დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ირაკლი ღარიბაშვილი ოლაფ შოლცს შეხვდა - რა განიხილეს

ირაკლი ღარიბაშვილი ოლაფ შოლცს შეხვდა - რა განიხილეს

2023-06-09 19:04:11

ოლაფ შოლცთან შეხვედრაზე ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე და ქვეყნებს შორის არსებული კარგი პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების საჭიროებაზე ვისაუბრეთ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერაციულ კანცლერთან ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ სოციალურ ქსელ „ტვიტერში" წერს.

მთავრობის მეთაური ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას მადლობას უხდის.

„ძალიან კარგი შეხვედრა მქონდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ოლაფ შოლცთან. საუბარი შეეხო ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ძალიან კარგი პარტნიორობის შემდგომი გაძლიერების საჭიროებას. ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას. მიგვაჩნია, რომ ეს ურთიერთობა განმტკიცდება იმ მნიშვნელოვანი პროგრესის გამო, რომელსაც საქართველომ უკვე მიაღწია",- აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის ფედერალურ კანცლერს ოლაფ შოლცს ბერლინში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა.

შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა ოლაფ შოლცს საქართველოს მიერ ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმული ნაბიჯები, განხორციელებული რეფორმები და ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით არსებული მნიშვნელოვანი პროგრესი გააცნო.

პრემიერმა ასევე ისაუბრა საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ საქართველო წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მოლოდინშია. შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ ახლა საქართველოსთვის წევრი ქვეყნების როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგი ეტაპისთვის. მთავრობის მეთაურის თქმით, ფედერალური კანცლერი საქართველოს ევროინტეგრაციას ყოველთვის ღიად უჭერს მხარს, რისთვისაც ირაკლი ღარიბაშვილმა ოლაფ შოლცს მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობები. მხარეებმა ისაუბრეს რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას და ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები