„თეგეტა აკადემიამ“ გერმანული საავტომობილო ბრენდის, MAN-ის საერთაშორისო ტრენინგს უმასპინძლა. გერმანიიდან და გაერთიანებული საამიროებიდან მოწვეულმა ტრენერებმა დამსწრეებს MAN-ის სატვირთო ავტომობილების უპირატესობები დეტალურად გააცნეს.
ორდღიანი კომპლექსური შეხვედრები, რომლებიც, თეორიულთან ერთად, პრაქტიკულ ნაწილსაც მოიცავდა, გაყიდვების ჯგუფებისათვის იყო განკუთვნილი. საერთაშორისო ტრენინგ-სემინარს, Tegeta Truck&Bus-ის თანამშრომლებთან ერთად, აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან ჩამოსული გაყიდვების მენეჯერებიც ესწრებოდნენ. კომბინირებულ სწავლებაში, საერთო ჯამში, 15 მსმენელი იყო ჩართული.
ოთარ სიხარულიძე, „თეგეტა აკადემიის“ დირექტორი: „მოხარულები ვართ, რომ MAN-ის საერთაშორისო ტრენინგი საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს სივრცეში, „თეგეტა აკადემიაში“ გაიმართა. ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილების მწარმოებელ მსოფლიო ბრენდთან თანამშრომლობით ჩვენი წარმომადგენლები სემინარებს ინტენსიურად ესწრებიან. ამჯერად კი შეხვედრები უკვე ჩვენს ბაზაზე გავმართეთ. მოლაპარაკებები დაახლოებით ერთი წლის წინ დავიწყეთ და გვეამაყება, რომ ერთობლივი პროექტი წარმატებით შედგა.
„თეგეტა აკადემიის“ ბაზაზე მოწყობილი საერთაშორისო ტრენინგი იყო პირველი ნაბიჯი იმ მასშტაბური მიზნისკენ, რაც გვინდა, რომ, საბოლოოდ, რეგიონული სასწავლო ცენტრის სტატუსის მიღებით დასრულდეს. მოლაპარაკებები ორი მიმართულებით მიმდინარეობს: MAN-ის მხრიდან ჩვენი ტრენერების გადამზადება, რომლებიც შესაბამისი ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების შემდეგ სასწავლო პროცესს თბილისში გაუძღვებიან და ასევე ლექცია-სემინარები, რომლებსაც უშუალოდ გერმანული ბრენდის წარმომადგენლები რეგიონის ქვეყნებიდან ჩამოსული მონაწილეებისათვის გამართავენ. ცოდნის გაზიარების მთავარი ცენტრი კი „თეგეტა აკადემია“ იქნება“.
სემინარი, სახელწოდებით: „MAN-ის სატვირთო ავტომობილების უპირატესობა და გაყიდვების მეთოდოლოგია“, რამდენიმე კომპონენტს მოიცავდა. MAN-ის ტრენერებმა მონაწილეებს გერმანული ბრენდის სატვირთო ავტომობილების აგებულება, წარმოების სპეციფიკა და კონკურენტული უპირატესობები თავდაპირველად თეორიულად გააცნეს. უშუალოდ სატვირთო ავტომანქანასთან წარიმართა მომდევნო ეტაპი, რომელიც, თავის მხრივ, პრაქტიკულ დავალებებსაც მოიცავდა. პროცესი MAN-ის თანამედროვე დანადგარებით აღჭურვილ სერვისცენტრში მიმდინარეობდა, რომელიც „თეგეტას“ ცენტრალურ ფილიალშია განთავსებული.