კომპანია კამპა • Campa, რომელიც ნატურალურ წვენებს აწარმოებს წლის ბოლომდე ბაზარზე ახალ ინოვაციურ გემოს გამოიტანს. როგორც Business Insider Georgia-სთან კომპანიის დირექტორმა სადრო ბუაძემ განაცხადა, ახალი გემო, რომელსაც კამპა მალე ბაზარს წარუდგენს, ჯერჯერობით საქართველოში არ იწარმოება.
„მალე გვექნება ძალიან საინტერესო ახალი გემო. ეს იქნება ძალიან საინტერესო უცხო გემო, რომელიც საქართველოში ჯერჯერობით არავის არ აქვს. მისი ჩამოსხმა მოხდება შუშის ბოთლში“, - აღნიშნა კომპანიის დირექტორმა.
მისვე თქმით, კამპას გაყიდვები ყოველწლიურად მზარდია, ისევე როგორც ექსპორტის მაჩვენებლები. დღეისათვის კამპას წვენები 12 ქვეყანაში გადის ექსპორტზე, თუმცა კომპანია ინტენსიურად მუშაობს, რომ ახალი საექსპორტო ბაზრებიც დაამატოს.
„ექსპორტზე 12 ქვეყანაში გავდივართ, ყველაზე აქტიურად წარმოდგენილი ვართ არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, საუდის არაბეთში, აშშ-ში, ისრაელში, აზერბაიჯანში.
მიმდინარე წელს ყველაზე დიდი ზრდა არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში გვქონდა. დუბაიში ყველაზე მაღალი მოთხოვნაა ჩვენს უშაქრო პროდუქციაზე, ფორთოხლის, ფორთოხალი-მარაკუიას, ბროწეულის წვენებზე.
ახალ ბაზრების მოძიებაზე და ახალ ბაზრებზე შესვლაზე მუშაობა მუდმივად მიმდინარებს. სამხრეთ-აღმოსავლეთის აზიის მიმართულებით ფილიპინებში გაქვს ექსპორტი და ვცდილობთ, რომ ინდონეზიის ბაზარზე შევიდეთ. მოლაპარაკებები მიდის და როდის მოხდება გადაზიდვები ჯერჯერობით არ ვიცით“, - განმარტავს სანდრო ბუაძე.
კამპას პროდუქცია ბაზარზე ტეტრას და შუშის ბოთლებითაა წარმოდგენილი და როგორც საწარმოს ხელმძღვანელი სანდრო ბუაძე აცხადებს, ორივე მიმართულებას თავისი მომხმარებელი ჰყავს. მისივე განმარტებით, ტეტრას შეფუთვით გაყიდვების წილი უფრო მაღალია, თუმცა ქვეყანაში შუშის ბოთლში ჩამოსხმული წვენების რეალიზაციით კამპა ლიდერია.
კამპა აწარმოებს 14 სახეობის წვენს და ნექტარს, რომლებიც მზადდება, როგორც ადგილობრივი, ასევე საზღვარგარეთ მოპოვებული საუკეთესო ხილისგან.
„Ჩვენი პროდუქტები არ არის გმო და არ შეიცავს დანამატებს, ხელოვნურ არომატიზატორებისა და საღებავების სახით. ასევე, კამპას წვენების ერთი-ერთი მნიშვნელოვანი ინგრედიენტია წყალი. ჩვენ ვამდიდრებთ პროდუქტებს ხელუხლებელი, მინერალური მყინვარული დნობის წყლით კავკასიის მწვერვალებიდან, რაც დამატებით განსაკუთრებულ გემოს მატებს წვენს. სასმელების უსაფრთხოებისა და უმაღლესი კვებითი ღირებულების უზრუნველსაყოფად, ჩვენ ვეყრდნობით წარმოების მთავარ მეთოდებს, რაც უზრუნველყოფს პროდუქტის სისუფთავეს და ხარისხს, ხანგრძლივი შენახვის ვადას კონსერვანტების გამოყენების გარეშე“, -აცხადებენ კომპანიაში.
უახლესი
2 საათის წინ
მეტი განაწილება თიბისისგან4 საათის წინ
თბილღვინომ პრემიალური ღვინოების კოლექცია წარადგინა