2024 წელს ჯანდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ამოცანა ფარმაცევტულ და ჰოსპიტალურ სექტროში, მოსახლეობის ჯიბიდან გადახდების შემცირება იქნება.
ეს Business Insider Georgia-ს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა განუცხადა. რადგან ჯანდაცვა ის სფეროა, რომელიც საქართველოს ყველა მოქალაქეს თანაბრად აინტერესებს და თანაბრად ეხება ჩვენ შევეცდებით, რომ თქვენთვის საინტერესო ყველა საკითხს ამ სტატიაში მოუყაროთ თავი.
ილია ღუდუშაური გვეუბნება, რომ სამინისტროს ამოცანები და პრიორიტეტები მომავალ წელსაც უცვლელია - უწყების მიზანია თითოეული ბენეფიციარისთვის, მაქსიმალურად მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყოს.
„2024 წელს, ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი 7 800 000 000 ლარით განისაზღვა. ეს საშუალებას გვაძლევს, გავაგრძელოთ ის რეფორმები, რომლებსაც ბოლო 2 წლის განმავლობაში, აქტიურად ვახორციელებთ და შევასრულოთ ჩვენი მთავარი ამოცანები. გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში, გაფართოვდება უკვე არსებული და ამოქმედდება ახალი პროგრამები. ეს შეეხება როგორ ჯანდაცვის, ისე სოციალურ მიმართულებას. ბოლო 2 წლის განმავლობაში განხორციელებულ რეფორმებს, მომდევნო წელსაც აქტიურად გავაგრძელებთ, რადგან ჩვენი პრიორიტეტი და მიზანია ქვეყანაში ხელმისაწვდომი იყოს მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება, გაიაფდეს წამლები და უზრუნველვყოთ ქვეყანაში მაღალი ხარისხის მედიკამენტების მიმოქცევა“, - აცხადებს მინისტრის მოადგილე.
როცა საუბარი სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობას ეხება, ბუნებრივია პირველი რაც გვახსენდება, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაა. როგორც ილია ღუდუშაური გვეუბნება,
2023 წელს აღნიშნული პროგრამით, სამედიცინო მომსახურება 1 158 000 ბენეფიციარს დაუფინანსდა, რამაც ჯამში 1 მლრდ ლარი შეადგინა. სამინისტროს ინფორმაციითვე, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა 10 წლის განმავლობაში, 3 მლნ ადამიანის 11 მლნ სამედიცინო შემთხვევა 7 მლრდ-მდე ლარით დაფინანსდა.
„ეს არის პროგრამა, რომელიც ბენეფიციარებისთვის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებზე ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს. დღეის მდგომარეობით, პროგრამა მოსახლეობის 95%-ს ფარავს. გვსურს, რომ ის კიდევ უფრო მეტად ორიენტირებული და ფოკუსირებული იყოს მოქალაქეებზე. შესაბამისად, თითოეული ჩვენი გადაწყვეტილება, იქნება ეს პროგრამის ბიუჯეტის ზრდა თუ ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება, სწორედ ამ მიზანს ემსახურება“, - ამბობს ილია ღუდუშაური.
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკების საქმიანობა პირდაპირ კავშირშია დიარჯი სისტემასთან. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ DRG მოდელის ამოქმედების მთავარი მიზანი მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისებზე მაქსიმალური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა და პაციენტის თანაგადახდის შემცირებაა. თუმცა, სამინისტროსთვის არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ჯანდაცვის სექტორს გაძლიერებისა და განვითარების შესაძლებლობა ჰქონდეს.
