ბაზრის ზრდას ინვესტიციების გააქტიურებაც მოჰყვება, თუმცა იმისათვის, რომ ჩვენ მეტი ინვესტიცია მოვიზიდოთ გვჭირდება SOLVENCY II სტანდარტის დანერგვა, რომელიც გამჭვირვალობისა და რეგულირების უმაღლესი სტანდარტია მსოფლიოში, - აცხადებს Business Insider Georgia-სთან სადაზღვევო კომპანია ალდაგის გენერალური დირექტორი გიორგი ბარათაშვილი. მისივე თქმით, დღეისათვის ინდუსტრია SOLVENCY I- ეტაპზეა.
„SOLVENCY II-ის დანერგვა კი სექტორის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, საქართველოში არ მოქმედებს დაზღვევის სავალდებულო სახეობები, რაც ევროპაში, აშშ-ში, აზიის ბევრ ქვეყანაში და პრაქტიკულად მთელს მსოფლიოში მრავალი წელია არსებობს. ერთ-ერთი წინაპირობა განვითარებისთვის, რომელსაც ჩვენ ველოდებით, არის მესამე პირის წინაშე მძღოლების პასუხისმგებლობის დაზღვევის ამოქმედება. კანონპროექტი უკვე დამუშავებულია მთავრობის მიერ და ჩვენ ველოდებით საკანონმდებლო დონეზე მის დამტკიცებას. ეს იქნება ერთ-ერთი ინდიკატორი იმისა, თუ რამდენად გაიზრდება საცალო ბაზარი უახლოეს წლებში. ამის შემდეგ ვფიქრობთ, რომ უფრო დაზღვევის სფეროში მეტი საერთაშორისო ინვესტორი შემოვა. ზოგადად ბაზრის ზრდა ამ ორ ფაქტორზეა დამოკიდებული - რეგულირების გამკაცრება, რომელშიც ვგულისხმობ SOLVENCY II-ის სტანდარტზე გადასვლას და მეორე, დაზღვევის სავალდებულო კატეგორიის შემოღება, ანუ მესამე პირთა წინაშე პასუხისმგებლობის დაზღვევის კანონის მიღება.
სადაზღვევო ინდუსტრია წელს გადავიდა დაბეგვრის ე.წ. ესტონურ მოდელზე, რაც დიდი ხელშეწყობა იყო ინდუსტრიისთვის და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ სადაზღვევო სექტორი დაბეგვრის ამ რეჟიმში მოექცა“, - აცხადებს სადაზღვევო კომპანია ალდაგის გენერალური დირექტორი.
გიორგი ბარათაშვილი დარწმუნებულია, რომ როგორც კი ბაზარი განვითარებას დაიწყებს და SOLVENCY II-ი დაინერგება, ამას მოჰყვება კომპანიების კონსოლიდირება და „მივიღებთ ძლიერ ფინანსურ ინსტიტუტებს დაზღვევის სფეროში“.
უახლესი