საქართველოს ეროვნული ბანკი 2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ დასკვნის მომზადებისას ეყრდნობა ნაერთი ბიუჯეტის ანალიზურ წარმოდგენას. რადგანაც ის უკეთესად ასახავს ფისკალური პოლიტიკის გავლენას ერთობლივ მოთხოვნასა და შედეგად ინფლაციურ პროცესებზე, - ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვისას საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა ეკატერინე მიქაბაძემ განაცხადა.
„საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი 2025 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, 2025 წელს, 2024 წლის მოსალოდნელ დონესთან შედარებით, ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლები 1, 495 მილიონი ლარით იზრდება და 26, 750 მილიონ ლარს შეადგენს, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 27,5%-ია. შემოსავლების ზრდა განპირობებულია საგადასახადო შემოსავლების მატებით. შემოსავლების მატებასთან ერთად 1,831 მილიონი ლარით იზრდება ხარჯებიც და 22, 531 მილიონ ლარს უტოლდება.
ხარჯების ზრდის გამომწვევ მიზეზებს შორისაა სოციალურ უზრუნველყოფაზე გაწეული დანახარჯები, შრომის ანაზღაურების ზრდა, საქონლისა და მომსახურების შესყიდვა, საპროცენტო ხარჯები, გრანტები, სუბსიდიების გაცემა და სხვა ხარჯების ზრდა. რაც შეეხება კაპიტალურ ხარჯებს ანუ არაფინანსური აქტივების ზრდას. მისი დონე 2025 წელს 290 მილიონი ლარით იკლებს. შესაბამისად 240 მილიონით მცირდება არაფინანსური აქტივების წმინდა ზრდა და მისი მოცულობა 6, 350 მილიონს უტოლდება, რაც მშპ-ს 6,7%-ია“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
მისი ინფორმაციით, 2025 წლის დაგეგმილი მონაცემები, ნაერთი ბიუჯეტის, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მოდიფიცირებული ფისკალური დეფიციტი 2024 წლის მოსალოდნელ მაჩვენებელთან შედარებით 195 მილიონი ლარით იზრდება 2,410 მილიონ ლარამდე.
„თუმცა 2024 წელს დაგეგმილი ფისკალური დეფიციტის პროცენტული ფარდობა პროგნოზირებულ ნომინალურ მშპ-სთან პრაქტიკულად არ იცვლება და კვლავ 25%-ს შეადგენს. ბიუჯეტის დეფიციტის დაგეგმილი მდგენელებია შემოსავლების ზრდა 1,5%-ით, არაფინანსური აქტივების წმინდა ზრდა 0, 2%-ით, ნომინალური მშპ-ს ზრდა 0,1%-ით, და ხარჯების ზრდა -1,9%-ით, მნიშვნელოვანია, რომ გააქტიურებული ეკონომიკური აქტივობის შედეგად შემოსავლების ზრდის ფონზე, ხორციელდება ფისკალური კონსოლიდაცია და ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი 2025 წლისთვის სებ-ის შეფასებით, მაღალი ეკონომიკური აქტივობის შედეგად, რეალურად მოსალოდნელზე მაღალია და ეკონომიკის ციკლური პოზიცია დადებითია“, - განაცხადა ეკატერინე მიქაბაძემ.
მისი შეფასებით, ეროვნული ბანკი მიესალმება ბიუჯეტის ნეიტრალურ დონეზე დაგეგმვას .
უახლესი
11 საათის წინ
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 14 დეკემბერს აინთება11 საათის წინ
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8512 ლარი გახდა