გიზიარებთ ბლოგს: ნიკო ფიროსმანის სახელი დღეს ყველა ქართველისთვის კარგად ნაცნობია და მისი ნამუშევრების უნიკალურობის შემჩნევაც არავის უჭირს. რეალურად კი, თვითნასწავლი გენიოსის შემოქმედება დიდი ხნის განმავლობაში შეუმჩნეველი რჩებოდა, როცა მისი ნიჭის მასშტაბებს დროისა და სივრცის გადალახვის პოტენციალი ჰქონდა. საბედნიეროდ, დიდებული მხატვრების ქმნილებები ადრე თუ გვიან ხელოვნებაში კუთვნილ ადგილს იკავებს და ასეთია ნიკო ფიროსმანის ისტორიაც, რომელიც ქართული მხატვრობის სიმბოლოდაც იქცა და საერთაშორისო აღიარებაც მოიპოვა.
ნიკო ფიროსმანაშვილი კახეთის სოფელ მირზაანში, გლეხების ოჯახში, დაიბადა. მშობლების გარდაცვალების შემდეგ ფიროსმანი საცხოვრებად თბილისში გადავიდა. მართალია, ფიროსმანს სპეციალური მხატვრული განათლება არასდროს მიუღია, თუმცა მხატვრობის მიმართ დიდ ინტერესს ავლენდა და ხშირად ხატავდა. თავდაპირველად ფიროსმანი სარეკლამო აბრების შეკვეთებს იღებდა, გარკვეული პერიოდი რკინიგზის გამცილებლადაც მუშაობდა, შემდეგ კი ვაჭრობაში სცადა ბედი. ძველი თბილისი, მედუქნეები, ხელოსნები — სწორედ ეს იყო ფიროსმანის ყოველდღიურობა, რის კვალსაც მხატვრის შემოქმედებაში ვხედავთ. მოგვიანებით, ფიროსმანი სწორედ მედუქნეებთან და მიკიტნებთან აფარებდა თავს, სანაცვლოდ კი, მათი შეკვეთით დუქნებისა და ფარდულების კედლებზე აბრებსა და შესაბამისი შინაარსის სიუჟეტებს ხატავდა. ასე იქმნებოდა დაუფასებელი გენიოსის შედევრები, რომლებიც მოგვიანებით აღმოაჩინეს, კედლის მხატვრობის ნაწილს კი ჩვენამდე აღარ მოუღწევია.
იმის მიუხედავად, რომ ფიროსმანის ნამუშევრების თემები, სიუჟეტები თუ პერსონაჟები განსხვავებული და მრავალფეროვანია, უნიკალური სტილის აღმოჩენა ყოველ ნახატშია შესაძლებელი. ფიროსმანის ნახატები დეტალების სრულყოფაზე არ ფოკუსირდება და არც ელემენტებით არის დატვირთული, არამედ თითოეული სიუჟეტის უკან მდგარ იდეას თუ პერსონაჟის შინაგან სამყაროს უსვამს ხაზს. ნამუშევრების მნახველებს კი ასეთი მინიმალიზმი აძლევს საშუალებას, რომ ყურადღება ემოციურ ან სიუჟეტურ მხარეზე გაამახვილონ.
“ფიროსმანის მხატვრული ხედვა და მისი გამოსახვის მანერა შუასაუკუნეების ქართული ფრესკებიდან და ხელნაწერების ილუსტრაციებიდან, საეკლესიო არქიტექტურიდან, ხალხური შემოქმედების ნიმუშებიდან და სხვა წყაროებიდან იღებს სათავეს. მან ყოველივე ამის გადამუშავება და თანამედროვედ გადააზრება შეძლო, სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი. მხატვარი ყველაფერს უკვირდებოდა, ითვისებდა და გადაიაზრებდა, ყველაფერს საკუთარი ხედვის პრიზმაში ატარებდა და ახალ მხატვრულ სახეებად აქცევდა. ფიროსმანი წარსულის დიდ ტრადიციას ეყრდნობოდა და ამასთან, მატარებლების და ფოტოგრაფიის ეპოქის მხატვარი იყო”, — ასე აფასებს ფიროსმანის უნიკალურ სტილს ხელოვნებათმცოდნე ქეთევან კინწურაშვილი.
