ჩვენი აქცენტები რჩება უცველი - ინდივიდუალური მიდგომით და სიმარტივით ვცდილობთ მოვემსახუროთ, როგორც კორპორატიულ, ისე საცალო სეგმენტს, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან სადაზღვევო კომპანია ალდაგის გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი. მისი თქმით, ბოლო წლებში სადაზღვევო კომპანიის სტრატეგია მცირე და საშუალო ბიზნესის მაქსიმალური ხელშეწყობაა და ამ მიმართულებით ალდაგს ყოველ წელს დაახლოებით 200%-იანი ზრდა აქვს.
„მარეგულირებლის მიერ 6 თვის მონაცემები ჯერ არ გამოქვეყნებულა, თუმცა გვაქვს 3 თვის მონაცემები. პირველი კვარტლის მონაცემებით, ბაზარი დაახლოებით 30%-ით გაიზარდა, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. წლიდან წლამდე ვხედავთ, რომ სადაზღვევო ბაზარი იზრდება და 2023 წელს მოზიდულმა პრემიამ 1 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც ინდუსტრიისთვის კარგი მაჩვენებელია. ინდუსტრიის მომგებიანობა იზრდება და ბაზარი ჯანსაღდება, ტარიფიკაციაც სწორი მიმართულებით ვითარდება, რაც ნიშნავს, რომ ეკონომიკის განვითარებასთან ერთად სადაზღვევო ინდუსტრიაც წინ მიდის. რაც შეეხება ალდაგს, პირველი კვარტლის მონაცემებით, ჩვენი კომპანია საკმაოდ გაიზარდა. „ალდაგის“ ბაზრის წილს დაემატა 3%-ი და 30% შეადგინა. ბაზრის კორპორაციულ სეგმენტში მნიშვნელოვანი ზრდა 40% დაფიქსირდა და ზრდის ამ ტემპს გაჰყვა ალდაგიც. რაც შეეხება საცალო ბაზარს, მთლიანი ბაზრის საცალო გაყიდვები 20%-ითაა გაზრდილი და ალდაგის საცალო სეგმენტის ზრდაც დაახლოებით 20%-ია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ავტომობილების დაზღვევის სახეობა და ალდაგი ამ სეგმენტშიც ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას, როგორც მოზიდულის პრემიის, ისე ზიანის ანაზღაურების თვალსაზრისით. ჩვენი აქცენტები რჩება უცველი - ინდივიდუალური მიდგომით და სიმარტივით ვცდილობთ მოვემსახუროთ, როგორც კორპორაციულ, ისე საცალო სეგმენტს. ჩვენი სტრატეგია ბოლო 2 წლის განმავლობაში იყო მცირე და საშუალო ბიზნესის მაქსიმალური ხელშეწყობა და ყოველ წელს დაახლოებით 200%-იანი ზრდა გვაქვს ამ მიმართულებით. ეს სეგმენტი რამდენიმე წლის წინ თითქმის აუთვისებელი იყო. სადაზღვევო პროდუქტები არ იყო მორგებული მცირე და საშუალო ბიზნესზე. დაახლოებით 3 წლის წინ დავიწყეთ მცირე და საშუალო კომპანიების მხარდაჭერა ჩვენი სადაზღვევო პროდუქტებითა და სერვისებით და ვთვლით, რომ რაც უფრო მეტი ძლიერი მცირე და საშუალო ბიზნესი გვეყოლება, ეს ეკონომიკის განვითარებისთვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.
ამ მიმართულებით მუშაობას სტრატეგიულად განვაგრძობთ. სიახლე გვაქვს ისიც, რომ წელს ჩვენი საერთაშორისო რეიტინგი გაუმჯობესდა და ჩვენი კომპანიის ფინანსური სიძლიერის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გაიზარდა. შეგახსენებთ, რომ ალდაგი ერთადერთი კომპანიაა საქართველოში რომელიც ფლობს საერთაშორისო რეიტინგს AM Best-სგან. AM Best არის მსოფლიო მასშტაბის სარეიტინგო კომპანია, რომელიც გლობალურად 16 ათასზე მეტ სადაზღვევო კომპანიას ანიჭებს საკრედიტო რეიტინგს. გლობალური რეიტინგის ფლობა ნიშნავს, რომ „ალდაგი“ უკვე მსოფლიო ბაზარზე პოზიციონირებს“, - აცხადებს გიორგი ბარათაშვილი.
უახლესი
16 საათის წინ
Radisson RED-ში თბილისობის ფესტი გაიმართება