ივლისიდან საავტომობილო გზებზე გამონაბოლქვი სპეციალური აპარატებით გაკონტროლდება. სხვა გარემოსდაცვითი მონიტორინგისგან განსხვავებით, შემოწმება 9-საათიან რეჟიმში განხორციელდება.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელი ტარიელ ირემაძე Business Insider Georgia- თან ამბობს, რომ კონტროლი იქნება მკაცრი და ნებისმიერ გამოვლენილ ფაქტს შესაბამისი სანქცია მოჰყვება.
კერძოდ, როგორც ირემაძე განმარტავს, ფიზიკური პირებისთვის დარღვევა პირველ ჯერზე 100 ლარის ჯარიმას ითვალისწინებს. განმეორებითი (30 დღის განმავლობაში) შემოწმებისას კანონდარღვევის შემთხვევაში ეს თანხა გასამმაგდება და მძღოლს 300 ლარის გადახდა დაეკისრება.
რაც შეეხება იურიდიულ პირებს, ჯარიმის მოცულობა პირველ ჯერზე 500 ლარია, ხოლო განმეორებითი მონიტორინგის დროს აღმოჩენილი დარღვევისთვის თანხა ამ შემთხვევაშიც გასამმაგდება და 150 ლარით განისაზღვრება.
„2022 წელს შემუშავდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების პროექტი, რომლის საფუძველზეც 2023 წლის ივლისიდან სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის გზებზე კონტროლი სპეციალური აპარატურის საშუალებით განხორციელდება. პატრულირებას სპეციალური ეკიპაჟი განახორციელებს. ჩვენი ეს ჯგუფი აღიჭურვება შესაბამისი მაღალტექნოლოგიური ხელსაწყოებით, რითაც ადგილზევე მოხდება ნებისმიერი ტიპის სატრანსპორტო საშუალებების შემოწმება.
ავტომობილში მავნე ნივთიერებების გადაჭარბების დადასტურებისას ფიზიკურ პირზე ჯარიმა პირველ ჯერზე 100 ლარით არის განსაზღვრული, ხოლო 30 დღის განმავლობაში, დარღვევის განმეორების შემთხვევაში ჯარიმა გასამმაგდება და 300 ლარი გახდება. იურიდიული პირების შემთხვევაში სანქცია უფრო მკაცრია და პირველ ჯერზე 500 ლარს შეადგენს.
თუკი დარღვევა 30 დღიან ვადაში კვლავ დადასტურდება, ჯარიმა აქაც გასამმაგდება და კანონდამრღვევს 1500 ლარის გადახდა დაეკისრება. მონიტორინგი დილის 9 საათიდან საღამოს 6 საათამდე ჩატარდება", - აცხადებს ტარიელ ირემაძე.
მისი ინფორმაციით, კონტროლი თავდაპირველად 5 დიდ ქალაქში ჩატარდება: თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, ფოთსა და რუსთავში.
წლის ბოლოს შეჯამდება შედეგი და შემდეგ უკვე მონიტორინგი დანარჩენ რეგიონებშიც ეტაპობრივად გაგრძელდება.
მონიტორინგი მიზნად ისახავს სატრანსპორტო სექტორიდან ჰაერის დაბინძურების ეტაპობრივ შემცირებას და მომდევნო წლიდან, განსაკუთრებით მოძველებული ავტომობილების იმპორტის შეზღუდვას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში, პირველი იანვრიდან პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის ფარგლებში, მავნე გამონაბოლქვის შემცირების მიზნით, ძალაში გამონაბოლქვზე შემოწმების სტანდარტი შევიდა, რაც ტექნიკური ინსპექტირებისას გამოსაყენებელ გამონაბოლქვში ნახშირჟანგის (CO-ს) შემცველობის ნორმების კოეფიციენტის განსაზღვრას გულისხმობს.
კერძოდ, ბენზინის ძრავიანი ავტომობილის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებისას ავტომობილის გამონაბოლქვში CO-ს დასაშვები ზედა ზღვარი შემცირდება და ძრავის უქმ სვლაზე 0.55% გახდება.
უახლესი
10 საათის წინ
თბილისი ჰილს სამთო გარბენი10 საათის წინ
რაგბის ტური გენუასა და ნიცაში - TBC Concept11 საათის წინ
ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „ყვავილების გამოფენა“ გაიმართება