ფიროსმანის ნამუშევრების თემატიკაში დიდ როლს სწორედ იმდროინდელი სოციალური გარემო თამაშობს. ფიროსმანის ნახატებში დიდი ადგილი უჭირავს ქეიფის სცენებს, რომლებიც ზოგჯერ პეიზაჟის ფონზეც არის გაშლილი. ამასთანავე, ფიროსმანის პერსონაჟების უმეტესობა ისეთი უბრალო ადამიანებია, როგორებიცაა “მეეზოვე”, “მეთევზე”, “შეშის გამყიდველი ბიჭი”, “ძიძა” და ა.შ. მხატვარს სოფლის ცხოვრებაც იზიდავდა და მის შემოქმედებაში ანიმალისტურ ჟანრს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, ნამუშევრებს შორის კი არის “ირემი”, “ჟირაფი”, “შავი ლომი” და სხვა. გარდა ამისა, ფიროსმანი ისტორიულ პიროვნებებსაც ხატავდა, როგორებიცაა “თამარ მეფე”, “ერეკლე მეორე”, “გიორგი სააკაძე” და ასე შემდეგ.
“ძირითადად ფიროსმანი ხატვადა იმას, რაც მის გარშემო იყო. ზოგ შემთხვევაში, ბევრი რამ შეიძლება ნანახიც არ ჰქონდა და მისთვის მხოლოდ ღია ბარათიდან ან ფოტოდან იყო ნაცნობი, მაგრამ ვისაც და რასაც ხატავდა, მის პერსონაჟად, მის გარემოდ, მისი ხედვის პროდუქტად იქცეოდა. ეს იმიტომ, რომ ფიროსმანს ჩამოყალიბებული ჰქონდა საკუთარი ხედვის შესატყვისი ორიგინალური მხატვრული სისტემა. მან შექმნა საკუთარი კოსმოსი — სამყარო, რომელსაც შეუცდომლად ამოიცნობთ. განსაკუთრებით სრულყოფილად მიმაჩნია მხატვრის ის ნამუშევრები, სადაც თითო ფიგურაა გამოსახული: მეთევზე, ჟირაფი, მეეზოვე, ორთაჭალის ტურფა და სხვა. აქ მისი კომპოზიციები ლაკონიური, შეკრული და დიდი შინაგანი მუხტის მატარებელია. ასეთ ნამუშევრებში ფიროსმანი მხატვრული ფორმის განსაკუთრებულ სრულყოფილებას აღწევს”, — აღნიშნა ქეთევან კინწურაშვილმა.
ფიროსმანის აღმოჩენასა და მის შესახებ ბიოგრაფიული ცნობების შეგროვებაში განსაკუთრებული წვლილი ილია და კირილ ზდანევიჩებს მიუძღვით. ილია ზდანევიჩი პირადად ფიროსმანისგან მოსმენილ ისტორიებს იწერდა, მალევე კი ფიროსმანის შემოქმედებით მხატვარი დიმიტრი შევარდნაძეც დაინტერესდა. ფიროსმანის ნამუშევრები 1918 წელს თბილისში, ქართველ მხატვართა პირველ დიდ გამოფენაზე, იყო წარმოდგენილი. 1920-იან წლებში ფიროსმანის შესახებ პერიოდულ პრესაში იწერებოდა და მისდამი მიძღვნილი კრებულიც გამოიცა.
ფიროსმანის ნამუშევრების პირველი მნიშვნელოვანი ჩვენება საბჭოთა კავშირის გარეთ 1969 წლის გაზაფხულზე პარიზში, ლუვრის სასახლეში მდებარე დეკორატიული ხელოვნების მუზეუმში, გამართა, რაც ქეთევან კინწურაშვილის შეფასებით, საბჭოთა პერიოდისთვის უპრეცედენტო მოვლენა იყო. 50 წლის შემდეგ, 2019 წელს, ფიროსმანის ნამუშევრები ვენაში, ალბერტინას მუზეუმში, გამოიფინა. გასულ წელს კი ფიროსმანის ნამუშევრები ბაზელში ისეთი მნიშვნელობის მუზეუმში იყო წარმოდგენილი, როგორიც ბაიელერის კოლექციის მუზეუმია.
