დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
ფიქსირებულ ინტერნეტ ბაზარზე არაკონკურენტული გარემოს გამოსწორების მიზნით ComCom-მა „მაგთიკომს“ სპეციფიკური ვალდებულებები უნდა დააკისროს - ევროკავშირის ექსპერტები

ფიქსირებულ ინტერნეტ ბაზარზე არაკონკურენტული გარემოს გამოსწორების მიზნით ComCom-მა „მაგთიკომს“ სპეციფიკური ვალდებულებები უნდა დააკისროს - ევროკავშირის ექსპერტები

14-06-2024 15:33:00

კომუნიკაციების კომისიის მიერ ჩატარებული ფიქსირებული ინტერნეტ მომსახურებების ბაზრის კომპლექსური კვლევის დასრულების შემდგომ, კვლევაში მონაწილე ევროკავშირის ექსპერტებმა „მაგთიკომი“ აბონენტების  და შემოსავლების რაოდენობით, ასევე ინფრასტრუქტურის მოცულობით, ფიქსირებული ოპტიკური ინტერნეტ მომსახურების ბაზრის მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორად მიიჩნიეს და დაასკვნეს, რომ ბაზარზე არსებული არაკონკურენტული გარემოების გამოსწორების მიზნით, მას კომუნიკაციების კომისიამ სპეციფიკური ვალდებულებები უნდა დააკისროს, რათა მოიხსნას ბაზარზე შესვლის ბარიერები, გამოსწორდეს არსებული არაკონკურენტული გარემო და რაც მთავარია - აბონენტებისთვის მეტად ხელსაყრელი პირობები შეიქმნას.

ერთ-ერთ ასეთ ვალდებულებას წარმოადგენს სატელეკომუნიკაციო ქსელის შესაბამის ელემენტებზე დაშვება, რომლის შემთხვევაშიც, „მაგთიკომი“ ვალდებული იქნება საკუთარი ქსელი სხვა ოპერატორებს შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ მიაქირავოს და მისცეს შესაძლებლობა, მნიშვნელოვანი საინვესტიციო დანახარჯების გარეშე შემოვიდნენ ბაზარზე ან თავიანთი მოქმედების არეალი გააფართოვონ და დიდ ოპერატორებს მეტად ეფექტიანი კონკურენცია გაუწიონ.

გარდა დაშვების ვალდებულებისა, ექსპერტების დასკვნით, მნიშვნელოვანი საბაზრო ძალაუფლების მქონე ოპერატორს უნდა დაეკისროს სატარიფო რეგულირების ვალდებულება, რომელიც ქსელზე დაშვების შემთხვევაში, ქირის ფასის ზედა ზღვრის დადგენას გულისხმობს. კერძოდ, კომუნიკაციების კომისიამ საერთაშორისო პრაქტიკის - „LRIC მეთოდოლოგიის“ შესაბამისად, უნდა განსაზღვროს ქსელზე დაშვების მაქსიმალური ფასი, რაც სამართლიანი ტარიფის დადგენას უზრუნველყოფს  და მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორს არ მისცემს შესაძლებლობას, დაშვების მსურველ კომპანიას არასამართლიანი ფასი შესთავაზოს.

 

ამასთან ერთად, ევროკავშირის ექსპერტებმა მიიჩნიეს, რომ „მაგთიკომს“ უნდა დაეკისროს გამჭვირვალობისა და დისკრიმინაციის აკრძალვის ვალდებულებები. აღნიშნული „მაგთიკომის“ მხრიდან დეტალური ტექნიკური თუ კომერციული პირობებით, ქსელზე დაშვების მოწვევის ოფერტის გამოქვეყნებას გულისხმობს, რაც დაშვების მსურველ კომპანიებს მისცემს შესაძლებლობას, დაშვების პირობებთან დაკავშირებით წინასწარ ჰქონდეთ ინფორმაცია.  ხოლო დისკრიმინაციის აკრძალვა მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორს დაავალდებულებს, რომ დაშვების მსურველ ყველა კომპანიას არადისკრიმინაციულად მიუდგეს და სამართლიანი პირობები შესთავაზოს.

