.3 მლნ დოლარის ღირებულების ფეროშენადნობები ექსპორტზე რუსეთში გავიდა, ხოლო 9.2 მლნ დოლარის ღირებულების ექსპორტი თურქეთში განხორციელდა.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

მსგავსი სიახლეები