„ნუგბარი“, რომელიც ნატურალურ, გემრიელ და საუკეთესო ხარისხის ქართულ ტრადიციულ ტკბილეულს აწარმოებს, ექსპორტის ზრდაზე აცხადებს. როგორც Business Insider Georgia-სთან „ნუგბარის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი მაჭავარიანმა განაცხადა, დღეისათვის „ნუგბარის“ პროდუქცია იყიდება კანადაში, აშშ-ში, გერმანიაში, ლიეტუვაში, ლატვიაში, ესტონეთში, პოლონეთში, ავსტრიაში, ჩინეთში და მიმდინარე წელს გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტის მოცულობა 78%-ითაა გაზრდილი.
„ნუგბარის“ ძირითადი პროდუქტი არის ჩურჩხელა.
საექსპორტო არეალის გაფართოებასთან დაკავშირებით „ნუგბარი“ მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს პროდუქციის ისრაელის, საბერძნეთის და ჩინეთის ბაზრებზე.
დღეისათვის კომპანიის გაყიდვების 70%-ი ადგილობრივ ბაზარზე ხოლო 30%-ზე ექსპორტზე მოდის.
„ადგილობრივ ბაზარზე გვაქვს განვითარების სამი მიმართულება - სავაჭრო ქსელები, HORECA სექტორი და სავაჭრო ჯიხურები.
შესულები ვართ თითქმის ყველა ადგილობრივ სავაჭრო ქსელში და ვაგრძელებთ გაფართოებას.
წელს აქტიურად დავიწყეთ HORECA სექტორის მომარაგება ჩვენი პროდუქციით, ვამარაგებთ რესტორნებს, ღვინის მაღაზიებს და სასტუმროებს.
სავაჭრო ჯიხურები დღეის მდგომარეობით გვაქვს 3 ლოკაციაზე და ეტაპობრივად ვზრდით რაოდენობას“, - განმარტა „ნუგბარის“ აღმასრულებელმა დირექტორმა.
„ნუგბარი“ დღეის მდგომარეობით ჩურჩხელის 16 სახეობას აწარმოებს და ყველაზე გაყიდვადი პროდუქტია, სტანდარტული ზომის, კახური ტრადიციული ჩურჩხელა ნიგვზით.
ცხადია საახალწლოდ ტრადიციული ქართული ნუგბარი ყველაზე მოთხოვნადია და კომპანია ნუგბარიც კორპორატიული შეკვეთების მიღებას უკვე ნოემბრიდან დაიწყებს.
„კორპორატიული შეკვეთების მიღებას ნოემბრიდან ვიწყებთ. კორპორატიული კლიენტებისთვის გვაქვს ხელნაკეთი სასაჩუქრე შეფუთვების მრავალფეროვანი არჩევანი“,- აცხადებს გიორგი მაჭავარიანი.
„ნუგბარის“ ყურძნის წვენის კონცენტრატისა და ჩურჩხელების საწარმოები კახეთში მდებარეობს.
„ისტორიულად ჩურჩხელა რთველის შემდეგ – შემოდგომაზე მზადდება, როდესაც ინგრედიენტები ახალია. კახეთში ძირითადად რქაწითელის ყურძნის წვენი, ხორბლის ფქვილი და ნიგოზი გამოიყენება, ხოლო დასავლეთ საქართველოში კი ჩურჩხელას ყურძნის კიდევ ერთი სუპერ-არომატული ჯიშით – იზაბელათი (ჩვენში ცნობილით როგორც „ადესა“, სიმინდის ფქვილითა და თხილით ამზადებენ. გარდა ამისა, ინგრედიენტების თანაფარდობის მიხედვით არსებობს 2 ტიპის ჩურჩხელა – ერთი – კლასიკური ტიპის,ხოლო მეორე უფრო მეტი თხილეულითა და ნაკლები ყურძნის წვენით მათთვის, ვინც ამჯობინებს ჩურჩხელაში თხილეულის არომატების დომინირებას.
