დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ბაზარზე პროფესიონალი გრუმერების დეფიციტია, თუმცა სერვისზე მოთხოვნა მზარდია - Woofy-ს მენეჯერი

ბაზარზე პროფესიონალი გრუმერების დეფიციტია, თუმცა სერვისზე მოთხოვნა მზარდია - Woofy-ს მენეჯერი

17-06-2024 19:00:00

ძაღლებისა და კატების გრუმინგის სალონ Woofy-ს მენეკერი მარინა სალუქვაძე Business Insider Georgia-სთან ამბობს, რომ ადგილობრივ ბაზარზე პროფესიონალი გრუმერების დეფიციტია, თუმცა მოახერხეს და მათ სალონში, რომელიც ერთ წელზე მეტია ფუნქციონირებს, ყველა გრუმერი სერტიფიცირებულია და ყველა მიმართულების კურსი აქვს გავლილი.

„ეს ისეთი ბიზნესია, სადაც უნდა მოიპოვო მომხმარებლის ნდობა და უნდა მოეწონოთ გრუმერის ნამუშევარი. ამას დროს სჭირდება, როცა კმაყოფილია მომხმარებელი სალონთან მიმართებით ნდობა იზრდება და შესაბამისად სერვისზე მოთხოვნაც მზარდია“, - ამბობს მარინა სალუქვაძე.

Woofy-ის სალონი გაფართოებაზე ფიქრობს, მაგრამ ამ მიზნის მიღწევას ადგილობრივ ბაზარზე პროფესიონალი გრუმერების დეფიციტი აფერხებს.

„ვფიქრობთ, რომ ძალიან კარგია ბიზნესის გაფართოება, მაგრამ საქართველოში პროფესიონალი გრუმერების დეფიციტია. ყველას არ შეუძლია ძაღლებთან და კატებთან მუშაობა, ეს საკმაოდ რთული საქმეა. შრომატევადი, საპასუხისმგებლო და თანაც კარგი გრუმერების დეფიციტია. ჩვენ როცა გავხსენით სალონი ძალიან გაგვიმართლა, ჩამოსული იყო ქართველი გრუმერი, რომელიც მუშაობს გერმანიაში და ყველა კურსი გავატარეთ ჩვენს გრუმერებს და შესაბამისად ჩვენს სალონში დასაქმებული ყველა პროფესიონალი სერტიფიცირებულია“, - ამბობს მარინა სალუქვაძე.

Woofy-ს მენეჯერი ამბობს, რომ ადგილობრივ ბაზაზე გრუმინგზე მოთხოვნა მზარდია.

„თითქმის ყველა ჯიშისთვის გრუმინგზე მოთხოვნა მზარდია. მოჰყავთ მეტისები, მიკედლებული ძაღლები და კატები. დეკორატიულ ჯიშებზე ყველაზე დიდი მოთხოვნაა. გრუმინგის ფასი ძაღლებისა და კატების ჯიშების მიხედვით განსხვავებულია. 40-ლარიდან 140 ლარამდეა ძაღლებისთვის პატარა ჩიხუახუადან კავასიურ ნაგაზამდე. კატის დავარცხნა და დაბანა 50 ლარი ღირს, ბეწვის გაპარსვის შემთხვევაში 70 ლარი“, - ამბობს მარინა სალუქვაძე.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები