მძიმე სანახავია სახეში წიხლის ჩარტყმა ძირს წაქცეული ადამიანისათვის და ამას გამართლება ვერაფრით, ვერანაირ სიტუაციაში ვერ ექნება, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ძალადობის ინიციატორი არის არა ერთი, ორი, ხუთი ან ათი, არამედ, რამდენიმე ასეული დემონსტრანტი.
„არ შეიძლება არ დავგმო ის ძალადობა, რომელიც სხვადასხვა მხრიდან მომდინარეობს და ამასთან დაკავშირებით ოდნავ დეტალურად. პირველი, თუ ვინმე აპროტესტებს და ეს გასაპროტესტებელია დიახ, მე თავად ვეთანხმები და მე პირველი ამას ვიტყვი, რომ მართლაც საშინელი სანახავია, ძალიან მძიმე სანახავია ძირს დაცემული, წაქცეული ადამიანისთვის სახეში წიხლის ჩარტყმა. ვინც არ უნდა იყოს ის და რასაც არ უნდა აკეთებდეს, ამას შემთხვევით არ ვამბობ. რასაც არ უნდა აკეთებდეს ამ ამბამდე, ამ ინციდენტამდე ხუთი წუთით, ათი წუთით თუ ერთი საათით ადრე, მძიმე სანახავია სახეში წიხლის ჩარტყმა ძირს წაქცეული ადამიანისათვის და ამას გამართლება ვერაფრით, ვერანაირ სიტუაციაში ვერ ექნება.
ამავე დროს, ოდნავ ობიექტურობა თუ ვინმეს გვინდა, უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ ძალადობის ინიციატორი არის არა ერთი, ორი, ხუთი ან ათი, არამედ, რამდენიმე ასეული დემონსტრანტი. ისინი იწყებენ ძალადობას ისე, რომ არც ცდილობენ შეფუთონ. იცით თქვენ, რომ არანაირი სიტყვის და გამოხატვის, თავისუფლების რეალიზება იქ არავის უცდია. არც კი შეუფუთია პიარულად და მივიდნენ ადამიანები პირდაპირ ძალადობისთვის. სცენანიც კი არ მოუწყვიათ ორი თუ სამი, ან ათი კვადრატული მეტრი, რომ სიტყვით მიემართათ ვინმესთვის. პირდაპირ ძალადობისთვის მივიდნენ. პოლიციელებს სახეში ესროდნენ პიროტექნიკას, სხვადასხვა ფოირვერკებს, ქვებს, კენჭებით სავსე ბოთლებს, სხვადასხვა სამშენებლო მასალებს და ა.შ. ეს იყო წარმოუდგენელი ძალადობა, რომელიც იყო სისტემური ხასიათის და ახორციელებდა რამდენიმე ასეული ადამიანი, განსხვავებით მეორე, ძალიან მძიმე რამდენიმე შემთხვევისაგან, როდესაც ასევე დასაგმობ და ძალიან ცუდად განვითარებულ მოვლენასთან გვქონდა საქმე. მათ შორის, განსაკუთრებით, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მძიმე იყო სახეში წიხლის დარტყმის ფაქტი წაქცეულ ადამიანზე“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
უახლესი
9 საათის წინ
დედაქალაქის მთავარი ნაძვის ხე 14 დეკემბერს აინთება