„DRG რეფორმის შედეგად, მათი დაფინანსება არ შემცირებულა, მეტიც, ჯანდაცვის სამინისტროს ხარჯები, ამ მიმართულებით, მნიშვნელოვნად გაიზარდა. ჩვენ გვაქვს ვალდებულება მაქსიმალურად ხარჯთეფექტურად განვკარგოთ სახელმწიფო ბიუჯეტი. მინდა დარწმუნებით გითხრათ, რომ დაფინანსების ეს მოდელი, კლინიკებისთვის გონივრული მოგების მარჟას ითვალისწინებს. ამასთან, მუდმივ რეჟიმში ვმუშაობთ სექტორის წარმომადგენლებთან ერთად და მათი მხრიდან დასაბუთების შემთხვევაში, მომსახურების განფასების გადახედვა ხდება. ზოგადად კი შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, საქართველოში DRG სისტემის ამოქმედებას, ბოლო ათწლეულის ყველაზე მნიშვნელოვან რეფორმად აფასებენ. ასეთი შეფასება მივიღეთ რეფორმის ამოქმედებიდან 1 წლის თავზე, რაც ნიშნავს, რომ ნამდვილად, სწორი გზით მივდივართ“, - ამბობს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.
დღეს მდგომარეობით, სამედიცინო დაწესებულებების დაფინანსების DRG მოდელი ეხება სხვადასხვა გეგმურ და გადაუდებელ ქირურგიას, გადაუდებელ და გეგმურ სტაციონარულ მომსახურებას, ინფექციური დაავადებების მართვას, კარდიოქირურგიას, გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობას. 2023 წლის 15 ნოემბრიდან, აღნიშნულ ჩამონათვალს მშობიარობისა და საკეისრო კვეთის მომსახურებები დაემატა. ჩვენი რესპონდენტი აცხადებს, რომ მომავალში DRG მოდელი სავარაუდოდ იმ სერვისებზეც ამოქმედდება, რომელზეც დღეს არ ვრცელდება.
„ცვლილების შედეგად, მშობიარობა და საკეისრო კვეთა, ყველა მოქალაქისთვის სრულად ფინანსდება. აღსანიშნავია, რომ დაფინანსება მოიცავს არჩევით ექიმის აყვანისა და გაუტკივარების საფასურს. ასევე, მედიკამენტების, კვების, პალატის, სხვა პირდაპირ და არაპირდაპირ ხარჯს. პროგრამით არ ფინანსდება ე.წ. VIP პალატისა და სამედიცინო ჩვენების გარეშე, საკეისრო კვეთის მომსახურება. ასეთ შემთხვევებში, პაციენტს აქვს უფლება, ერთჯერადად, გამოეთიშოს საყოველთაო პროგრამას და თავად დაფაროს ხარჯები. აღსანიშნავია, რომ ცვლილებით, მშობიარობისა და საკეისრო კვეთის მომსახურების ტარიფები გათანაბრდა და ორივე 1220 ლარს შეადგენს. ტარიფების გათანაბრება ზუსტად იმის წინაპირობაა, რომ შემცირდეს არასაჭირო საკეისრო კვეთები“, - აცხადებს ილია ღუდუშაური.
სახელმწიფო პროგრამების პარალელურად არანაკლებ მნიშვნელოვანია ფარმაცევტული ბიზნესი, შესაბამისად ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან, ინტერვიუს ამ თემაზე საუბრით ვაგრძელებთ. გვაუნტერესებს გაუძლო თუ არა ბიზნესმა მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესებამ. ილია ღუდუშაური აცხადებს, რომ სახელმწიფო ფარმაცევტულ ბაზარს აქტიურად აკვირდება და სექტორის წარმომადგენლებთან ხშირი კომუნიკაციაც აქვს.