“ჩემი აზრით, იგი იყო ერთადერთი მხატვარი, რომელმაც ნამდვილი ხალხური გადმოცემის სიცხოველით მოგვცა მთელი XIX საუკუნის ქართული ყოფა-ცხოვრება”, — წერს ფიროსმანის შესახებ დიმიტრი შევარდნაძე. კირილ ზდანევიჩს ფიროსმანისადმი მიძღვნილ წიგნში კი დავით კაკაბაძის შემდეგი სიტყვები მოჰყავს: “როდესაც მე პირველად ვნახე ნიკოს ნამუშევრები 1913 წელს, უკიდურესად განცვიფრებული დავრჩი ამ არაჩვეულებრივი მხატვრით, რომლის მსგავსიც მანამდე არაფერი მენახა. ოცნებად მექცა მუდამ გვერდით მქონოდა ნიკოს სურათები, მათში ამომეკითხა ფერწერის სიბრძნე, მესწავლა მისგან. მანამდე, მხატვრებიდან არავისთან შევხვედრივარ საქართველოს ისეთ განცდას, როგორიც ნიკოსთან ამოვიკითხე”.
ფიროსმანმა დიდი გავლენა მოახდინა ლადო გუდიაშვილზეც, რომელიც მხატვარს თავის ჩანაწერებში ასე იხსენებს: “მახსოვს, ერთხელ შევიყვანეთ მხატვართა საზოგადოების კრებაზე. პასუხს იძლეოდა მოკლედ, ლაპარაკობდა ცოტას, დაინტერესდა ორატორებით. ‘ჰოდა, რა გვინდა, ძმებო, იცით? — თქვა მან, — უსათუოდ საჭიროა ავაშენოთ დიდი ხის სახლი სადმე, ქალაქის შუაგულში, რომ ყველასათვის იყოს ახლოს. ავაშენოთ დიდი სახლი, რომ შევიყარნეთ ხოლმე, ვიყიდოთ დიდი სტოლი და სამოვარი, ვსვათ ჩაი, ბევრი ვსვათ და ვილაპარაკოთ მხატვრობაზე. თქვენ კი ეს არ გინდათ, თქვენ სულ სხვას ლაპარაკობთ'”. გარდა იმისა, რომ ფიროსმანის შემოქმედება და თავად პიროვნება ბევრი ქართველი მხატვრისთვის შთაგონების წყაროდ იქცა, ფიროსმანის შესახებ ბიოგრაფიული ფილმიც გადაიღეს და ასევე, მისდამი მიძღვნილი პიესები და მუსიკალური ნაწარმოებები დაიწერა.
“ფიროსმანმა ერთგვარი სიმბოლოს ხასიათი შეიძინა. მასში თითქოს თავმოყრილია ყველაფერი საუკეთესო, რაც ქართულ ხელოვნებასა და კულტურას ახასიათებს, რაღაც ძალიან ძირეული, ადგილობრივი, რაც ამავე დროს საყოველთაოა. ფიროსმანის ერთ-ერთი მახასიათებელი სიცხადეა. მაშინაც, როცა სურათი მრავალპლანიანია და მრავალფიგურიანი, ყოველი დეტალი იკითხება გარკვევით — როგორც ქართულ დამწერლობაში თითო ასო თითო ბგერას გამოხატავს. ეს არის მიწის და სივრცის, ჰორიზონტის და ცენტრის, სახლის შეგრძნება, როდესაც შენ იმ სამყაროს შუაგულში ექცევი, რომელიც გადახსნილია შენ თვალწინ და თავს “შინ” გრძნობ”, — დასძინა ქეთევან კინწურაშვილმა.
SOLO Talks-ის ფარგლებში, 3 ოქტომბერს ქეთევან კინწურაშვილი შეხვედრას გამართავს თემაზე “ფიროსმანი, ძმები ზდანევიჩები და ტფილისური ავანგარდი”. რამდენად თანამედროვე იყო ფიროსმანის მხატვრობა, რამდენად შეესატყვისებოდა მისი მხატვრული “ენა” თანადროულ ეპოქას, როგორ “აღმოაჩინეს” ის ძმებმა ზდანევიჩებმა, როგორ იცვლებოდა დამოკიდებულება ფიროსმანის მიმართ ათწლეულების განმავლობაში — შეხვედრაზე სწორედ ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე იქნება საუბარი. შეხვედრაზე დასწრება უფასოა, რეგისტრაციას კი ამ ბმულზე შეძლებთ.
უახლესი
2 საათის წინ
თბილისი ჰილს სამთო გარბენი2 საათის წინ
რაგბის ტური გენუასა და ნიცაში - TBC Concept21 საათის წინ
რა სიახლეებსა სთავაზობს Kvareli Lake Resort-ი ვიზიტორებს