ევროკავშირის ექსპერტების მიერ „მაგთიკომისთვის“ განსაზღვრული კიდევ ერთი ვალდებულება კომუნიკაციების კომისიისთვის დანახარჯების განცალკევებული აღრიცხვის წარმოდგენაა, რათა კომისიამ განახორციელოს მუდმივი მონიტორინგი და არ დაუშვას, რომ „მაგთიკომმა“, რომელსაც მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი სატელეკომუნიკაციო სერვისის შეთავაზება შეუძლია, ერთი პროდუქტის ფასი მეორის ხარჯზე შეამციროს (ჯვარედინი სუბსიდირება) და კონკურენტს ბაზრიდან გასვლა აიძულოს.

იმისათვის, რომ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორისთვის განსაზღვრული ვალდებულებები ყოფილიყო პროპორციული და სამართლიანი, ევროკავშირის ექსპერტებმა საქართველოს დასახლებები კონკურენტულობის მიხედვით დააჯგუფეს და თითოეულ ჯგუფზე, „მაგთიკომისთვის“ განსხვავებული ვალდებულებები დაადგინეს. კერძოდ, კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ფიქსირებულ ოპტიკურ ფართოზოლოვან ქსელში ჩართული 994 დასახლებიდან 981-ში უკიდურესად არაკონკურენტული გარემოა, შესაბამისად, ექსპერტებმა ამ დასახლებებიდან ყველა იმ გეოგრაფიულ არეალში, სადაც „მაგთიკომია“ წარმოდგენილი, მისთვის ზემოთ ჩამოთვლილი ხუთივე ვალდებულება საჭიროდ მიიჩნიეს. კვლევის ფარგლებში 4 დასახლება ეფექტიანი კონკურენციისკენ მიდრეკილ დასახლებებად შეფასდა, შესაბამისად, ექსპერტებმა აღნიშნულ არეალებში შედარებით მსუბუქი ვალდებულებები განსაზღვრეს, რაც დაშვების საფასურის ზედა ზღვრის დაწესებას მხოლოდ ქსელის ცენტრალურ ნაწილზე ითვალისწინებს. ხოლო იმ 9 დასახლებაში, სადაც კონკურენტული გარემო დაიდენტიფიცირდა, ექსპერტებმა მინიმალური რეგულაცია - მხოლოდ დაშვების ვალდებულება მიიჩნიეს მიზანშეწონილად.

კომპლექსურ კვლევაში მონაწილე ექსპერტების დასკვნით, კომუნიკაციების კომისია, აღნიშნული ვალდებულებების ამოქმედებით ხელს შეუწყობს ფიქსირებულ ინტერნეტ ბაზარზე ახალი მოთამაშეების გაჩენას, არსებული მოთამაშეების გაძლიერებას და კონკურენტული გარემოს შექმნას, რაც ქართველ აბონენტებს, ევროპელი აბონენტების მსგავსად, მრავალფეროვანი არჩევანითა და ხელსაყრელი პირობებით სარგებლობის შესაძლებლობას მისცემს.

შეგახსენებთ, რომ 2022 წელს, კომუნიკაციების კომისიამ, ევროკავშირის დაფინანსებითა და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების დახმარების („AA Facility II“) ფარგლებში, ევროკავშირის ექსპერტებთან ერთად, დაიწყო მუშაობა საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზრის კომპლექსური კვლევის პროექტზე, რომელიც საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენციის გაუმჯობესებას, ასევე მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი, ხარისხიანი თუ ხელმისაწვდომი მომსახურებების უზრუნველყოფასა და ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების მიხედვით, საქართველოს მარეგულირებელი ჩარჩოს ევროპულთან დაახლოებას ემსახურება. კომპლექსური კვლევა ორი წლის განმალობაში მიმდინარეობდა, ამ მასშტაბის კვლევა კი, აქამდე ქართულ ტელეკომ ბაზარზე არ ჩატარებულა. ევროკავშირის ექსპერტების მიერ ჩატარებულ კვლევას ასევე რევიზია TAIEX-ის (ევროკავშირის ტექნიკური დახმარებისა და  ინფორმაციის გაცვლის ინსტრუმენტი) ექსპერტებმა გაუწიეს.

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

15 საათის წინ

BIG STORY | სოსო ფხაკაძე

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები