დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
Gepherrini-მ უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება დაიწყო

Gepherrini-მ უცხო ქვეყნის მოქალაქეების დასაქმება დაიწყო

2023-03-17 12:00:30

ბიზნესი უცხო ქვეყნების მოქალაქეების დასაქმებას იწყებს. ერთ-ერთი ასეთი კომპანია Gepherrini -ია, რომელმაც სულ ახლახან ირანის მოქალაქეები დაასაქმა.

კომპანიის პრიორიტეტი ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებაა, თუმცა, როგორც Gepherrini -ის დამფუძნებელი ილია გეფერიძე ამბობს, ადგილობრივი კადრების მხრივ ბიზნესს პრობლემა აქვს.

„ქართველების მხრიდან შრომის მიმართ დამოკიდებულება ბევრ რამეში გვიშლის ხელს. პირველ რიგში იმ მხრივ, რომ სასურველ კადრებს ვერ ვშოულობთ. აქ ხელფასი არ არის პრობლემა, მოსახლეობის დიდ ნაწილს რატომღაც ურჩევნია, სოციალური დახმარების შემყურე იყოს და მთავრობის კმაყოფაზე იცხოვროს, ვიდრე საკუთარი შრომით გამოიმუშაოს ფული.

ჩვენს კომპანიაში შრომის ანაზღაურების და პირობების მხრივ ნორმალური მდგომარეობაა, მაგრამ თანამშრომლების აყვანა მაინც გვიჭირს. თუკი ვინმეს ხელფასზე პრეტენზია აქვს, ვცხოვრობთ განვითარებად ქვეყანაში, სადაც განვითარებული ქვეყნის საფასო პოლიტიკა ვერ იმუშავებს, რადგან ბიზნესი არასტაბილურია. ამასაც უნდა ვითვალისწინებდეთ.

ვინც მოდის და შრომა სურს, ყველას ვიღებთ, სულ ცოტა ხნის წინ ირანელები დავასაქმეთ. თუკი გამოჩნდებიან და სურვილს გამოთქვამენ, უკრაინელებსაც დავასაქმებთ. მთავარია, პირს საქართველოში ბინადრობის უფლება ჰქონდეს.

კადრების მოძიება ნამდვილად დიდი პრობლემაა. გამოცდილებას აღარ ვითხოვთ უკვე, ადგილზე ვასწავლით ხელობას და ჩვენვე გადავამზადებთ, თუკი ინტერესს გამოავლენენ“, - ამბობს ილია გეფერიძე Business Insider Georgia-თან.

რაც შეეხება კომპანიის გეგმებს, წლის ბოლომდე Gepherrini ორი მაღაზიის გახსნას გეგმავს დედაქალაქში - ვაკესა და აღმაშენებლის გამზირზე.

ამ ეტაპზე კომპანიაში 80-მდე ადამიანია დასაქმებული, ილია გეფერიძის თქმით, კომპანიას გამოცხადებული აქვს ვაკანსია და წლის ბოლომდე კიდევ 20 კადრი დაემატება.

ჯამში Gepherrini 9 მაღაზიას ფლობს და ექსპორტზე 13 ქვეყანაში გადის

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები