დამატებულია კალათაში მარაგში არ არი საკმარისი რაოდენობა დამატებულია სურვილების სიაში უკვე დამატებულია სურვილების სიაში
რატომ შეიცვალა საქართველოს საინვესტიციო პორტფელი - ლაშა ქავთარაძის განმარტება

რატომ შეიცვალა საქართველოს საინვესტიციო პორტფელი - ლაშა ქავთარაძის განმარტება

2023-06-11 23:59:34

გალტ & თაგარტის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე Business Insider Georgia-თან საქართველოში 2023 წლის პირველ კვარტალში დაახლოებით $500 მილიონი პირდაპირი ინვესტიციის შემოსვლის ფაქტს დადებითად აფასებს.  

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები უნდა გავზომოთ ეკონომიკასთან მიმართებით. პირველ კვარტალში ჩვენი შეფასებით მშპ-სთან მიმართებით უცხოური ინვესტიციების წილი 8%-ია.

 

  • რაც შეეხება სექტორულ გადანაწილებას FDI-ის კუთხით პორტფელი შეიცვალა. ეს რას უკავშირდება? 

 

2023 წლის პირველ კვარტალში ინვესტიციების კუთხით, პირველ ადგილზეა მრეწველობის სექტორი. შემდეგ მოდის ვაჭრობა, ტრანსპორტი და  დასაწყობება, ინფორმაცია და კომუნიკაციები და ა.შ.

იმის შემდეგ რაც გამოიკვეთა, რომ კარგო მიმართულებები შეიცვალა და  საქართველო მიმზიდველი გამტარი გახდა, გაჩნდა მოლოდინი, რომ ტრანსპორტისა და დასაწყობების კუთხით ქვეყნაში ინვესტიციები გაიზრდებოდა. ამ მიმართულებით ინვესტიცია 43,3 მილიონია, რაც გასული წლის პირველ კვარტალთან შედარებით გაორმაგებული მაჩვენებელია.

ის რომ მრეწველობაში გვაქვს ინვესტიციების მაღალი მოცულობა, ეს ძირითადად რუსთავის აზოტის გაყიდვას უკავშირდება და ჰოლანდიური Indorama უმსხვილეს ინვესტორთა რეიტინგში მოხვდა, პრაქტიკულად ეს რეზიდენტის ცვალებაა.

 

  • რას უკავშირდება ვაჭრობის სექტორის დაწინაურება და საფინანსო და სადაზღვევო სექტორებში ინვესტიციების შემცირება? 

 

ვაჭრობაში ინვესტიციების წილის ზრდა განაპირობა იმან, რომ ფაქტობრივად ტურიზმი აღდგენილია და 2019 წლის მაჩვენებლებს გადავასწარით. ასევე მოსალოდნელი იყო, რომ ვაჭრობის მიმართულებით ინვესტიციები გაიზრდებოდა. ინფორმაცია და კომუნიკაცია მნიშვნელოვანი დარგია საქართველოს ეკონომიკური ზრდისთვის. მთლიანობაში რომ შევხედოთ, 2023 წლის პირველ კვარტალში სააქციო კაპიტალის წილი მთლიან ინვესტიციებში მნიშვნელოვნადაა გაზრდილი და  2019 წლის მესამე კვარტლის შემდეგ ასეთი მაღალი წილი, სააქციო კაპიტალს , მთლიანი ინვესტიციების ფორმირებაში ფაქტობრივად არ ჰქონია.

უახლოეს პერიოდში გამოკვეთილი იყო რეინვესტირების წილის ზრდა, ხოლო 2023 წლის პირველ კვარტალში რეინვესტირების წილი შემცირებულია და მხოლოდ 38,2 % -ს შეადგენს.

საფინანსო სექტორი კვლავ მიმზიდველია ინვესტორებითვის და ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი წარმმართველი კოდია.

2021-2022 წლებში საქართველოს ეკონომიკა 10%-ზე მეტით გაიზარდა. ახლაც პროგნოზირებულზე მაღალი ზრდაა მოსალოდნელი. ეს ნიშნავს, რომ გაიზარდა კომპანიების მოგებები, შესაბამისად ისინი უფრო მეტ დივიდენდს გასცემენ და პირველ კვარტალში გვაქვს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება. ეს უნდა დავუკავშიროთ დივიდენდების გაცემას. რაც შეეხება რეინვესტირებას, როდესაც კომპანია დივიდენდს გასცემს, ავტომატურად რეინვესტირების წილი დიდია.

წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2023 წლის I კვარტალში 496.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის I კვარტლის წინასწარ მონაცემებზე 13.7 პროცენტით ნაკლებია, ხოლო 2022 წლის IV კვარტლის მონაცემებს 53.3 პროცენტით აღემატება.

ქვეყნების მიხედვით FDI : 

  •  ნიდერლანდები - 239.6 მილიონი დოლარი;
  •  იაპონია - 63.2 მილიონი დოლარი;
  •  აშშ - 54.7 მილიონი დოლარი;
  •  თურქეთი - 47.0 მილიონი დოლარი;
  •  რუსეთი - 28.2 მილიონი დოლარი;
  •  მარშალის კ-ები - 23.7 მილიონი დოლარი;
  • ყაზახეთი - 20.0 მილიონი დოლარი;
  • ჩინეთი - 19.9 მილიონი დოლარი;
  • დანია - 11.1 მილიონი დოლარი;
  •  შვეიცარია - 10.3 მილიონი დოლარი.

2023 წლის I კვარტალში სააქციო კაპიტალი, წინა წლის შესაბამისი პერიოდის მონაცემებთან შედარებით 17.0 პროცენტით გაიზარდა და 300.2 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 60.5 პროცენტია. რეინვესტიციამ 189.6 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო მისი წილი 38.2 პროცენტით განისაზღვრა.

2023 წლის I კვარტალში ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში განხორციელდა და 226.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 45.6 პროცენტია. მეორე ადგილს იკავებს ვაჭრობის სექტორი - 90.7 მლნ. აშშ დოლარით (18.3 პროცენტი), ხოლო მესამეზე იმყოფება ტრანსპორტის სექტორი 43.3 მლნ. აშშ დოლარით (8.7 პროცენტი).

ავტორი:

ნინო ნატროშვილი
ავტორის ყველა სიახლე

უახლესი

55 წუთის წინ

მოსაზრება


მსგავსი სიახლეები