ჩვენი მიზანია ქართული ხორბლისგან დამზადებული პურის პოპულარიზაცია და მოთხოვნის გაზრდა,- ამის შესახებ Business Insider Georgia-ს „ლაგაზი ბეიქერის“ დამფუძნებელმა ნათია მაჭარაშვილმა განაცხადა, რომელიც მეუღლესთან შოთა ლაგაზიძესთან ერთად „ლაგაზის მეურნეობას“ ფლობს.
საცხობი „ლაგაზი ბეიქერი“ ორი თვის წინ თბილისში გაიხსნა და მომხმარებლებს ქართული ფქვილისგან დამზადებულ პურს სთავაზობს.
„ზემო ალვანში გვაქვს მეურნეობა, ვართ ტურიზმის ბიზნესში, დეგუსტაციებსა და ლანჩზე ვმასპინძლობთ უცხოელ სტუმრებს. ეს ბიზნესი 2014 წელს დავიწყეთ, 2015 წლიდან დავაარსეთ ტურისტული მიმართულება. ამასთან, ვაწარმოებთ ქართული ენდემური ჯიშის ხორბალს. ზემო ალვანში 5 ჰექტარზე ვთესავთ ხორბალს. ბიომეუნეობა „ელკანამ“ ორი წლის წინ 5 კილოგრამი ქართული ენდემური ჯიშის ხორბალი გადმოგვცა, რომელსაც ვამრავლებთ. მომავალ წელს უკვე ამ ხორბლიდან მიღებულ პროდუქციას შევთავაზებთ მომხმარებელს. გვაქვს „მახა“, „სანდური“ და ნელ-ნელა ვამატებთ სხვა ჯიშებს. მსოფლიოში ოცი ენდემია და აქედან 5-ია ქართული.“, - ამბობს ნათია მაჭარაშვილი.
როგორც მეწარმე ამბობს, მომხმარებელს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს სთავაზობენ.
„გვაქვს ჯანსაღი ნიადაგი, მოსავალი, ჩვენი წისქვილი, სადაც ხორბალს ვფქვათ. იქმნება წარმოების ჯაჭვი. გვიხარია, რომ ჩვენი პროდუქციის ცნობადობა თანდათან იზრდება და სტაბილური მომხმარებელი გვყავს. პურის ფასები 3-დან 5-ლარამდეა. ხორბლის მოსავლიანობა დაბალია, მაგრამ აქ მთავარია ხარისხი. ფასებიც ამის შესაბამისი გვაქვს და ვცდილობთ ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის. ამ დროისათვის წარმოებაში გვაქვს „წითელი დოლი“, „ლომთაგორა“ და „ ჭვავის პური“, - ამბობს მეწარმე.
„ლაგაზი ბეიქერი“ საოჯახო ბიზნესია, რომელშიც 4 ადამიანია დასაქმებული.
უახლესი
2 საათის წინ
2024 წლის ჰიდროგენერაციაში ენგურჰესის წილი 62% იყო4 საათის წინ
ვმუშაობთ საექსპორტო ბაზრების გაფართოებაზე - Bogveli4 საათის წინ
ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა5 საათის წინ
მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტი მზარდია