„არსებული მეთოდოლგიით სახელმწიფოს აქვს გამონაკლისების პროცედურა, რომელიც რეფერენტული ფასების გამოქვეყნების შემდგომ მის გადახედვასაც მოიაზრებს. მუდმივ რეჟიმში ხდება დადგენილი ფასების გადახედვა, ფარმაცევტული სექტორის წარმომადგენლების წინადადებების განხილვის და არსებული მეთოდოლოგიის შესაბამისად. ფარმაცევტულ სფეროში განხორციელებულმა რეფორმებმა შედეგები გამოიღო და მედიკამენტები უფრო ხელმისაწვდომი გახადა მოსახლეობისთვის. ჩვენს მიერ ჩატარებული ანალიზის შედეგად, რეფერენტული ფასები მედიკამენტებზე არსებულ საცალო ფასებს დაახლოებით, 40%-ით ამცირებს. რაც შეეხება სექტორის რეაქციას ფასების რეგულაციასთან დაკავშირებით, უნდა აღინიშნოს, რომ ბევრმა ფარმაცევტულმა კომპანიამ გადახედა თავის საფასო პოლიტიკას და დაემორჩილა დაწესებულ ზღვრულ ფასებს. დღეის მდგომარეობით, რეფერენტული ფასების მექანიზმი ქრონიკულ დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამაში შემავალ ყველა მედიკამენტზე გავრცელდა. წამლების ჩამონათვალი, რომლებზეც ფასის ზედა ზღვარი მოქმედებს ეტაპობრივად გაფართოვდება და ფარმაცევტულ ბაზარზე, აქტიურად მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების მოცვა სრულად მოხდება“, - ამბობს ღუდუშაური.
და ბოლოს, რაც შეეხება რეგულაციებს, რომლებიც სამედიცინო დაწესებულებებს ეხებათ, 2023 წლის სექტემბრიდან, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, რეანიმაციული და ქირურგიულ მომსახურების სანებართვო პირობები ამოქმედდა. უფრო კონკრეტულად კი, საუბარია სტანდარტებზე რეანიმაციული და ქირურგიული განყოფილების ინფრასტრუქტურული მოწყობის, აღჭურვილობის, ლაბორატორიული თუ დიაგნოსტიკური კვლევების, სპეციალური ოპერატიული პროცედურების, მომსახურების ხარისხის, სამედიცინო პერსონალის რაოდენობისა და განათლების ვალდებულების კუთხით. 2024 წლიდან, ახალი სტანდარტი ქიმიოთერაპიულ სერვისზეც გავრცელდება.
„სამწუხაროდ, წლების განმავლობაში, ამ სფეროში, არ არსებობდა არანაირი რეგულაცია, რამაც საბოლოოდ, მკვეთრად გააუარესა მომსახურების ხარისხი. სწორედ ამიტომ, საჭირო გახდა ახალი სტანდარტების განსაზღვრა. აღსანიშნავია, რომ ამ სანებართვო პირობების გარეშე, კლინიკას არ აქვს მომსახურების მიწოდების უფლება. არ აქვს მნიშვნელობა, ჩართულია თუ არა კლინიკა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, სტანდარტების დაკმაყოფილება სავალდებულოა ყველა, კერძო თუ სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებისთვის. ამასთან 2025 წლიდან, საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა, ვალდებული იქნება საერთაშორისო აკრედიტაციის სტანდარტები დააკმაყოფილოს. საუბარია მომსახურების ხარისხის, სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციისა და ინფრასტრუქტურის მოწყობის საერთაშორისო სტანდარტებზე. თუ დღეს, რომელიმე სამედიცინო დაწესებულება რეანიმაციისა და ქირურგიული მომსახურებების სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს, ძალიან გაუჭირდება 2025 წლისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის მიღება. ამიტომ, ვფიქრობ, რეანიმაციისა და ქირურგიის ახალი სტანდარტების დაცვა, თავად კლინიკების ინტერესშიც შედის“, - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.
