საქართველოს ეროვნული ნაკრები წლის დასკვნით შეხვედრას გამართავს. 19 ნოემბერს, ჩვენი გუნდი ოლომოუცში ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.
მატჩამდე ერთი დღით ადრე, ვილი სანიოლის გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა. შეხვედრის მასპინძელ ანდრუვ სტადიონზე ჩატარებულ საწვრთნელ პროცეში 23 ფეხბურთელი მონაწილეობდა.
ვარჯიშის დაწყებამდე, ტრადიციულ პრესკონფერენციაზე, ადგილობრივი და ქართული მედიის კითხვებს საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და ლუკა ლოჩოშვილმა უპასუხეს.
ვილი სანიოლი (ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "ჩეხეთთან პირველ მატჩთან შედარებით განსხვავებული თამაში გველის. ბოლო პერიოდში ჩეხეთის ნაკრებში ბევრი მოთამაშე და სათამაშო სტილი შეიცვალა. თუმცა, ჩვენთვის მთავარი არა ჩეხეთის ნაკრების თამაში, არამედ ის, თუ როგორი მოტივაციითა და ამბიციით დავიწყებთ ამ შეხვედრას ჩვენ. ხვალ ჯგუფის დასკვნითი და ძალიან მნიშვნელოვანი მატჩია. ამიტომ დისციპლინის დაცვით და ამავდროულად ამბიციურად უნდა ვითამაშოთ.
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ დაახლოებით ხუთი წლის წინ საქართველოს ნაკრები D ლიგაში ასპარეზობდა. შემდეგ კი, ორჯერ დავწინაურდით და ყოველ ჯერზე უფრო ძლიერ მეტოქეებს ვეთამაშებოდით. A ლიგაში გადასვლის შემთხვევაში, თითოეული მატჩი საუკეთესო ნაკრებების წინააღმდეგ გვექნება. ახლა ნამდვილად არ ვიცი, მზად ვართ ამისთვის თუ არა, თუმცა ძალიან მინდა ძალების მოსინჯვა ასეთ დონეზე. ასეთი დონის მეტოქეებთან თამაში ჩვენი ფეხბურთელებისთვის შესანიშნავი გამოწვევა იქნება. სწორედ ასე სწავლობ და აგრძელებ განვითარებას. მეც და ფეხბურთელებსაც ყოველთვის მეტი გვსურს. რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი მიზანი ხვალინდელ შეხვედრაში გამარჯვებაა, რადგან A ლიგაში გადასვლა გვსურს.
ვეცდებით, რომ ვკონცენტრირდეთ იმაზე, რაც კარგად ვიცით. წარსულშიც ვაჩვენეთ, რომ ნებისმიერი გუნდისთვის შეგვიძლია ძალიან უხერხული მეტოქე ვიყოთ, რომელიც თავს კომპაქტურად იცავს და სწრაფად უტევს. თუ მოგება გინდა, შენი ძლიერი მხარეები მაქსიმალურად უნდა წარმოაჩინო და სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებთ".
ლუკა ლოჩოშვილი (ეროვნული ნაკრების წევრი): "ძალიან სასიამოვნოა, როდესაც პირველ თამაშს დამაჯერებლად იგებ, მაგრამ ხვალ განსხვავებული მატჩი გველის. პირველ რიგში, ჩვენ თავზე უნდა ვკონცენტრირდეთ. მეტოქეს საშინაო კედლები დაეხმარება, მაგრამ აქ მოსაგებად ვართ ჩამოსულები.
მნიშვნელოვანია, რომ ერთა ლიგაზე ყოველთვის ვპროგრესირებთ და ამჟამად ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის. ყველა თამაშზე მოსაგებად, მაქსიმალური შედეგისთვის გავდივართ. სასიამოვნოა, როდესაც ჯგუფის მოგებას მხოლოდ ერთი გამარჯვება გაშორებს. ფეხბურთელი მსგავს თამაშებში მონაწილეობაზე უკეთესს ვერაფერს ინატრებს. თითოეულ მოთამაშეს ეს გათავისებული აქვს. ყველას გვსურს პროგრესი გაგრძელდეს და ვფიქრობ, რომ თამაში ჩვენს სასიკეთოდ დასრულდება. სასიამოვნო ტრადიციას არ დავარღვევთ და A ლიგაში გადავალთ.
ხვალ ძალიან მნიშვნელოვანი ორი მატჩია ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა წარმატება ვუსურვო ახალგაზრდულ ნაკრებს. ვიმედოვნებ, ორივე თამაში ჩვენი გამარჯვებით დასრულდება და მთელი ქვეყანა ბედნიერი იქნება გულშემატკივრებისგან ძალიან დიდ სითბოს ვგრძნობთ. კარგი კავშირია ფეხბურთელებს და გულშემატკივარს შორის, რაც ორმაგ სტიმულს გვაძლევს. ვიმედოვნებ, რომ ასე დიდი ხნის განმავლობაში გაგრძელდება".
ჩეხეთი - საქართველოს მატჩი 19 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. გამარჯვების შემთხვევაში, ჩვენი გუნდი ჯგუფის გამარჯვებული გახდება და ერთა ლიგის A ლიგის საგზურს მოიპოვებს. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
უახლესი
2 კვირაში
Kairos Logistics1 დღეში
HSC Group Hospitality