სექტორში მეტი ინვესტიცია ნიშნავს დარგის კიდევ უფრო მეტად განვითარებას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე, - ასე აფასებს Business Insider Georgia-სთან სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია Exim Holding-ის შვილობილი კომპანია „აჭარ ენერჯის“ მიერ ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში დაანონსებულ მრავალმილიონიან ინვესტიციას. როგორც ნარმანია აცხადებს, “აჭარ ენერჯი“ საქართველოს ბაზარზე წლებია ოპერირებს და მის მიერ დაგეგმილი პროექტები ელექტროენერგეტიკის სექტორში თვითკმარობის ზრდას შეუწყობს ხელს.
„საქართველოს ენერგეტიკის სექტორი ინვესტორებისათვის მიმზიდველ გარემოს წარმოადგენს. აღნიშნულს განაპირობებს როგორც ქვეყნის განახლებადი ენერგიების პოტენციალი, ასევე ენერგეტიკის სექტორის განვითარების სწორი პოლიტიკა და მარეგულირებელი ნორმები. საქართველოს აქვს რესურსები, რომ კიდევ უფრო მეტად განვითარდეს როგორც ჰიდრო, ასევე ქარისა და მზის ენერგიების მიმართულებები. ამ სექტორში მეტი ინვესტიცია ნიშნავს დარგის კიდევ უფრო მეტად განვითარებას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას, რაც საბოლოო ჯამში დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე.
“აჭარ ენერჯი“ საქართველოს ბაზარზე წლებია რაც ოპერირებს. კომპანია ფლობს და მართავს კირნათისა და ხელვაჩაური 1-ის ჰიდროელექტროსადგურებს. ამჯერად, კომპანიას დაგეგმილი აქვს ქარისა და მზის ელექტროსადგურების მშენებლობა. მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს ელექტროენერგეტიკის სექტორში თვითკმარობის ზრდას“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.
საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობით Exim Holding-ის შვილობილი კომპანია „აჭარ ენერჯი“ ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში 460 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციებს განახორციელებს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და კომპანიის ხელმძღვანელების დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.
საინვესტიციო პროექტით დაგეგმილია ქარის ხუთი და მზის ერთი ელექტროსადგურების მშენებლობა, რაც ჯამში, დაახლოებით, 360 მგვტ დადგმულ სიმძლავრეს მოიცავს და ხელს შეუწყობს როგორც ქვეყნის ენერგეტიკული სექტორის გაძლიერებას, ისე ამ მიმართულებით საქართველოს კონკურენტუნარიანობის გაზრდას.
როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ Achar Energy-Eksim Holding-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, ქვეყნის დიდი საინვესტიციო პოტენციალი და ის ხელშეწყობა, რომელიც ბიზნესმენებს საქართველოს მთავრობისგან აქვთ, საქართველოს განსაკუთრებულად მიმზიდველს ხდის უცხოელი ინვესტორებისთვის. უპრეცედენტოდ დიდი ინვესტიციის განხორციელებას კომპანია მიმდინარე წელს დაიწყებს და პროექტები ექსპლუატაციაში ეტაპობრივად შევა.
Exim Holding-ის შვილობილი კომპანია „აჭარ ენერჯი“ საქართველოში ბოლო წლებია წარმატებით ოპერირებს და 2 ჰიდროელექტროსადგურის პროექტი უკვე განახორციელა, რომელთა ჯამური საინვესტიციო მოცულობა 200 მლნ აშშ დოლარს აღემატება.
უახლესი
53 წუთის წინ
ოქროს ფასი 2,880 დოლარს აღწევს