რადგან ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მინიჭებული ხარისხის სერტიფიკატი 2025 წლიდან დაწესებულებებისთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვის ერთ-ერთი აუცილებელი პირობა გახდება ბუნებრივია გვაინტერესებს, როგორ ემზადებიან კლინიკები ამ პროცესისთვის ? Business Insider Georgia Vivo Medical Group-ს ესაუბრა. ჰოლდინგი „ბოხუას სახელობის კარდიოვასკულურული ცენტრს“, „თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოს“, ჟორდანიას კლინიკას, „ინოვას“, „ინოვა ინ ვიტროს“ აერთიანებს. ჰოლდინგში გვითხრეს, რომ მათმა კლინიკებმა, ხარისხის აკრედიტაციის პროექტის ფარგლებში, ხელშეკრულება კანადის აკრედიტაციასთან გააფორმეს და მათთან ერთად ჰოლდინგი საერთაშორისო სტანდარტების დანერგვისა და ხარისხის გაუმჯობესების მიზნით ინტენსიურად მუშაობს.
„პროექტის ფარგლებში მოხდება მთელი რიგი პროცესების სისტემატიზირება, სატანდარტიზება და დახვეწა. ივლისში თბილისში ჩამოსული იყო კანადის აკრედიტაციის წარმომადგენლობა და ჩვენს გუნდს სტანდარტებთან დაკავშირებით პირველი სწავლება ჩაუტარდა.
კლინიკა ამჟამად მუშაობს 18 თემატურ სტანდარტზე, რომელიც მოიცავს როგორც ორგანიზაციისა და ხარისხის მართვის პრინციპებს, ისე კლინიკურ სტანდარტებს. პროექტში აქტიურად არის ჩართული კლინიკური და ადმინისტრაციული გუნდი. ამ ეტაპზე დასრულდა სტანდარტებთან შესაბამისობის ანალიზი და თებერვალში პირველ თვითშეფასების პროცესს გავივლით. შედეგად, უფრო ინტენსიურად ვიმუშავებთ კონკრეტულ გასაუმჯობესებელ საკითხებზე. პარალელურად, თანამშრომლები გადიან მნიშვნელოვან ტრენინგებს სხვადასხვა მიმართულებით, რომლებიც დაგვეხმარება პროცესების უკეთ მართვასა და ხარისხის გაუმჯობესებაში“, - განუცხადეს Business Insider Georgia-ს Vivo Medical Group-ში.
Vivo Medical Group-ში გვეუბნებიან, რომ საკუთარ კლინიკებში კანადის აკრედიტაციის სტანდარტების დანეგვით ქმნიან გარემოს და სისტემას, რომელიც ორიენტირებული იქნება მუდმივ განვითარებაზე. ეს კი მათ კლინიკებში შექმნის უფრო სისტემატიზირებულ პროცესებს, გააუმჯობესებს პაციენტის მომსახურების ხარისხს და უსაფრთხოებას, უზრუნველყოფს პაციენტზე მეტად ორიენტირებული გარემოს შექმნასა და მეტი ეფექტიანობის მიღწევას.
„მნიშვნელოვანია ისიც, რომ ჩვენი ახალ პროექტებიც ხარისხის საერთაშორისო სტანდარტების დაცვით იგეგმება. ჩვენი ჯგუფი 2024 წლის დასაწყისში ასრულებს დიდ პროექტს, იხსნება ი. ჟორდანიას სახელობის სამედიცინო ცენტრის ახალი შენობა, რომელის ინფრასტრუქტურაც დაპროექტებულია საერთაშორისო სააკრედიტაციო ორგანო JCI-სთან თანამშრომლობით და პასუხობს ყველა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტს. ახალი დაწესებულება იქნება 100 საწოლიანი სამედიცინო ცენტრი. ჟორდანისას კლინიკის არსებულ მიმართულებებს დაემატება თანამედროვე სამშობიარო განყოფილება, ქირურგიული გინეკოლოგიის, მამოლოგიის, უროლოგიის, ონკოლოგიის და სხვა მიმართულებები“,- აცხადებენ Vivo Medical Group-ში.
უახლესი
1 საათის წინ
Gucci-ის ახალ CEO-დ სტეფანო კანტინო წარადგინეს16 საათის წინ
ბათუმის შემოვლითი გზა გაიხსნა