კომპანია „კერკი“, რომელიც მომხმარებელს სხვადასხვა სახეობის ჩირს, ჩურჩხელას, ცუკატებსა და ტყლაპებს სთავაზობს, სასტუმროების ქსელებში შედის და ექსპორტისთვის ემზადება.
როგორც Business Insider Georgia-ს საწარმოს ხელმძღვანელმა თამარ გაბეჩავამ განუცხადა „კერკის“ პროდუქცია ამ დროისთვის ბათუმის რამდენიმე სასტუმროშია წარმოდგენილი.
„ამ დროისათვის „კერკის“ პროდუქცია წარმოდგენილია ბათუმის „შერატონის“, „კასტელო მარეს“ და „ველმონდის“ სასტუმროების მინიბარებში. როდესაც ბათუმსა და აჭარის რეგიონს ავითვისებთ, ვგეგმავთ თბილისსა და სხვა რეგიონების სასტუმროებში პროდუქციის შეტანას,“, - ამბობს წარმოების ხელმძღვანელი.
წარმოების გაფართოების ფონზე, „კერკი“ ასევე პროდუქციის ექსპორტზე გატანასაც გეგმავს.
„ამ დროისთვის პროდუქციის ნიმუშები გადაგზავნილი გვაქვს გერმანიაში, ისრაელსა და აშშ-ში. ველოდებით პასუხს პოტენციური პარტნიორებისგან“, - ამბობს თამარ გაბეჩავა.
გარდა ტრადიციული თხილისა და ნიგვზის ჩურჩხელისა, „კერკი“ აწარმოებს ნუშის ჩურჩხელას და ალუბლის ფელამუშში ამოვლებული ჩურჩხელას, რომელიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.
ასევე კომპანიის ექსკლუზიური პროდუქციაა ალკოჰოლში დამზადებული ალუბალი, მარწყვი და წყავი. კომპანიას ბაზარზე გამოაქვს ბოსტნეულის - სტაფილოს, ჭარხლის, პომიდვრისა და მჟავე კიტრის ჩხირები.
ცნობისთვის, ჩირის მწარმოებელი საწარმო ,,კერკი" ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ძენწმანში მდებარეობს. კომპანია ქართველ მომხმარებელს ჩირს, ტყლაპს, ცუკატებს და ჩურჩხელას სთავაზობს. საწარმო 2021 წლის დეკემბერში ამოქმედდა და სეზონურად 40-მდე ადამიანს ასაქმებს. პროექტის საინვესტიციო ბიუჯეტი 700 000 დოლარია. კომპანიის მიერ ინვესტირებული თანხის და ბანკის სესხის გარდა, პროექტის თანადაფინანსება სახელმწიფო პროგრამების და საგრანტო პროექტების ფარგლებში განხორციელდა. ცნობისთვის, კერკი ძველქართული სიტყვაა, რომელიც საქართველოს რამდენიმე რეგიონში ახლაც გამოიყენება და მზეზე გამშრალ კურკოვან ხილს ნიშნავს.
უახლესი