ჩურჩხელის მომზადების ტრადიციული პროცესი იწყება ყურძნის კონცენტრირებული წვენის ქვაბში ჩასხმითა და მასში ფქვილის შერევით. ნაზავი დუღს დაბალ ცეცხლზე დაახლოებით 2 საათის განმავლობაში და როდესაც იგი საკმარისად შესქელდება, ძაფზე აცმული თხილეული სათითაოდ ივლება მასში. ამ ნაზავს, რომელიც ბევრს ჩურჩხელაზე არანაკლებ უყვარს აღმოსავლეთ საქართველოში თათარას ეძახიან, ხოლო დასავლეთში – ფელამუშს. ახალადამოვლებული ჩურჩხელა შრება 2 კვირის განმავლობაში, რის შემდეგაც ინახება კარგად განიავებად, მშრალ ადგილას. თუ თხილეული მაღალი ხარისხისაა, ჩურჩხელა თავის განუმეორებელ არომატს მინიმუმ ერთი წელი შეინარჩუნებს. ჩურჩხელის ქარხანაში მომზადების პროცესი თითქმის ისეთივეა როგორიც სახლში იმ განსხვავებით, რომ ინგრედიენტები მზადდება ადგილზე და გამოიყენება ISO-სა და HACCP-ის თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტები. ყოველწლიურად რთველის პერიოდში კომპანია ყიდულობს ყურძენს და ამზადებს ყურძნის წვენის კონცენტრატს.
ვაკუუმ ამაორთქლებელი ხაზის საშუალებით, ყურძნის წვენიდან წყლის ამოყვანის პროცესი 70 გრადუს ცელსიუსზე მიმდინარეობს. ღია ქვაბში 2-საათიანი დუღილის ტრადიციულ მეთოდთან შედარებით, ამ ტიპის კონცენტრირება გაცილებით ხანმოკლეა და წვენში ბევრ აუცილებელ ნივთიერებას ინარჩუნებს. კონცენტრაციის შემდეგ, წვენი სპეციალურ ჭურჭელში ისხმება და მაცივარში ინახება. თათარის დუღილისთვის ტრადიციული ალუმინის ქვაბი შეცვლილია უჟანგავი ფოლადის ქვაბით. ეს საკვებს უფრო უსაფრთხოს ხდის, რადგან ყურძნის წვენი შეიცავს ბუნებრივ მჟავებს, რომლებიც ალუმინთან შეხებისას შლიან და იმატებენ მის ჭარბ რაოდენობას. ტრადიციული ცეცხლის ნაცვლად, ქვაბები ცხელდება ზეთით. ეს უზრუნველყოფს სითბოს თანაბარ განაწილებასა და მის შენობაში მომზადების უსაფრთხოებას. ჩამოსხმის წინ, წვენი მოწმდება რეფრაქტომეტრით, რათა მას ჰქონდეს სწორი ოდენობის სიტკბო და მჟავიანობა, ყველა ჩურჩხელაში ერთნაირი გემოსთვის. ტრადიციული ხის კოვზების ნაცვლად გამოიყენება უჟანგავი ფოლადის კოვზები, რათა ხის ელემენტები არ მოხვდეს თათარაში. თონის ნაცვლად კი თხილეულის მოსახალად გამოიყენება ელექტრო-ღუმელი, რომელიც ტემპერატურას თხილეულს შორის თანაბრად ანაწილებს. ამოვლება და ეტიკეტირება ხელით წარმოებს. ყველა ეს პროცესი კი მიმდინარეობს შენობაში, რომელიც დაცულია მწერების მავნე ზემოქმედებისაგან.
ჩურჩხელის მომზადების მთავარი პროცესი შრობაა. ტრადიციული მზეზე გამოშრობის ნაცვლად, რაც დიდწილად მზესა და ჰაერის ტენიანობაზეა დამოკიდებული, ქარხანაში შრობა ხდება 5 დახურულ ოთახში თითოეული სამუშაო დღისთვის; ასე რომ, ზუსტად ვიცით, როდის გაშრება ჩურჩხელები. შრობის პროცესში კონტროლდება საშრობებში ჰაერის ფარდობითი ტენიანობა და ცირკულაცია, აგრეთვე ჩურჩხელის სინესტე და წყლის აქტივობა.
გაშრობის შემდეგ ჩურჩხელას ძვრება ძაფი და იფუთება სპეციალურ ვაკუუმში ტენიანობის მაღალი ბარიერით, რათა მისი ტექსტურა და უნიკალური არომატი შენარჩუნდეს რაც შეიძლება დიდხანს“, - აღნიშნულია „ნუგბარის“ საიტზე განთავსებულ ინფორმაციაში.
უახლესი
5 საათის წინ
ნოემბერში თურქეთში ინფლაცია 47%-მდე შემცირდა7 საათის წინ
Bitcoin-ის ღირებულება მკვეთრად დაეცა7 საათის წინ
ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გამყარდა