„კეთილი და პატიოსანის“ პროდუქცია ინდოეთის ბაზარზე შევიდა. როგორც Business Insider Georgia-სთან ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი საწარმო „ქართული აგროპროდუქტის“ დირექტორმა იოსებ მანჯავიძემ განაცხადა, ინდოეთში პროდუქცია რამდენიმე დღისს წინ გაიგზავნა.
აღსანიშნავია, რომ „ქართული აგროპროდუქტი“ პროდუქციას რამდენიმე ბრენდის ქვეშ აწარმოებს და მათ შორის ერთ-ერთია „კეთილი და პატიოსანი“.
იოსებ მანჯავიძის განმარტებით, კომპანიისთვის ინდოეთის ბაზარზე შესვლა მარტივი არ ყოფილა, რადგანაც შესაბამის პროცესებს რამდენიმე თვე დასჭირდა, ხოლო რაც შეეხება არსებულ და ახალ ბაზრებს კომპანიას ამ მიმართულებით შორს მიმავალი გეგმები აქვს.
„დაახლოებით ერთი კვირის უკან პროდუქცია გავაგზავნეთ ინდოეთში, რაც ჩვენი კომპანიისთვის საკმაოდ საინტერესო სიახლეა. ინდოეთიდან „კეთილი და პატიოსანის“ პროდუქციაზე საკმაოდ დიდი ინტერესი იყო. ასევე ვაპირებთ პროდუქციის ექსპორტის გაგრძელებას აშშ-ში, საფრანგეთის ბაზარზე ექსპორტს ჩვეულებრივად ვაგრძელებთ და მოლაპარაკებებში თითქმის ბოლოში ვართ გასულები ისრაელთან ყურძნის წვენის შეტანასთან დაკავშირებით.
ინდოეთში ძირითადად ჩიას ხაზი გავუშვით: მარწყვი ჩიას თესლით, ვაშლი და კივი ჩიას თესლით და ინდოეთის ბაზარზე გავუშვით ასევე ჩვენი ბოლო სიახლე მოცვი და ვაშლი ჩიას თესლით. ინდოეთისთვის ჩიას ხაზი საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა. ამას დაემატა ასევე ფეიხოა ილით და ასევე გავუშვით სტაფილოს წვენი“, - ამბობს იოსებ მანჯავიძე.
როგორც კომპანიის ხელმძღვანელი აცხადებს, „კეთილი და პატიოსანის“ გაყიდვებში დიდი წილი ექსპორტს უკავია, რადგანაც ადგილობრივ ბაზარზე რითეილ ქსელებთან ურთიერთობა საკმაოდ გართულდა.
„სპარმა უკვე გვითხრა, რომ დავემშვიდობოთ ერთმანეთსო. გამოვედით იქიდან გამომდინარე, რომ გვითხრეს გაყიდვები მაღალი არ არისო. ყველაფერი დაწყებულ რეორგანიზაციით ახსნეს. შესაბამისად „სპარიდან“ გამოვედით.
რითეილთან ურთიერთობა საკმაოდ რთულია. კარგ ურთიერთობაში ვართ „ნიკორას“ ქსელთან, „ფრესკოსთან“, “ვან პრაისთან და „გუდვილთან“. თავად რითელ ქსელებიდან არ არის მონდომება, რომ ქართულ პროდუქციის რეალიზაციას ხელი შეუწყონ“, - ამბობს „ქართული აგროპროდუქტის“ დირექტორი.
იოსებ მანჯავიძის თქმით, სავაჭრო ქსელებში ბევრი უხარისხო და თანაც იმპორტირებული პროდუქციაა, მაშინ როდესაც ქართული და თანაც 100%-ით ნატურალური წვენების რეალიზაცია და ადგილობრივი სავაჭრო ქსელების მოცვა ვერ ხდება.
„იმპორტირებული არაცნობადი და უხარისხო პროდუქცია შედარებით იაფია, მაშინ როდესაც ჩვენი პროდუქციის წარმოება დაწყებული ბაღიდან ბოთლში ჩასმით დასრულებული ხდება საკმაოდ მაღალი ხარისხით. მთელი ჯაჭვი ჩვენს ხელში გადის. იმპორტით კი შემოდის დაბალი ხარისხის პროდუქცია, რომლის მიღებასაც მე სხვას არ ვურჩევდი. როგორ შეიძლება ჩამოიტანო არაბრენდირებული სასმელი და ის იყოს მაღალი ხარისხის და თან ღირდეს ქართულ პროდუქციაზე იაფი. ჩვენ საკმაოდ დაბალ მარჟაზე ვმუშაობთ. ამ ფონზე ექსპორტი უფრო გვირჩევნია. წარმოიდგინეთ ჩვენი ნატურალური პროდუქტი გადის საზღვარგარეთ და საქართველოში იმპორტით შემოდის უხარისხო პროდუქცია. კარგად იცით საფრანგეთი და პოლონეთის მაგალითი, რაც გააკეთეს ფერმერებმა ადგილობრივი პროდუქციის დასაცავად. ამის გამო ჩვენ საფრანგეთში გაყიდვები შეგვიფერხდა. როდესაც შევდივარ ქსელში და 6 თვის მერე მეუბნები, რომ გაყიდვები არ მაქვს „კოკა კოლა“ ხომ არა ვარ? ხომ უნდა მისცე გარკვეული პერიოდი ბრენდს, რომ ამუშავდეს“, - ამბობს იოსებ მანჯავიძე.
უახლესი