დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ინფლაციის რისკები რჩება, სებ-ის გადაწყვეტილება ლოგიკურია - სოსო ბერიკაშვილი

ინფლაციის რისკები რჩება, სებ-ის გადაწყვეტილება ლოგიკურია - სოსო ბერიკაშვილი

2023-03-29 17:59:25

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის უცვლელად დატოვების შესახებ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ანალიტიკოსმა სოსო ბერიკაშვილმა დადებითად შეაფასა. Business Insider Georgia - თან საუბრისას მან აღნიშნა, რომ ინფლაციასთან დაკავშირებული რისკები სწორად შეფასდა, მიუხედავად იმისა, რომ ამ მიმართულებით კლების ტენდენცია გრძელდება.

მისი თქმით, სებ-ის გადაწყვეტილება მოსალოდნელი იყო არსებული რისკიდან და იმ ეკონომიკური მოცემულობიდან გამომდინარე, რის წინაშეც საქართველო ბოლო პერიოდში აღმოჩნდა.

„მონეტარული პოლიტიკის განაკვეთთან დაკავშირებით ცვლილებას  არ ველოდი. თუნდაც იმიტომ, რომ ეროვნული ბანკის ძველი პრეზიდენტი წავიდა, ახალი არ მოსულა. გაურკვეველია ბევრი რამ და თამამი გადაწყვეტილების მიღება ასე მარტივი ვერ იქნებოდა. თუმცა, რომც  არ შეცვლილიყო მმართველობა, ამ კონკრეტულ სიტუაციაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი მაინც უცვლელად შენარჩუნდებოდა. ეკონომიკაში ზრდის მიუხედავად რისკები არსებობს, ბევრი გაურკვევლობაა, ამიტომ სებ-ის გადაწყვეტილებაც ლოგიკურ დასაბუთებას ემყარება", - აღნიშნა სოსო ბერიკაშვილმა.

ანალიტიკოსის შეფასებით, ინფლაციას უკვე აქვს შემცირების ტენდენცია და ეს ქმნის მოლოდინს, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი სამომავლოდ შეიძლება შემცირდეს. ,,მომავალში, როცა მონეტარული პოლიტიკის საკითხი ისევ გადაიხედება,  ცვლილება უნდა იყოს უკვე შემცირების მიმართულებით, გაზრდას ლოგიკა არ აქვს. მართალია, ინფლაცია მცირდება, მაგრამ პროდუქტებზე ფასები მაინც არ იკლებს, რაც ჩვენნაირი ქვეყნისთვის დიდი პრობლემაა.

მოსახლეობის ხარჯებში კვების პროდუქტები ძირითად ნაწილს წარმოადგენს. ხოლო სურსათი მეტნაკლებად ინარჩუნებს გაძვირების ტრენდს. ეროვნული ბანკი მაინც კონსერვატიული ინსტიტუტია და ასე მარტივად არ იღებს გადაწყვეტილებას. მით უმეტეს, ინფლაცია ჯერ კიდევ გლობალურ გამოწვევად რჩება.  ამ პრობლემის წინაშეა უამრავი ქვეყანა, ყველგან მაღალია ინფლაციაა, უფრო მეტადაც არის გაზრდილი, მაგრამ საქართველოსთვის იგი ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევაა" - აღნიშნა ბერიკაშვილმა Business Insider Georgia - თან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 29 მარტს რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 11.0 პროცენტს შეადგენს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

2 საათის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები