თბილისი მსოფლიო ტურიზმის დღეს მასპინძლობს, გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ეგიდით მიმდინარე ღონისძიების ფარგლებში საქართველოს 40 ქვეყნის მაღალი რანგის სტუმარი უკვე ეწვია. ღონისძიებაზე ტურიზმის მინისტრები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ტურიზმის სფეროს პროფესიონალები არიან წარმოდგენილები. 27 სექტემბერს გაიმართება სადისკუსიო პანელები, განხილული იქნება ტურიზმის განვითარების მსოფლიო ტენდენციები და მშვიდობის მნიშვნელობა ინდუსტრიის განვითარების კუთხით. ღონისძიების შესახებ საუბრობს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე.
„საქართველო, კერძოდ თბილისი, მასპინძლობს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ დაწესებულ მსოფლიო ტურიზმის დღეს, რომელიც 1979 წლიდან აღინიშნება. წლევანდელი გზავნილი მსოფლიოს არის „მშვიდობა და ტურიზმი“. ეს გზავნილი ჯერ კიდევ შარშან, როდესაც ჩვენ გადმოგვეცა ამ დღის მასპინძლობა, მაშინ დააანონსა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ. შესაბამისად, მთელი ღონისძიების კონცეფცია ავაგეთ ამ სტრატეგიაზე და გზავნილს ვიზუალურად, ქალაქის დაბრენდვით იხილავთ. ღონისძიების მთავარი ლაიტმოტივი სწორედ მშვიდობის როლია ტურიზმში“.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ღონისძიების ფარგლებში მყოფი საერთაშორისო მედიისთვის მოწყობილი პრესტურის შესახებ ისაუბრა.
საქართველოში მყოფი საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს დრო ჰქონდათ მოენახულებინათ სხვადასხვა რეგიონები, თბილისი, გასცნობოდნენ საქართველოს ტურისტულ პოტენციალს, ისინი მთელ მსოფლიო მოუყვებიან საქართველოს შესახებ, საქართველოს, როგორც ტურისტული ადგილის და დანიშნულების ადგილის შესახებ, რა თქმა უნდა, გააცნობენ მთავარ გზავნილს თუ მშვიდობა როგორი მნიშვნელობის არის ადამიანებისთვის, მოგზაურობისთვის, ახალი სამყაროს შეცნობისთვის. ჩვენ ერთად ვიზეიმებთ მსოფლიო ტურიზმის დღეს, თბილისიდან.“,-განაცხადა მაია ომიაძემ.
საქართველოში მსოფლიო ტურიზმის დღის ღონისძიების გამართვა მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს ქვეყნის ტურისტული ცნობადობის კიდევ უფრო გამყარებას საერთაშორისო არენაზე.
უახლესი