მთავრობამ პარლამენტს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია წარუდგინა, საიდანაც ირკვევა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტი კვლავ დაგეგმილია კონსერვატიული მიდგომით და გათვალისწინებულია შემდეგი მაკროეკონომიკური პარამეტრები:
• რეალური ეკონომიკური ზრდა დაგეგმილია 5,5%-ის ოდენობით, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5,3%-ს შეადგენს;
• ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 97,4 მლრდ ლარის ოდენობით, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 9 600 დოლარს აჭარბებს.
2028 წლისთვის პროგნოზირებულია ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 123,0 მლრდ ლარამდე, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 12 000 დოლარს გადააჭარბებს;
• ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 24,4 მლრდ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ის 25,1%-ია;
• ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენს მშპ-ის 2,5%-ს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ის 36,8%-ის ფარგლებშია.
ზემოაღნიშნული მაჩვენებლების ფარგლებში 2025 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად შეადგენს 31,2 მლრდ ლარს, რომლის ფარგლებშიც სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებები.
როგორც ცნობილია, 2021-2022 წლებში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ ორნიშნა მაჩვენებელს მიაღწია. მაღალი საბაზო მაჩვენებლების მიუხედავად, დადებითი ტენდენციები შენარჩუნდა 2023 წელსაც, კერძოდ თავდაპირველად პროგნოზირებული 5,0%-ის ნაცვლად რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 7,5% შეადგინა.
ჯამში, 2021-2023 წლებში, ეკონომიკის რეალური ზრდის ჯამურმა მაჩვენებელმა 32,0% შეადგინა, ხოლო ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტი 2020 წელთან შედარებით, 63%-ით გაიზარდა და 80 მილიარდ 246 მილიონ ლარს გადააჭარბა.
„დაგეგმილთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ტენდენციებია 2024 წელსაც.
კერძოდ, 2023 წლის ბოლოს, მიმდინარე წლის რეალური ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განისაზღვრა 5,2%-ის ოდენობით, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებლის პროგნოზი 85 მილიარდ 980 მილიონ ლარს შეადგენდა.
წლის პირველ ნახევარში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 9,1% შეადგინა, რისი გათვალისწინებითაც გადაიხედა წლიური ზრდის საპროგნოზო მაჩვენებელი და ნაცვლად 5,2%-ისა, განისაზღვრა 8,2%-ის ოდენობით, ხოლო მთლიანი შიდა პროდუქტის ნომინალური მაჩვენებლის პროგნოზი 89 მილიარდ 608 მილიონ ლარს შეადგენს.
მაღალმა ეკონომიკურმა მაჩვენებლებმა შესაძლებელი გახადა უმოკლეს ვადებში განხორციელებულიყო მნიშვნელოვანი ფისკალური კონსოლიდაცია და შედეგად, შემცირებულიყო მთავრობის ვალის მაჩვენებელი.
კერძოდ, 2020 წელს პანდემიის შედეგად მშპ-ს 9,3%-მდე გაზრდილი ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი, 2022 წლის ბოლოსთვის დაუბრუნდა კანონით განსაზღვრულ 3%-იან მაჩვენებელს, ხოლო 2023 წლიდან მისი მაჩვენებელი მშპ-ს 2,5%-ის დონეზეა (ნომინალურ გამოხატულებაში დეფიციტი შემცირდება 2 მილიარდ 400 მილიონ ლარზე მეტით).
მთავრობის ვალის მოცულობა 2020 წლის 60,2%-იდან 2022 წელს ჩამოვიდა უსაფრთხო, მშპ-ს 40%-იან მაჩვენებელზე დაბლა და მისი შემცირების კლებადი დინამიკა კვლავ გაგრძელდება.
მსგავსი ფისკალური კონსოლიდაციის მიუხედავად, 2021 წელთან შედარებით, 2024 წელს ნაერთი ბიუჯეტის მოცულობა გაზრდილია 7 მილიარდ ლარზე მეტით“, - განმარტავენ ფინანსთა სამინისტროში.
უახლესი
15 საათის წინ
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა